საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

სახელმწიფო, მომავალი წლის ტურისტული სეზონისთვის უკეთ მოსამზადებლად, ტურისტების შეფასებებს გაითვალისწინებს ამოსაბეჭდი ვერსია

2017-10-03

ზაფხულის ტურისტული სეზონის შედეგებზე და ტურისტების შეფასებების ანალიზის შესაბამისად, მომავალი წლის ტურისტული სეზონისთვის კიდევ უფრო უკეთ მოსამზადებელ ნაბიჯებსა და პრიორიტეტებზე იმსჯელეს სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
პრემიერმა და მინისტრთა კაბინეტის წევრებმა განიხილეს არსებული ნაკლოვანებები და ის ცვლილებები, რომელთა განხორციელება, მომავალი წლის ტურისტული სეზონისთვის კიდევ უფრო უკეთ მოსამზადებლად, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს.
„ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ ეს ტურისტული სეზონი უპრეცედენტოდ გრძელია. პრაქტიკულად, ტურისტების ნაკადი არ გაჩერებულა. ჩვენ ვხედავთ, რომ თბილისი დღეს ისევ სავსეა ტურისტებით, გასული წლის შემოდგომასთან შედარებით, გაცილებით მეტი ტურისტი გვყავს არა მხოლოდ თბილისში, არამედ ყველა მიმართულებაზე. ზამთრის სეზონისთვის დიდწილად მზად ვართ, თუმცა, მომავალი ზაფხულის სეზონისთვის ჩვენ აუცილებლად უნდა გავაანალიზოთ ის შენიშვნები, სისუსტეები, რა მიმართულებებზე მოგვიწევს აქცენტის გაკეთება, მათ შორის - ინფრასტრუქტურაზე, მომსახურების საკითხებზე, ტრანსპორტზე, ექსკურსიამძღოლების კვალიფიკაციის საკითხზე და ა.შ. მე შევისწავლე ის შენიშვნები და კომენტარები, რომელთა სისტემატიზაციაც გავაკეთეთ და ბევრი ისეთ რამ დავინახე, რაც ახლავე დასაწყებია იმისათვის, რომ მომავალი წლის სეზონს ჩვენ კიდევ უფრო მომზადებული შევხვდეთ. ვფიქრობ, ტურიზმის ზრდა გვექნება როგორც ზამთარში, ისე - მომავალ წელსაც", - განაცხადა პრემიერმა.
შეხვედრისას ხაზგასმით აღინიშნა, რომ სახელმწიფო ორიენტირებულია სერვისების გაუმჯობესებაზე და მომსახურების დახვეწის პროცესში მაქსიმალურად ითვალისწინებს ტურისტების - სახელმწიფოს სტუმრების შეფასებებს.
პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ ის წარმატება, რომელიც საქართველოს უკვე აქვს ტურიზმის სფეროში, კიდევ უფრო განავითარებს ქვეყანას და ასი ათასობით ახალ სამუშაო ადგილს შექმნის.
„ამისთვის საჭიროა, ჩვენ დღესვე დავიწყოთ მუშაობა იმ რეაგირებებზე, რომლებიც ჰქონდათ ტურისტებს ზაფხულის სეზონის განმავლობაში ინფრასტრუქტურის, უსაფრთხოების, მომსახურების სფეროს თუ სხვა მიმართულებებით, ასევე ყველაფერი გავაკეთოთ კულტურის მიმართულებით, რათა ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო მიმზიდველი გავხადოთ და შევქმნათ სამუშაო ადგილები, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესში. ძალიან მახარებს ის, რომ წელს პირველად, ბათუმში, დიდი სასტუმროების გარდა, დაიტვირთა მცირე ოჯახური ტიპის სასტუმროები. ეს არის კიდევ უფრო მეტი სტიმული სასტუმროების ქსელების განვითარებისთვის; იმისთვის, რომ მათ განავითარონ და მოაწესრიგონ თავიანთი მცირე ინფრასტრუქტურა და მიიღონ კიდევ უფრო მეტი შემოსავალი", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
სამუშაო შეხვედრაში საქართველოს ფინანსთა, ეკონომიკის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, შინაგან საქმეთა მინისტრები და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მონაწილეობდნენ.

პრემიერ-მნისტრის პრესსამსახური