შეხვედრა რუმინეთის ბიზნესგარემოს, კომერციისა და მეწარმეობის მინისტრთან ამოსაბეჭდი ვერსია

2017-11-03

---

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუმინეთის ბიზნესგარემოს, კომერციისა და მეწარმეობის მინისტრ ჰარი ილან ლაუფერს შეხვდა.
საუბარი შეეხო სხვადასხვა მიმართულებით ორი ქვეყნის თანამშრომლობას, რომელიც აქტიურად ვითარდება, ასევე - საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოს, მიმდინარე რეფორმებს და მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს.

პრემიერ-მინისტრმა რუმინეთის ბიზნესგარემოს, კომერციისა და მეწარმეობის მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკაში არსებული პოზიტიური ტენდენციების, ტურისტების რიცხვის მზარდი დინამიკისა და მთის კურორტების პოტენციალის შესახებ.
ჰარი ილან ლაუფერმა გამოთქვა სურვილი, საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო რუმინელ ინვესტორებს გააცნოს. მხარეებმა განიხილეს 2018 წელს რუმინეთსა და საქართველოში ერთობლივი ბიზნესფორუმების გამართვისა და ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიარეისების დანიშვნის პერსპექტივა, ასევე - ტურიზმისა და ტექნოლოგიების სფეროში გამოცდილების ურთიერთგაზიარების შესაძლებლობები.

ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი უმნიშვნელოვანესი დერეფნის როლსა და ანაკლიის პორტის პროექტის მნიშვნელობას. მხარეებმა საქართველოსა და რუმინეთის პორტების დამაკავშირებელი პროექტების განხორციელების პერსპექტივაზეც ისაუბრეს.
რუმინეთის ბიზნესგარემოს, კომერციისა და მეწარმეობის მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა დაა სუვერენიტეტის, ასევე ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისადმი მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა დაა გიორგი კვირიკაშვილს რუმინეთის პრემიერ-მინისტრის მოკითხვა გადასცა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური