საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

შეხვედრა კომპანია Dafang International Group-ის პრეზიდენტთან ამოსაბეჭდი ვერსია

2017-06-27

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჩინური კომპანიის - Dafang International Group-ის პრეზიდენტს, ლუ იუჰანგს შეხვდა. საუბარი შეეხო ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობების საკითხებს და საინვესტიციო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მნიშვნელობას, რაც მხარეთა შეფასებით, იძლევა დიდ შესაძლებლობას საქართველოსა ჩინეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებისთვის.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჩინური კომპანიის წარმომადგენლებს საქართველოში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემო და საინვესტიციო პოტენციალი გააცნო.

მხარეებმა განიხილეს ინფრასტრუქტურული პროექტები. ყურადღება გამახვილდა საქართველოში საჯარო და კერძო თანამშრომლობის (PPP) ფორმატში პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე. კომპანიის წარმომადგენლების მხრიდან გამოითქვა დაინტერესება თბილისსა და ქუთაისში ლოგისტიკური ცენტრების განვითარების პროექტით.

კომპანია Dafang International Group-ის სათავო ოფისი მდებარეობს ჰონგ-კონგში. კომპანია აქტიურად საქმიანობს ჩინეთის ბაზარზე და სახელმწიფოსთან ერთად, ჩართულია სხვადასხვა რეგიონში მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში საჯარო და კერძო თანამშრომლობის (PPP) ფორმატში.


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური