საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი მაკკეინის ინსტიტუტისა და EPRC-ის საერთაშორისო კონფერენციაზე ამოსაბეჭდი ვერსია

2017-09-12

  2   3

პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობა მიიღო მაკკეინის ინსტიტუტისა და EPRC-ის საერთაშორისო კონფერენციაში - "A World in Flux: The Future of Democracy, Europe and the Middle East"

კურტ უოკერი - ბატონო პრემიერ-მინისტრო, გთხოვთ, შემოგვიერთდით. თქვენი აქ ყოფნა ჩვენთვის დიდი პატივია. თქვენი გადატვირთული დღის წესრიგის შესახებ ვიცით. მსურს, კითხვით მოგმართოთ თქვენ, როგორც მთავრობის მეთაურს - საქართველოს განვითარების, ეკონომიკისა და დემოკრატიის დონის, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესების, რუსეთთან დაკავშირებული გამოწვევების გათვალისწინებით, რა არის თქვენი პრიორიტეტები, როგორ აყალიბებთ მათ? რა საკითხებს მოიცავს თქვენი გასაკეთებელ საქმეთა სია?

გიორგი კვირიკაშვილი - დიდი მადლობა, კურტ. ჩემთვის აქ ყოფნა ძალიან სასიამოვნოა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჯონ მაკკეინის ინსტიტუტსა და EPRC-ს ამ ღონისძიების ორგანიზებისთვის. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამ ტრადიციული ფორუმის სპონსორებს. მინდა აღვნიშნო, რაოდენ მოხარული ვარ აქ ყოფნითა და საქართველოს მეგობრების ხილვით, რომელთა ნაწილი აქ საკმაო ხნით დაბრუნდა. მოგვეცა შესანიშნავი შესაძლებლობა, განვიხილოთ ჩვენი ამჟამინდელი მდგომარეობა, პრიორიტეტები. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ კითხვისთვის. თავისთავად, ჩვენი დღის წესრიგი მრავალ პრიორიტეტს მოიცავს, თუმცა პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს პრიორიტეტს წარმოადგენს ევროკავშირსა და ნატოსთან მიმართებაში არა მარტო თანმიმდევრულობის შენარჩუნება, არამედ ამ პროცესში მაღალი ტემპის მიღწევაც. მაღალი სიჩქარის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია რიგი რეფორმების გატარება, იგულისხმება პოლიტიკური, კონსტიტუციური რეფორმები; უფრო დემოკრატიული საარჩევნო კანონმდებლობის მიღება; თავისთავად, ჩვენი ოთხპუნქტიანი რეფორმების დღის წესრიგის იმპლემენტაცია. აღნიშნული გეგმა ეხება საგანმანათლებლო სისტემას, ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარებას, ინკლუზიური და ღია მმართველობის სისტემის დანერგვას, ქვეყნის სივრცით მოწყობასა და ყველა ამ კომპონენტის პრიორიტეტულობა უზრუნველყოფს ევროკავშირისა და ნატოსკენ მიმავალ გზაზე საქართველოს სწრაფ ტემპს, ქვეყნის სწრაფ ტრანსფორმაციასა და ჭეშმარიტად დასავლური დემოკრატიის შექმნას, გამოწვევებით სავსე სამეზობლოში.

კურტ უოკერი - როგორ აფასებთ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს? საქართველომ დიდი გზა განვლო, თუმცა წინაც ბევრი რამ ელის. როგორ შეაფასებთ საქართველოს ამჟამინდელ მდგომარეობას დემოკრატიული ღირებულებების რეალიზაციის, ინსტიტუტების განვითარების კუთხით და ა.შ.?

გიორგი კვირიკაშვილი - მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ. გასული ხუთი წლის მანძილზე განხორციელებულ მიღწევებზე დაყრდნობით, ვთვლი, რომ, პირველ რიგში, ვითარება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით; მოვახდინეთ აღნიშნული მიმართულების ინსტიტუციონალიზაცია, რაც სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებშიც არის ასახული. გარდა ამისა, დღეს ჩვენი სასამართლო სისტემა, ხუთი წლის წინანდელ მდგომარეობასთან შედარებით, გაცილებით გაუმჯობესდა; ორი წლის წინანდელ მონაცემებთან შედარებით, როცა საქართველოში უკრაინაში არსებული მდგომარეობით (რუსეთის უკრაინაში შეჭრით) გამოწვეული კრიზისი იყო, ეკონომიკური ზრდა გაცილებით უფრო დინამიკური და ინკლუზიური გახდა. გარდა ამისა, მოვიპოვეთ ასოცირების შესახებ შეთანხმება, შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ევროკავშირთან, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია, რაც ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა იყო. გასათვალისწინებელია რეგიონის მასშტაბით ეკონომიკური ზრდის ყველაზე სწრაფი ტემპიც. ეს საკმაოდ კარგ შედეგად მიმაჩნია. სხვათა შორის, თან მაქვს საერთაშორისო რეიტინგები, რომლებშიც საქართველოს პოზიციებია ასახული. მინდა ის თქვენ გადმოგცეთ. თუ გადახედავთ, აღმოაჩენთ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებს, მათ შორისაა Heritage Foundation-ის, Frasier Institute-ის მონაცემები. მინდა ორიოდე წუთი დავუთმო ამ საკითხს და აღვნიშნო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი, რომლის თანახმადაც მეორმოცედან მეხუთე ადგილზე გადმოვინაცვლეთ; ადგილობრივი კონკურენციის ინტენსივობის თვალსაზრისით, აღსანიშნავია, რომ ჩვენ ბაზარი გავუხსენით რამდენიმე დამატებით ინდუსტრიას, რამაც კონკურენცია უნდა წაახალისოს. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის შეფასებით, 128-ე ადგილიდან 78-ე პოზიციაზე გადმოვინაცვლეთ. ეს დიდი მიღწევაა, რადგან აღნიშნული საკითხი წინა ადმინისტრაციისათვის ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენდა.
გარდა ამისა, აღსანიშნავია საგადასახადო სისტემის ცვლილება, რამაც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის რეიტინგში დაწინაურების საშუალება მოგვცა; გარდა ამისა, აღსანიშნავია წინსვლა არასატარიფო ბარიერების შემცირების კუთხით; თუმცა, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევას საკუთრების უფლების დაცვის სექტორი წარმოადგენს - ჩვენ 130-ე ადგილიდან ორმოცდაათეულში გადმოვინაცვლეთ. ეს მნიშვნელოვანი ნახტომი იყო.

კურტ უოკერი - მახსენდება ერთი ხუმრობა, რომელიც ამერიკელ კომედიანტს, გრაუნჩო მარკს ეკუთვნის. ის ამბობდა: „არ მინდა ვეკუთვნოდე არც ერთ კლუბს, რომელიც თანახმა იქნება, თავის წევრად მიმიღოს". თუმცა, ეს მართლაც შესანიშნავი მონაცემებია საქართველოსათვის.
გიორგი კვირიკაშვილი - გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ აღნიშვნის ღირსია საკითხი, რომელიც ძალიან დიდ დავას იწვევს - ვგულისხმობ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას, რაც დღეს დიდი დავის საგანია. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაცემებით, 2012 წელს 121-ე პოზიციაზე ვიყავით, ჩვენი პოზიცია 28 პუნქტით გაუმჯობესდა და ამჟამად 73-ე ადგილზე ვართ.
გარდა ამისა, აღსანიშნავია მედიის თავისუფლების დონე, რომელიც დემოკრატიის დონეს ზომავს. „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"-ს მონაცემებით, სულ რაღაც 5 წლის წინ 91-ე ადგილზე ვიყავით, ახლა კი 64-ე ადგილზე ვართ. ამჟამად, ამ მონაცემებით სრულიად კმაყოფილები რა თქმა უნდა არ ვართ, თუმცა ეს ნიშნავს, რომ საქართველო პროგრესირებს.

კურტ უოკერი - ძალიან მოხარული ვარ, რომ ვხედავ, რაოდენ დიდ ყურადღებას უთმობთ ამ შეფასებებს და ახდენთ პროცესის მონიტორინგს. ნება მომეცით, ყურადღება გავამახვილო მედიის თავისუფლების საკითხზე, რადგან ბოლოს სწორედ ეს მიმართულება ახსენეთ. ამ საკითხის ირგვლივ არ წყდება დებატები საქართველოში. ვგულისხმობ მედიასაშუალებების საკუთრებაზე წვდომას, მედიაპლურალიზმს, მათ შორის, ერთ-ერთი სატელევიზიო არხის საკუთრების საკითხს. რა მიმართულებით ვითარდება პროცესი და როგორ წარმოგიდგენიათ ეს?
გიორგი კვირიკაშვილი - პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ აუცილებლად უნდა შედარდეს ის, თუ რა გვაქვს ახლა და რა გვქონდა წარსულში. 5 წლის წინ გვქონდა 3 სატელევიზიო არხი, რომელიც მთელ ქვეყანას ფარავდა და ერთ - ცენტრალური ხელისუფლების მიერ სრულად კონტროლირებად ნარატივს იმეორებდა. ამჟამად, ჩვენ ორჯერ, სამჯერ მეტი - ჩვენი მონაცემებით, 13 არხი გვაქვს, რომელიც მთელს საქართველოს ფარავს. გარდა ამისა, მოქმედებს 60-ზე მეტი ადგილობრივი არხი. 5 წლის წინანდელ მდგომარეობასთან შედარებით, ეს უდიდესი ნახტომია. გარდა ამისა, ავამოქმედეთ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროექტი, გვაქვს სიხშირეების დიდი რაოდენობა; გარდა ამისა, გავმართეთ და დავაჩქარეთ ახალი არხებისათვის ავტორიზაციის მინიჭების პროცესი. მაუწყებლობის ნებართვის მისაღებად სულ რაღაც 10 კალენდარული დღეა საჭირო. პროცესი ძალიან მოწესრიგებულია.
რაც შეეხება „რუსთავი 2"-ს, როგორც მოგეხსენებათ, ყველასთვის შესამჩნევია, რომ ადგილი არ აქვს ინტერვენციას არხის საქმიანობის კუთხით; სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რასაც, რა თქმა უნდა, ყველა ვცემთ პატივს; შემდეგ მივიღეთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც, ჩვენი აზრით, ასევე პატივსაცემია, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მას არ ვეთანხმებით. არხი დღეს ფუნქციონირებს, მიუხედავად იმისა, რომ მას საკმაოდ დიდი დავალიანება აქვს ბიუჯეტის წინაშე. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, მუშაობის გაგრძელების საშუალება მიგვეცა არხისთვის მისი ანგარიშების დაყადაღების გარეშე. ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, რათა გვეჩვენებინა ხელისუფლების ნება, არ ჩაერიოს თავისუფალ მედიაგარემოში.

კურტ უოკერი - დიდი მადლობა ამისათვის. მეორე საკითხი, რომლის შესახებაც უცხოელი ინვესტორებისაგან მსმენია, საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოს შეეხება. კერძოდ, ისინი გამოთქვამენ წუხილს მათი აზრით, სასამართლო სისტემაში სამართლიანი თუ უსამართლო მდგომარეობისა და იმ შესაძლებლობების შესახებ, რომლებიც მათ, როგორც საერთაშორისო ინვესტორებს, წარმატებული საქმიანობის კუთხით აქვთ. თქვენ ხაზი გაუსვით გამჭვირვალობასა და არსებულ გარემოს, თუმცა, გთხოვთ, გვესაუბროთ, თქვენ როგორ აფასებთ არსებულ ბიზნესკლიმატს და სასამართლოს დამოუკიდებლობასა და სამართლიანობას, საერთაშორისო ინვესტიციების მოწესრიგების კუთხით.
გიორგი კვირიკაშვილი - პირველ რიგში, არასდროს მითქვამს, რომ მივაღწიეთ დონეს, რომლითაც შეგვიძლია, აბსოლუტურად კმაყოფილები ვიყოთ. რა თქმა უნდა, ჩვენს წინ დიდი გზაა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ჩვენმა ადმინისტრაციამ, პარტნიორების და პირველ რიგში, აშშ-სა და ევროკავშირის დახმარებით, სასამართლო სისტემის რეფორმის სამი ტალღა განახორციელა. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო გაცილებით უფრო დამოუკიდებელია; შემიძლია ვთქვა, რომ მოსამართლეთა თანამდებობაზე გამწესების პრინციპი აბსოლუტურად განსხვავდება ადრე არსებულისაგან; გარდა ამისა, ამჟამად ვახდენთ საკანონმდებლო რეფორმების მესამე ტალღის იმპლემენტაციას, რაც სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და პროფესიონალიზმის დონეს კიდევ უფრო გაზრდის. სულ ახლახან, ინვესტორთა საბჭოს ფარგლებში, სადაც წარმოდგენილია ყველა მნიშვნელოვანი ფინანსური ინსტიტუტი, მათ შორის, EBRD, მთავრობის ეკონომიკური ბლოკის მინისტრები, ადგილობრივი ბიზნესასოციაციების ლიდერები, ჩვენ წარმოვადგინეთ ინიციატივა. მის თანახმად, უნდა შეიქმნას კომერციული პალატები, რომელთა ფარგლებში დატრენინგდებიან მოსამართლეები, რათა განიხილონ საერთო სასამართლოებში არსებული შესაბამისი კომერციული საქმეები; გაიზრდება მოსამართლეთა კვალიფიკაცია ბიზნესთან დაკავშირებული საქმეების განსახილველად, რაც დრამატულად შეცვლის სურათს. არ ვამბობ, რომ ჩვენი სასამართლო სისტემა იდეალურია, გაუმჯობესებას მოითხოვს ძალიან ბევრი საკითხი, თუმცა, ვვითარდებით იმ მდგომარეობიდან, რომელიც ხუთი წლის წინ მემკვიდრეობის სახით გვერგო. იმ პერიოდში ჩვენ წინააღმდეგ, ყოველწლიურად 350-ზე მეტი საქმე სტრასბურგის სასამართლოში იგზავნებოდა, დღეს ეს ციფრი 70-ზე ნაკლებია, რაც ნორვეგიის მსგავსი შედეგია. არ მინდა ვთქვა, რომ ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ნორვეგიის დონეს მივაღწიეთ, მაგრამ ტენდენცია მკვეთრად პოზიტიურია. გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ ამ ტენდენციის გაგრძელება თანმიმდევრული გზით ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენი კითხვა ბიზნესკლიმატს შეეხებოდა, რაც, ისევ და ისევ, ბევრ კომპონენტს მოიცავს. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაცემებით, ჩვენ მეასე ადგილზე ქვემოთ ვიყავით, ახლა კი, თუ არ ვცდები, მსოფლიოს მასშტაბით 44-ე პოზიციაზე ვართ. ეს რადიკალური ცვლილებაა. ეს ბიზნესის წარმოების სიმარტივეს შეეხება - მინდა აღვნიშნო, რომ ამ კუთხით, ჩვენი პოზიციები, ძირითადად, წინა ადმინისტრაციის დროს გაუმჯობესდა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მათ მიღწევებს ვაფასებთ, თუმცა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მაკროეკონომიკური გარემოს მაჩვენებლებით, ხუთი წლის წინ ჩვენ ვიყავით 137-ე ადგილზე. დღეს კი ვართ მე-40 ადგილზე, ანუ 97 ადგილით გავაუმჯობესეთ ჩვენი პოზიცია. ეს კი ცხადყოფს, რომ მთლიანობაში ქვეყანაში გაუმჯობესებაა. შეუძლებელია ყველაფრის შეცვლა ერთ დღეში. როგორც ჩვენ უკვე ვახსენეთ მრავალფეროვნების მიზანშეწონილობის შესახებ დისკუსიაში, მე მტკიცედ ვემხრობი იმ აზრს, რომ მრავალფეროვნება აუცილებელია. იდენტობის მიღება არის ნათელი დემონსტრირება იმისა, თუ რა მიმართულებით უნდა განვითარდეს საქართველო. მეორეს მხრივ, პოლიტიკოსებმა თვალი უნდა გაუსწორონ საზოგადოებაში დღეს არსებულ წარმოდგენებს. ასე რომ, ყველაფერს ერთდროულად ვერ შევერკინებით. ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვენი საზოგადოების გვერდით და ვიმუშაოთ მისი წინსვლის გზებზე.
ასე რომ, დიდი პატივისცემის მიუხედავად, ვერ დავეთანხმები ბატონი პრეზიდენტის ზოგიერთ შეფასებას კონსტიტუციურ პროცესებთან დაკავშირებით.
ნება მომეცით, ამ საკითხს შევეხო, რადგანაც ის ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენს დღის წესრიგში.
ჩვენი საზოგადოება ითხოვს კიდევ უფრო მაღალი ხარისხის დემოკრატიას და ამ მოთხოვნას მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ" უპასუხა, მოამზადა რა კონსტიტუცია საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში დისკუსიების ინკლუზიური პროცესის შედეგად. კონსტიტუციის პროექტი, რომელიც ორი მოსმენით იყო მიღებული, არის კომპრომისების შედეგი. ის შეიძლება იდეალური არ იყოს, შესაძლოა, ყველას მოწონება ვერ დაიმსახუროს, მაგრამ ის არის კომპრომისების შედეგად მიღებული. მე შემიძლია დაგისახელოთ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი კონსტიტუციიდან.
მაგალითად, ძლიერი პარლამენტი. ჩვენ მივიწევთ საპარლამენტო რესპუბლიკის სისტემისკენ. ამის გაცნობიერება ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, ეს საკითხებია: ეფექტიანი მმართველობა, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, უპარტიო პრეზიდენტი. ყოველივე ეს ჩადებულია ახალ კონსტიტუციაში.
ჩვენ წავედით რამდენიმე სახის დათმობაზე. ყველაზე დიდი კომპრომისი ეხება პარლამენტის პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. ეს არ იყო მარტივი გადაწყვეტილება. გვქონდა ძალიან ხანგრძლივი დისკუსიები, როგორც საზოგადოებასთან, ისე უმრავლესობის ფარგლებში. სხვათა შორის, ჩვენი უმრავლესობა შედგება ხუთი სხვადასხვა პარტიისგან, ანუ არ არის მხოლოდ ერთი პარტია - „ქართული ოცნება".
კიდევ ერთი კომპრომისი: 2020 წლის არჩევნებისთვის შევამცირეთ ხუთპროცენტიანი ბარიერი. გარდა ამისა, დავთანხმდით პირდაპირი წესით კიდევ ერთი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებაზე ექვსი წლით, რათა შემდეგ შემოვიღოთ პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა და, ამავე დროს, გადავიდეთ პროპორციულ საპარლამენტო სისტემაზე.
კიდევ ერთი კომპრომისი: ე.წ. ბონუსების სისტემის შეცვლა, რათა პარლამენტში მანდატების მაქსიმალური რაოდენობა შემოიფარგლოს 89 ადგილით. გარდა ამისა, თუ მმართველო პარტია ვერ მიიღებს 76 მანდატს, ჩვენ არ მოგვენიჭება ე.წ. ბონუსები. თავად ბონუსი კი შემოიფარგლება იმ ხმების 35 პროცენტით, რომლებსაც ჩვენ მივიღებთ.
ეფექტიანი მმართველობა: არც ეს იყო იოლი გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრისთვის, რომ დათანხმებულიყო პრემიერ-მინისტრისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურების ოპტიმიზაციასა და გამარტივებაზე. დღეს, ახალი კონსტიტუციის თანახმად, პრემიერ-მინისტრის გადაყენება ძალიან მარტივი პროცესია - და მე დავთანხმდი ამას. ახალი კონსტიტუციის მიღებამდე ეს თითქმის შეუძლებელია, რადგანაც ამ თანამდებობას ამზადებდნენ ყოფილი პრეზიდენტისთვის, რომელიც სწორედ ამ პოზიციის დაკავებას გეგმავდა. ეფექტიანი მმართველობა ასევე გულისხმობს პარლამენტის წინაშე მთავრობის ანგარიშვალდებულების ბევრად უფრო მაღალ ხარისხს. ესეც გათვალისწინებულია ახალ კონსტიტუციაში.
დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა: 13 მოსამართლის ნაცვლად, დღეს ჩვენ გვყავს 28, ხოლო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა სრულიად განსხვავებულია ისევე, როგორც გადაწყვეტილების მიღების პროცესი. უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია, წარადგინოს მოსამართლეები, რაც ასევე მნიშვნელოვანი ცვლილებაა.
ორიოდე სიტყვით ადამიანის უფლებათა და, ზოგადად, მრავალფეროვნების მხარდაჭერის შესახებ: ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება, გენდერული თანასწორობა, შეზღუდული შესაძლებლობების პირთა უფლებები, საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა, ინტერნეტის ხელმისაწვდომობა, მეწარმეობის თავისუფლება და ეფექტიანი მმართველობა - ყოველივე ეს გათვალისწინებულია კონსტიტუციაში.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გარდამავალ დებულებებში ჩვენ დავამატეთ ევროატლანტიკური მისწრაფებები, როგორც ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარი მიმართულება.
ვიმეორებ, კონსტიტუცია, რომელსაც ჩვენ მივიღებთ, შეიძლება ოპოზიციისთვის მისაღები არ იყოს, მაგრამ შევხედოთ ოპოზიციას: ცალკეული პიროვნებებისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, მათი პოლიტიკური დღის წესრიგი გულისხმობს ამ მთავრობის მიერ წამოყენებული ყველა შეთავაზებისთვის წინააღმდეგობის გაწევას. ეს არის ის სავალალო რეალობა, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ იძულებულნი ვართ, თვალი გავუსწოროთ ამ სავალალო რეალობას, და გვჭირდება ამ კონსტიტუციის მუდმივი მხარდაჭერა/პოპულარიზაცია, რადგანაც არის საშიშროება, რომ უსასრულოდ გავაგრძელოთ ცხოვრება მოქმედი კონსტიტუციის პირობებში.
თავად ის ფაქტი, რომ დღეს ჩვენ გვყავს საკონსტიტუციო უმრავლესობა, არის საზოგადოების პასუხი იმ ავტორიტარულ მმართველობაზე, რომელიც საქართველოში არსებობდა ხუთი წლის წინ. 2012 წელს არჩეულმა პირველმა პარლამენტმა საკონსტიტუციო უმრავლესობით, სამწუხაროდ, ვერ შეძლო ახალი კონსტიტუციის მიღება. დღეს მოქმედ მეორე მოწვევის პარლამენტში ჩვენ ასევე გვყავს საკონსტიტუციო უმრავლესობა - ვიმეორებ, რომ ეს არის პასუხი წინა ადმინისტრაციაზე, რომელიც ჩვენ გვყავდა. სავარაუდოდ, ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში არ გვეყოლება საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში. ეს არის ისტორიული შესაძლებლობა და სამწუხაროდ, ჩვენ მივდივართ იმ ძალისხმევის ფუჭად გაწევის რისკზე, რომელიც გამიზნულია დოკუმენტის მიღებისკენ, რომელიც, ყველა საერთაშორისო ექსპერტის თანახმად, ვენეციის კომისიის ჩათვლით, არის დემოკრატიული კონსტიტუცია, რომელშიც გათვალისწინებულია ინსტიტუტებს შორის ბალანსის უზრუნველყოფა. ჩვენ მივდივართ არსებული კონსტიტუციით ცხოვრების გაგრძელების რისკზე.
რასაკვირველია, მე არავის დაშინებას არ ვცდილობ და ეს არ არის შანტაჟი ჩვენი მხრიდან. მე ზუსტად ვიცი, როგორი სიტუაციაა ჩვენს უმრავლესობაში და მე ვერ წავალ უმრავლესობის დანაწევრების რისკზე, რადგანაც ჩვენ გვჭირდება ეს უმრავლესობა, რათა განვახორციელოთ ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი რეფორმების დღის წესრიგი.
გმადლობთ.


კურტ უოკერი - დიდი მადლობა ასეთი ამომწურავი განმარტებისთვის. ნება მომეცით, კიდევ რამდენიმე კითხვა დაგისვათ. პირველი - წინა მთავრობა დამარცხდა არჩევნებში და ქვეყანაში მოხდა ხელისუფლების შეცვლა მშვიდობიანი გზით. თქვენ მას უწოდეთ ავტორიტარული ხელისუფლება. მეორე მხრივ, ხელისუფლება მშვიდობიანი გზით შეიცვალა წინა კონსტიტუციის პირობებში. მაშ, რატომ არის ამჟამინდელი კონსტიტუცია არაეფექტიანი? რა უნდა შეიცვალოს, გამოსწორდეს?

გიორგი კვირიკაშვილი
- ამჟამინდელ კონსტიტუციაში ბევრი ხარვეზია, ბალანსის არარსებობა სხვადასხვა ინსტიტუტს შორის. ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი აღმასრულებელი ხელისუფლება, ხოლო პარლამენტს არ აქვს საკმარისი უფლებამოსილება, როგორც ეს მას უნდა ჰქონდეს საპარლამენტო რესპუბლიკაში. გვაქვს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის ფუნქციების გადაფარვა და ა.შ. გარდა ამისა, მაჟორიტარული სისტემა, დამეთანხმებით, შესაცვლელია. სწორედ ამიტომ გამოვედით ჩვენ ამ ცვლილების ინიციატივით. ჩემი აზრით, ეს იქნება ისტორიული ცვლილება და ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა - პროპორციულ სისტემაზე გადასვლა.
ჩვენ შეიძლება ვიკამათოთ იმაზე, რამდენად ავტორიტარული იყო წინა ადმინისტრაცია. კარგად მახსოვს ეს პროცესი. 2004 წელს მე პარლამენტის წევრი ვიყავი, როცა „ნაციონალურმა მოძრაობამ" „ვარდების რევოლუციის" შემდეგ შეიტანა პირველი ცვლილებები კონსტიტუციაში, რომლითაც გაძლიერდა პრემიერ-მინისტრის როლი მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ საპრეზიდენტო რესპუბლიკა გვქონდა. მე ვიყავი ერთადერთი პარლამენტარი ჩემი პარტიიდან, რომელიც გამოვიდა ამ ცვლილების წინააღმდეგ, რადგანაც ის უხეშად არღვევდა საკონსტიტუციო კანონმდებლობის და ხელისუფლების შტოთა შორის ბალანსის პრინციპებს. მახსოვს, როგორ წარიმართა ეს პროცესი ამის შემდეგ. უნდა აღვნიშნო, რომ 2004-2012 წლებში მე კერძო სექტორში ბიზნესით ვიყავი დაკავებული. რასაკვირველია, კარგად ვხედავდი, რა ხდებოდა ქვეყანაში და აქტიურად ვადევნებდი თვალყურს პოლიტიკას. მახსოვს, სააკაშვილის მმართველობის დროს რვა პარტიამ შექმნა კოალიცია, რათა შეცვლილიყო საარჩევნო კანონმდებლობა. მახსოვს ის მეთოდები - დეტალურ აღწერას თავს ავარიდებ - რომლებსაც „ნაციონალური მოძრაობა" იყენებდა ამ რვა პარტიის კოალიციის დასაშლელად. მერე იყო ექვსი პარტიის კოალიცია - საზოგადოების უკანასკნელი იმედი, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიის დამყარებისთვის იღვწოდა. ისევ, ბინძური მეთოდების გამოყენებით, ეს კოალიციაც დაშალეს „ნაციონალური მოძრაობის" აქტიური მონაწილეობით. და ახლა თქვენ საუბრობთ მშვიდობიანი გზით ხელისუფლების შეცვლის შესახებ! უკაცრავად, მაგრამ რას გულისხმობს მშვიდობიანი გზით ხელისუფლების შეცვლაში? მე ვერ ვუწოდებ 2012 წლის არჩევნებს და მთელ წინასაარჩევნო პროცესს მშვიდობიანს. ხდებოდა დაშინება, დაკავებები, ოპოზიციის ყველა წევრის მონიტორინგი - გვაქვს თუ არა რაიმე მსგავსი დღეს?
რასაკვირველია, ვიმეორებ, რომ ჩვენ ჯერ არ ვართ იმ ეტაპზე, რომ გვქონდეს მოდუნების და ტკბობის ფუფუნება, მაგრამ ქვეყანაში ნამდვილად გვაქვს უდიდესი ცვლილებები, რომლებიც ბოლო წლებში განხორციელდა. რასაკვირველია, ჩვენ გვჭირდება ჩვენი მეგობრების მხარდაჭერა, რათა შევინარჩუნოთ თანამიმდევრულობა დემოკრატიის ხარისხის და მრავალფეროვნების კიდევ უფრო ამაღლების გზაზე.
მერწმუნეთ, ეს კონსტიტუცია მოიტანს დემოკრატიის ბევრად უფრო მაღალ ხარისხს ჩვენს ქვეყანაში.

კურტ უოკერი - მადლობა. კიდევ ერთი კითხვა ამ საკითხთან დაკავშირებით და ერთიც საერთაშორისო ურთიერთობებთან დაკავშირებით. რას გეტყვით მსჯელობის პროცესის შესახებ თქვენს მთავრობაში? ანუ მსჯელობა კონსტიტუციის შეცვლის შესახებ. თქვენ ახსენეთ სფეროები, მაგალითად, პრეზიდენტის ძალაუფლება და, ამის საპირწონედ, პარლამენტის ძალაუფლება. რა მიზეზით არ შეგაქვთ ცვლილებები წინა კონსტიტუციაში? რატომ არის აუცილებელი სრულიად ახალი კონსტიტუციის მიღება?

გიორგი კვირიკაშვილი - დიდი განსხვავება არ არის, ვუწოდებთ ამას სრულიად ახალ კონსტიტუციას თუ შეცვლილ კონსტიტუციას. არსებობს მთელი სია ცვლილებებისა, რომლებიც ჩვენ შეგვაქვს ამჟამინდელ კონსტიტუციაში. მეორეს მხრივ, შეგვიძლია მას ახალი კონსტიტუციაც ვუწოდოთ. მაგრამ მოქმედ კონსტიტუციაში იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომლებშიც ჩვენ ცვლილებები შევიტანეთ. მე, პირადად, პრინციპულ განსხვავებას ვერ ვხედავ.

კურტ უოკერი
- და ჩემი ბოლო კითხვა, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ვიმეორებ კითხვას, რომელიც მანამდე დავუსვი პრეზიდენტს. თუკი შევხედავთ აშშ-ს, ევროპას, ნატოს და შევხედავთ საქართველოს მისწრაფებებს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციისკენ - რა რჩევას მისცემდით თქვენს საერთაშორისო პარტნიორებს? ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ?
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ძლიერი ევროკავშირის არსებობა, რომელიც მხარს უჭერს ღირებულებებზე დაფუძნებულ მისწრაფებებს ისეთი ქვეყნების მხრიდან, როგორიცაა საქართველო, უკრაინა, მოლდოვა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ძლიერი ამერიკის შეერთებული შტატების არსებობა, რომელიც აქტიურად არის ჩართული ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის პროცესში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ძლიერი ნატოს არსებობა. ნატო წარმოადგენს დღესდღეობით ცივილიზებულ სამყაროში არსებულ ერთადერთ ინსტიტუციურ მექანიზმს, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდობასა და სტაბილურობას ამ რეგიონში. სწორედ ამიტომ არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ვთხოვოთ ჩვენს მეგობრებსა და მოკავშირეებს, დაეხმარონ საქართველოს (როგორც დასაწყისში უკვე ვახსენე) რეფორმების გზაზე არა მხოლოდ თანმიმდევრულ წინსვლაში, არამედ ჩვენი რეფორმების ტემპის შენარჩუნებაში. ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ 26 წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების დახმარების გარეშე, აბსოლუტურად შეუძლებელი იქნებოდა იმის მიღწევა, რასაც ჩვენ დღემდე მივაღწიეთ. მეგობრებისა და მოკავშირეების, ევროკავშირის დახმარების გარეშე, თავად ქვეყნის, საქართველოს არსებობა შეუძლებელი იქნებოდა.
ჩვენს წინაშე მდგარი გამოწვევების, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის, ოკუპაციის და ყოველდღიურად არსებული საფრთხეების მიუხედავად, ქვეყანა გაერთიანებულია ერთი მიზნის გარშემო, რომელიც გულისხმობს ქვეყნის განვითარებას და ჩვენი საგარეო პოლიტიკის მისწრაფებებსა და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით რაიმე კომპრომისების დაუშვებლობას. ძალიან მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ საქართველო აღარ არის პოსტსაბჭოთა ქვეყანა. ჩვენ ვართ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანა, დემოკრატიული ქვეყანა, რომელსაც აქვს ნატოსა და ევროკავშირთან დაახლოებისა და სრულფასოვანი წევრობის მისწრაფებები. სწორედ ამაში გვჭირდება თქვენი დახმარება, რათა უზრუნველვყოთ პოზიციებისა და აზრის კონსოლიდაცია, რათა მივაღწიოთ კონსენსუსს საქართველოს ევროპულ პერსპექტივებთან და ნატოს წევრობასთან დაკავშირებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ამას არსებითი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის.
მადლობა.

კურტ უოკერი - დიდი მადლობა, ბატონო პრემიერ-მინისტრო. აქ თქვენ ძალიან ბევრი მეგობრის გარემოცვაში იმყოფებით. საქართველოს ჰყავს ბევრი მხარდამჭერი, რომელთაც აქვთ საქართველოს ღირებულებებისა და მისწრაფებების და მისი, როგორც ევროპული ქვეყნის, იდენტობის რწმენა. თქვენ ხართ თქვენი ქვეყნის ძლიერი და მოშურნე დამცველი. მადლობას მოგახსენებთ საუბრისთვის.

გიორგი კვირიკაშვილი - დიდი მადლობა.