საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის გამოსვლა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის გახსნაზე ამოსაბეჭდი ვერსია

2017-09-26

 

მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო,
მივესალმები ძვირფას სტუმრებს,
მინდა, მივესალმო თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრს, ბატონ აჰმეთ არსლანს; ასევე - ,,ტავ ჰოლდინგის" პრეზიდენტს, ბატონ სანი შენერს;
მინდა, მივესალმო საქართველოში თურქეთის ელჩს, ბატონ ლევენთ გუმრუქჩუს, ასევე - საქართველოში საფრანგეთის ელჩს ბატონ პასკალ მენიეს;
მინდა, მივესალმო სტუმრებს ჩვენი მეგობარი თურქეთიდან და ჩვენი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის თანამშრომლებს და მივულოცო მათ ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე.

დღეს ოფიციალურად იხსნება და ექსპლუატაციაში შედის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალი. საოპერაციო მზაობისა და ტერმინალების შერწყმის პროცესიც დასრულდა და, როგორც ხედავთ, ტერმინალი ოპერირების პროცესშია. ამ პროექტის განხორციელებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ამიერიდან წელიწადში 4 მილიონი მგზავრის მომსახურებას შეძლებს.

იცით, რომ დაახლოებით ერთი წლის წინ ჩაეყარა საფუძველი მოფრენის ახალი ტერმინალის მშენებლობას. მშენებლობა დაგეგმილზე ადრე დაიწყო იმის გამო, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა მგზავრთა ნაკადი და, შეიძლება ითქვას, რომ ზრდის სისწრაფემ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა.

ავიაციის განვითარება ყოველთვის იყო და არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, რადგან სწორედ ავიაბაზრის განვითარება, აეროპორტებისა და სანავიგაციო ინფრასტრუქტურის განვითარება, მგზავრთა ნაკადის ზრდა და ფრენების ახალი მიმართულებების დამატება გახლავთ ქვეყანაში ტურიზმის განვითარების წინაპირობა. ეს კი, რა თქმა უნდა, პირდაპირ უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და ჩვენი ხალხის ცხოვრების დონის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას.

თანმიმდევრული და კოორდინირებული მუშაობით ჩვენ უკვე შეგვიძლია საქართველოს სწორი პოზიციონირება მსოფლიოს საავიაციო ბაზარზე. ჩვენ ავიაკომპანიებს ვთავაზობთ მაღალი სტანდარტის მომსახურებას და ვატარებთ სწორ მარკეტინგულ პოლიტიკას, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება ჩვენს შედეგებზე. სტატისტიკა მოწმობს მგზავრთა ნაკადის მზარდ ტენდენციას, რომელიც გვაქვს ქვეყნის სამივე აეროპორტში. უპრეცედენტო ზრდა დაფიქსირდა წინა წლის 8 თვის მონაცემებთან შედარებით - თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა 43%-იანი ზრდა გვაქვს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში - 56%-იანი ზრდა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში - 82%-იანი ზრდა გვაქვს. ჯამურად, საქართველოს ყველა აეროპორტში, როგორც სამივე საერთაშორისო, ისე, ადგილობრივი ფრენებისთვის განკუთვნილ აეროპორტებში, მგზავრთა 48%-იანი ზრდა გვაქვს.

ამ დროის მონაცემებით, თბილისის აეროპორტში ფრენები უკვე 42 ავიაკომპანიის მიერ 45 მიმართულებით განხორციელდა. სასიხარულოა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა და ერთ-ერთ ძლიერ მოთამაშედ იქცა რეგიონის საავიაციო ბაზარზე. ჩვენ ეს განსაკუთრებით გვახარებს, გამომდინარე იქიდან, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი არის ქვეყნის საჰაერო კარიბჭე და ყველაზე მნიშვნელოვანი ჭიშკარი ქვეყანაში შემოსვლისთვის.

აღსანიშნავია, რომ „ტავ ჰოლდინგმა" თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში უკვე 100 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებაში და ტერმინალის გაფართოება-მშენებლობაში 60 მილიონ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა. გაფართოვდა გაფრენის დარბაზი, ტერმინალს დაემატა გასასვლელი ხიდები, მოეწყო ახალი ავტოსადგომი და ავტობუსების გასასვლელები, რაც უზრუნველყოფს უფრო ეფექტიან მომსახურებას.

ჩვენ ვხედავთ ტენდენციას, რომ არსებული ავიაკომპანიები სულ უფრო აფართოებენ თავიანთ ქსელს, ამატებენ ახალ მიმართულებებს და ზრდიან რეისების რაოდენობას. თბილისის საერთაშორისო აეროპორტს დღეს უკვე შეუძლია, მგზავრებს შესთავაზოს არა მარტო კომფორტული ინფრასტრუქტურა, არამედ მიმართულებების ძალიან ფართო არჩევანიც.

დარწმუნებული ვარ, განახლებული ინფრასტრუქტურით თბილისის საერთაშორისო აეროპორტი კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება ავიაკომპანიებისათვის და მგზავრებისთვის და შემდეგი წლები კიდევ უფრო წარმატებული იქნება.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ,,ტავ ჯორჯიას", ,,ტავ ჰოლდინგს" და ეკონომიკის სამინისტროს, გაწეული სამუშაოებისთვის და იმ შედეგებისთვის, რომელსაც დღეს ჩვენ აქ ვხედავთ.

და ბოლოს, მინდა, თქვენი ყურადღება მივაპყრო აქ მოწყობილ გამოფენას, რომელიც, დარწმუნებული ვარ, გულგრილს არავის დატოვებს. ეს არის უნიჭიერესი ონელი ახალგაზრდის, 18 წლის ზაურ გამყრელიძის პროექტი, გამოფენა, ნამუშევრები. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს იდეა, განვახორციელოთ ასეთი გამოფენები ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდების წარმოსაჩენად და მსგავსი გამოფენები მოვაწყოთ ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა აეროპორტებში, რათა, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის ყველა სტუმარს, საქართველოში ჩამოსვლის პირველივე წუთებიდან მივცეთ შესაძლებლობა, გაიცნოს ჩვენი კულტურა, ჩვენი უნიჭიერესი ახალგაზრდების და ხელოვანების შემოქმედება.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას დღევანდელ დღეს! მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო ეს დღე ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ ყველა სტუმარს. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ წელს ვიზეიმებთ მეშვიდმილიონე ვიზიტორის ჩამოსვლას საქართველოში, ამ მშვენიერ ახალ ტერმინალში. გილოცავთ მეგობრებო დღევანდელ დღეს!