საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

პრემიერი ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის წევრ ელჩებს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-10-06

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის წევრ ელჩებს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების სფეროში არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ელჩებს, საქართველოს მიერ, ევროკავშირთან პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის კუთხით გადადგმული ნაბიჯები გააცნო. აღინიშნა, რომ ევროკავშირთან ურთიერთობა პოზიტიურად და ნაყოფიერად ვითარდება. საქართველო ყველა სფეროში მნიშვნელოვან წარმატებას აღწევს, რაც განპირობებულია ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებით, ხელისუფლების ქმედითი ნაბიჯებით, რასაც არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის რეიტინგები ცხადყოფს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარეს ვოლტერ სტივენსს და კომიტეტის წევრებს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე მიაწოდა ინფორმაცია. აღინიშნა, რომ რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საწინააღმდეგო პოლიტიკას. შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობის მნიშვნელობას და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში ევროკავშირის, როგორც ერთ-ერთი თანათავმჯდომარის როლს.

საუბარი შეეხო ნოემბერში დაგეგმილ ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტსაც. აღინიშნა, რომ საქართველო ამ სამიტზე წარდგება, როგორც ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის" ლიდერი ქვეყანა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას, ქართული მხრიდან, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, საგარეო ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი თედო ჯაფარიძე და საქართველოს ელჩი ბელგიის სამეფოში, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ნატა საბანაძე ესწრებოდნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური