საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი უზბეკეთის პრეზიდენტს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-09-21

  

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის ფარგლებში, უზბეკეთის პრეზიდენტ შავკატ მირზოევს შეხვდა.
უზბეკეთის პრეზიდენტმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მრავალწლიან მეგობრობაზე გაამახვილა ყურადღება და ხაზი გაუსვა სატრანსპორტო-ლოგისტიკურ სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით არსებულ პოტენციალს.
საუბარი შეეხო სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობას. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიარეისების დანიშვნის პერსპექტივაც.
უზბეკეთის პრეზიდენტის დავალებით, კონკრეტულ სფეროებში თანამშრომლობის გააქტიურების მიზნით, უახლოეს მომავალში, საქართველოს უზბეკეთიდან მაღალი რანგის სამთავრობო დელეგაცია ეწვევა.
საუბრისას, ხაზი გაესვა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს და ამ კონტექსტში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზისა და აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის პროექტების მნიშვნელობას.
საუბარი ასევე შეეხო ახალი აბრეშუმის გზის პროექტში საქართველოსა და უზბეკეთის აქტიურ მონაწილეობას და ამ კონტექსტში აღინიშნა ორი ქვეყნის ურთიერთობის სტრატეგიული მნიშვნელობა. მთავრობის მეთაურმა უზბეკეთის სამთავრობო დელეგაცია თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე მიიწვია, რომელიც ნოემბერში გაიმართება.
შეხვედრისას, მხარებმა ჰუმანიტარულ-კულტურულ სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივაც განიხილეს.
უზბეკეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ტაშკენტში მიიწვია.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური