საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

შეხვედრა უკრაინის ვიცე-პრემიერთან ამოსაბეჭდი ვერსია

2017-11-07

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უკრაინის ვიცე-პრემიერს, სოციალური პოლიტიკის მინისტრ პავლო როზენკოს შეხვდა, რომელიც, სოციალური პროგრამების მიმართულებით, საქართველოს გამოცდილებას ეცნობა.


პავლო როზენკომ აღნიშნა, რომ უკრაინისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია, გაიზიაროს ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდაჭერის კუთხით საქართველოში არსებული თანამედროვე პროგრამები. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკრაინის ვიცე-პრემიერს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში ბოლო პერიოდში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ.


შეხვედრისას საუბარი შეეხო სხვადასხვა მიმართულებით ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას და აღინიშნა, რომ ამაზე მაღალი დონის ვიზიტებიც მეტყველებს.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს ორი ქვეყნის წინაშე არსებულ საერთო გამოწვევებზე და ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურთიერთმხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.
შეხვედრას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე დაესწრნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური