საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის გამოსვლა მიღებაზე - „საქართველო - ღვინის სამშობლო“ ამოსაბეჭდი ვერსია

2017-09-15

 

ძვირფასო სტუმრებო,
განსაკუთრებით მინდა მივესალმო საფრანგეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბორდოს მერს ალან ჟუპეს და ღვინის კულტურებისა და ცივილიზაციების ფონდის პრეზიდენტს, ქალბატონ სილვი კაზს.

ჩემთვის ძალიან საამაყოა ამ ღირსშესანიშნავ ღონისძიებაში მონაწილეობა. დღეს „ღვინის ციტადელში" (ბორდოში) ჩვენ პატივს მივაგებთ „მეღვინეობის აკვანს" (საქართველოს).

8000 წელი საკმარისი დროა, რათა ეს საქმიანობა ეროვნული იდენტობის მთავარ ნიშნად იქცეს. სწორედ ასე მოხდა საქართველოში.

ღვინო ქართული ეროვნული იდენტობის მთავარი მახასიათებელია; ისევე, როგორც, მაგალითად, ყოველმხრივ დახვეწილი გემოვნება ფრანგულ ეროვნულ იდენტობას განსაზღვრავს.

მართალია, ღვინო ფრანგული იდენტობის არსებითი ელემენტია და ფრანგებს მეღვინეობის დიდი კულტურა აქვთ, მაგრამ რაც შეეხება საქართველოს, არსებობს ღვინის კულტი და, რასაკვირველია, მეღვინეობის კულტურაც.

არის ასეთი ქართული ხალხური გამოთქმა „ვაზო, შვილივით ნაზარდო" - ეს სიტყვები ნათლად მეტყველებს იმ სიყვარულსა და ზრუნვაზე, რომლითაც ქართველები ეკიდებიან მევენახეობას.
სამწლიანი კვლევის შემდეგ, 7 ქვეყნის წამყვანმა სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა.

ღვინის უძველესი ნარჩენები აღმოჩენილია საქართველოში და მოწინავე ლაბორატორიებში ჩატარებული ექსპერტიზის მონაცემებით, 8000 წლის წინანდლად თარიღდება.

გარდა ამისა, Vitis Vinifera-ს - ვაზის უძველესი ცნობილი სახეობის წიპწები აღმოჩენილია საქართველოში და ამავე პერიოდით თარიღდება.

მინდა ქართველი და უცხოელი მეცნიერების ჯგუფს მადლობა გადავხადო ჩვენი ქვეყნისათვის გაწეული შეუფასებელი სამსახურისათვის.

ძვირფასო მეგორებო, ჩვენმა პატარა ერმა თავის მცირე მიწაზე წარმატებით მოახერხა 500-ზე მეტი ვაზის ჯიშის მოშენება და კულტივაცია. სწორედ ამ სფეროში გამოვიჩინეთ ჩვენ ყველაზე დიდი გამჭრიახობა და მივაღწიეთ ყველაზე დიდ წარმატებას.

მე ვამაყობ ჩემი წინაპრებით, რომლებმაც ათასწლეულების წინ შექმნეს მეღვინეობის ნოუჰაუ სახელწოდებით -„ქვევრი". ეს თიხის ჭურჭელი თითქმის ყველა ქართულ ოჯახში ჰქონდათ. მეც ასეთ ოჯახთა რიცხვს მივეკუთვნები.

როგორც წესი, ქვევრი ყელამდე მიწაშია ჩაფლული, რაც მასში დაყენებულ ღვინოს, ნიადაგის თვისებების გამო, უნიკალურ გემოს სძენს.
2013 წელს "იუნესკომ" ქვევრის მეთოდი კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა. ეს ტრადიცია უდიდეს როლს ასრულებს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, თუ განსაკუთრებული მოვლენების დროს. ის არის ქართველთა კულტურული იდენტობის განუყოფელი ნაწილი, ხოლო ღვინოსა და ვაზს ხშირად იხსენიებენ ქართულ ზეპირსიტყვიერებასა და ხალხურ სიმღერებში. ამ მემკვიდრეობის ცოდნას ოჯახები თაობიდან თაობას გადასცემენ, უზიარებენ მეზობლებსა და მეგობრებს, რომლებიც ერთად მონაწილეობენ რთველსა და ღვინის დაყენების პროცესში.

ქვევრი ქართული ისტორიისა და კულტურის სიმბოლოა - მისი წარსული ფესვებით მიწაშია, ხოლო მომავალი - ჯერ კიდევ დაღვინების პროცესში.

დღეს, როცა საქართველო ევროპაში ბრუნდება, კულტურაში, რომლის ნაწილიც ის იყო, მაგრამ გარკვეული დროის განმავლობაში მოწყვეტილი იყო, ის ასევე უერთდება ევროპულ მეღვინეობას.

ჩვენ განსაკუთრებით მადლიერნი ვართ ფრანგი ერის, ბორდოს მოსახლეობის და მუზეუმ La Cite du Vin-ის ადმინისტრაციისა, რადგან საქართველოს მიეცა შესაძლებლობა, ყოფილიყო პირველი ქვეყანა - „მოწვეული ვენახი", რომელიც წარადგენს და მთელს მსოფლიოს უზიარებს თავისი ღვინის განსაკუთრებულ სახეობებს.
დიდი მადლობა.