საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რეკორდული ზრდა დაფიქსირდა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-10-27

საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რეკორდული ზრდა დაფიქსირდა - ვიზიტორთა რიცხვი, წინა წელთან შედარებით 33%-ით გაიზარდა და 860 ათას მიაღწია, - პოზიტიურ ტენდენციას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ძალიანს სასიხარულოა, რომ მათი ნახევარი საქართველოს მოქალაქეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ასეთ ადგილებში დიდი ენთუზიაზმით მოგზაურობენ.

„ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ნახევარი უცხოელი ვიზიტორია, მსოფლიოს 97 ქვეყნიდან. ძალიან კარგია, რომ ასეთი სპექტრი გვაქვს. ეს არის ნამდვილად ნათელი მაგალითი, თუ როგორ შეიძლება სწორი სახელმწიფო მექანიზმების გამოყენებით, როგორც შიდა ასევე გარე ტურიზმის წახალისება. ეს, პირველ რიგში ნიშნავს გაზრდილ შემოსავლებს ჩვენი ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის; ტურისტული ინფრასტრუქტურისთვის, საოჯახო სასტუმროებისთვის, კვების ობიექტებისთვის, სატრანსპორტო საშუალებებისთვის და სავაჭრო ობიექტებისთვის. რა თქმა უნდა, ადგილობრივ მოსახლეობას, ისეთი პროგრამების მეშვეობით, როგორიცაა მიკროგრანტების პროგრამა ან „უმასპინძლე საქართველოში", აქვს შესაძლებლობა, წამოიწყოს მცირე ბიზნესი და არჩინოს საკუთარი ოჯახი. მაგალითისთვის შემიძლია გითხრათ, რომ მარტო მარტვილის კანიონისა და მისი შემოგარენის მოსახლეობისთვის შემოსავლებმა 3 მილიონ 500 ათასი ლარი შეადგინა. ეს სწორედ იმით არის განპირობებული, რომ იქ აშენდა ვიზიტორთა ცენტრი და მოეწყო ინფრასტრუქტურა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა გარემოს დაცვის სამინისტროს და პირადად მინისტრ გიგლა აგულაშვილს, რომელიც ამ პროცესში ძალიან აქტიურად იყო ჩართული; ასევე - სხვა მონაწილე უწყებებს.
პრემიერის განცხადებით, 2016 წლის შემდეგ მუნიციპალიტეტში 15 ახალი საოჯახო სასტუმრო გაიხსნა, რაც ძალიან სასიხარულოა.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდა მიწის საფასურიც, მაგრამ არსებობს ძალიან კარგი ტენდენცია - მოსახლეობა, თავიანთი საკარმიდამო მიწის ნაკვეთის გაყიდვას, დარჩენას, სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული ინსტრუმენტების გამოყენებას, ადგილზე ფეხის კარგად მოკიდებას და შემოსავლის გაჩენას არჩევს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური