საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა მუსლიმებს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-09-01

საქართველოში მცხოვრებ ყველა მუსლიმანს, გულითადად გილოცავთ ყურბან-ბაირამის ბრწყინვალე დღესასწაულს.

ყურბან-ბაირამი ისლამური სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ძვირფასი დღესასწაულია. ეს არის მშვიდობის, იმედის, თანადგომის, ადამიანზე ზრუნვის და ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების დღესასწაული.
საქართველოში ოდითგანვე ერთმანეთის გვერდიგვერდ ჰარმონიულად ცხოვრობდნენ სხვადასხვა ეროვნებისა და აღმსარებლობის ადამიანები. მრავალეროვნულობა და მრავალრელიგიურობა ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე და მონაპოვარია.

სახელმწიფო ზრუნავს იმისთვის, რომ ყველა მოქალაქეს ჰქონდეს საკუთარი მრწამსის თავისუფლება.

აღსანიშნავია ქართველი მუსლიმანების როლი ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობის საქმეში, არაერთი პატრიოტი და ჩვენი სამშობლოსათვის თავდადებული მუსლიმანის სახელი შემოინახა ისტორიის ფურცლებმა. დღესაც, ჩვენი მუსლიმანი თანამოქალაქეები დგანან ქვეყნის სადარაჯოზე და საკუთარი წვლილი შეაქვთ ძლიერი, განვითარებული საქართველოს შენებაში.

მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ყურბან-ბაირამი და გისურვოთ მშვიდობა და კეთილდღეობა ჩვენი საერთო სამშობლოს სასიკეთოდ.


გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი