საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

უკრაინის დამოუკიდებლობის და საქართველო-უკრაინას შორის, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი მიღება ამოსაბეჭდი ვერსია

2017-09-05

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის სიტყვით გამოსვლა, უკრაინის დამოუკიდებლობის და საქართველო-უკრაინას შორის, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებაზე:

,,ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან ერთად დღეს უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა. 25-ზე მეტი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინამ, საბჭოთა კავშირისგან, დამოუკიდებლობა მოიპოვა. მას შემდეგ უკრაინელთა არაერთი თაობა იბრძოდა დამოუკიდებელი ევროპული სახელმწიფოს აშენებისთვის. როგორც ცნობილია, თავისუფლება და დემოკრატია არ არის თავისთავადი მოცემულობა - ის ბრძოლით უნდა მოვიპოვოთ.
ქართველებსა და უკრაინელებს ყოველთვის, საუკუნეების მანძილზე, აკავშირებდათ ღრმა კულტურული ურთიერთობები და ინტერესები. ბევრი მოაზროვნე, მაგალითად, დავით გურამიშვილი და ლესია უკრაინკა, რომელთაც უნდა ვუმადლოდეთ ჩვენი საერთო კულტურული ტრადიციების შექმნას, დღენიადაგ ოცნებობდნენ თავისუფალ უკრაინასა და საქართველოზე. დღეს ჩვენი ურთიერთობები ემყარება საერთო ისტორიისა და ღირებულებების, ურთიერთპატივისცემასა და ნდობას და, რაც მთავარია დამოუკიდებლობისა და უკეთესი მომავლისთვის ბრძოლის ურყევ საფუძველს.


წელს ჩვენ აღვნიშნავთ დამოუკიდებელ უკრაინასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25-ე წლისთავს. სიხარულით აღვნიშნავ, რომ ეს იუბილე ემთხვევა კიდევ ერთ მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენას. ლაპარაკია ჩვენი ურთიერთობების სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე აყვანაზე. უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ვიზიტი, რომელიც სულ ახლახან ესტუმრა ჩვენს ქვეყანას, ადასტურებს იმ ფაქტს, რომ საქართველო და უკრაინა ერთად უზრუნველყოფენ საფუძველს ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურებისა და გაღრმავებისათვის. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ყველა სფეროში, იქნება ეს ბიზნესი, პოლიტიკა, კულტურა, უსაფრთხოება და ყველა დონეზე ვახორციელებთ გაცვლას, რათა კიდევ უფრო განვამტკიცოთ ჩვენ შორის არსებული კავშირები.


ძვირფასო მეგობრებო,
დღეს საქართველოსა და უკრაინისთვის დამოუკიდებლობისკენ მიმავალი გზა გრძელია, რთული და ხშირად მტკივნეული. ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია ძირს უთხრის სტრატეგიულ ბალანსს აღმოსავლეთ ევროპაში და ემუქრება უსაფრთხოებასა და სტაბილურობას მთელ შავი ზღვის რეგიონში.


მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ, რომ საერთაშორისო საზოგადოების აქტიური ჩართულობითა და მტკიცე მხარდაჭერით ჩვენ მივაღწევთ მშვიდობიანი გზით ჩვენი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. მანამდე კი, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების ხელმოწერით, ასევე უვიზო რეჟიმის შემოღებით, როგორც უკრაინამ, ისე საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ევროკავშირთან დაახლოების გზაზე. ამ გზაზე არსებული ბევრი დაბრკოლების მიუხედავად, ჩვენმა ქვეყნებმა გამოამჟღავნეს უდიდესი მიზანმიმართულება ევროპული და ევრო-ატლანტიკური ოჯახის წევრობისთვის ბრძოლაში, და ჩვენი გადაწყვეტილება ამ მხრივ შეუქცევადია.


1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველო და უკრაინა ერთად ებრძვიან, დამოუკიდებელი და თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე, არსებულ გამოწვევებსა და სირთულეებს. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ წარმატება მიიღწევა მხოლოდ რეფორმების გატარების და ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფის გზით და ამ პროცესში ევროპული ღირებულებებისა და დემოკრატიული სტანდარტებისადმი ერთგულების წყალობით.
ჩვენ კარგად გვესმის, რომ წინ კიდევ ბევრი გამოწვევა გველის, მაგრამ ასევე გვჯერა, რომ შეგვწევს ძალა, გავუმკლავდეთ ამ გამოწვევებს.

ვულოცავ უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს!
გმადლობთ.