საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების განცხადებები მედიისთვის ამოსაბეჭდი ვერსია

2017-11-29

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი:
მოგესალმებით,
მოხარული ვარ, მივესალმო საქართველოს მეგობარი ქვეყნის, მოლდოვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს პაველ ფილიპს, რომელიც თბილისში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მოლდოვა არის ჩვენთვის ძალიან ახლობელი ქვეყანა და ძალიან მოხარული ვაარ, რომ პრემიერ-მინისტრმა, ჩემმა მეგობარმა, ბატონმა პაველ ფილიპმა მიიღო გადაწყვეტილება, ჩამოსულიყო ოფიციალური ვიზიტით და ამავე დროს, დასწრებოდა საქართველოში მეორედ გამართულ "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს".
ასევე, ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია, ვუმასპინძლოთ დელეგაციას, რომელიც, საქართველოში ჩამოვიდა პრემიერ-მინისტრთან ერთად და მოხარული ვართ, რომ ძალიან საინტერესო საკითხები განვიხილეთ.
წლების განმავლობაში, ჩვენს ქვეყნებს შორის მტკიცე და წარმატებული თანამშრომლობა ჩამოყალიბდა, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში და ეს პარტნიორობა მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპს ეფუძნება.
წელს აღინიშნა საქართველო-მოლდოვას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი და მოხარული ვარ, რომ საიუბილეო წელი გამორჩეული იყო ორმხრივი ურთიერთობების განსაკუთრებული აქტიურობით, რაც მაღალი დონის ვიზიტების თუ საერთაშორისო ფორუმების ფარგლებში გამართული შეხვედრების ინტენსივობაშიც გამოიხატა.
მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ აღნიშნული პოზიტიური დინამიკა და კიდევ უფრო გავაღრმავოთ ორმხრივი ურთიერთობები.
მსურს, ხაზი გავუსვა საქართველო-მოლდოვას შორის ნაყოფიერ დარგობრივ თანამშრომლობას. ჩვენი ქვეყნების შესაბამისი უწყებები წარმატებით თანამშრომლობენ იუსტიციის, სამართალდამცავ, საბაჟო, განათლების, ტურიზმის სფეროებში.
დღევანდელ შეხვედრაზე დავადასტურეთ მზადყოფნა, განვაგრძოთ გამოცდილების გაზიარება საერთო ინტერესების მქონე სფეროებში.
ამავე დროს, მიზნად ვისახავთ ეკონომიკურ სფეროში ურთიერთობების მნიშვნელოვან გაღრმავებას და არსებული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებას. ამ კუთხით, ჩვენ მივესალმეთ ორმხრივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის პირველი სხდომის შედეგებს, რომელსაც წელს, აპრილში, საქართველო-მოლდოვის ბიზნესფორუმთან ერთად, ვუმასპინძლეთ თბილისში. დარწმუნებული ვართ, რომ კომისიის მუშაობა და ბიზნესკონტაქტების გააქტიურება მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ჩვენი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას.
ასევე შევთანხმდით, რომ მომავალი წლის დასაწყისში გაიმართება ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის შემდეგი შეხვედრა და შესაძლოა, ეს დაემთხვეს კიდევაც სუამ-ის შემდეგ სამიტს, რომელიც კიშინიოვში, სავარაუდოდ გაზაფხულზე გაიმართება.
მივესალმებით დღევანდელი ვიზიტის ფარგლებში რამდენიმე შეთანხმების ხელმოწერას, რომელიც ჩვენი დარგობრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების სასარგებლო წინაპირობას წარმოადგენს.
მოხარული ვარ, აღვნიშნო, რომ საქართველოში მოლდოველი ვიზიტორების რაოდენობა ყოველწლიურად მნიშვნელოვნად იზრდება - 20%-იანი ზრდა გვაქვს გასული 10 თვის განმავლობაში, რაც ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის ხალხთაშორისი კონტაქტების გამყარებას.
აქვე, მსურს, მივესალმო, კულტურის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის პროგრამის გაფორმებას, რომელიც წაახალისებს ჩვენი ქვეყნების კულტურული კავშირების კიდევ უფრო განმტკიცებას.
გარდა ამისა, შევთანხმდით, ორგანიზება გავუწიოთ საქართველოს დღეების გამართვას მოლდოვის რესპუბლიკაში და ასევე მოვიწვიეთ ჩვენი მოლდოველი კოლეგები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები საქართველოში, რათა იყოს უფრო მეტი გაცვლა ორ ქვეყანას შორის კულტურის სფეროში.
დღევანდელ შეხვედრაზე, ჩვენ ასევე ყურადღება გავამახვილეთ ევროკავშირთან ინტეგრაციის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე.
რამდენიმე დღის წინ, ჩვენმა ქვეყნებმა მონაწილეობა მიიღეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტში. ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთად მივიღეთ მომავალზე და, ამავდროულად, პრაქტიკულ შედეგებზე ორიენტირებული დეკლარაცია.
სამიტზე ჩვენ დავსახეთ 2020 წლისათვის მისაღწევი კონკრეტული მიზნები, რომლებიც, ევროკავშირთან დაახლოების შედეგად, ჩვენი ქვეყნებისთვის შექმნის განვითარების კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს და ჩვენს მოქალაქეებს მისცემს კონკრეტულ სარგებელს.
საქართველოს და მოლდოვას აერთიანებს საერთო მიზანი - ეს არის ევროკავშირში სრული ინტეგრაცია.
ევროკავშირთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების კვალდაკვალ, ჩვენი ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ევროინტეგრაციის საკითხებზე რეფორმების პროცესში გამოცდილების გაზიარების კუთხით. ჩვენ, ორმხრივი შეხვედრის დროს, გვქონდა საშუალება, გაგვეცვალა ინფორმაცია ჩვენს ქვეყნებში ამ მიმართულებით მიმდინარე რეფორმების თაობაზე. მინდა, ნამდვილად ძალიან დიდი კმაყოფილება გამოვთქვა იმასთან დაკავშირებით, რაც მოვისმინე - მოლდოვის რესპუბლიკაში პრემიერ-მინისტრ ფილიპის მიერ განხორციელებული რეფორმების შესახებ. მინდა, მივულოცო მას ეს წარმატება, რომელიც უდავოა და სახეზეა. მოლდოვაში მიმდინარეობს ძირეული, ფუნდამენტური რეფორმები ევროინტეგრაციის მიმართულებით და მთლიანობაში, სამთავრობო და ინსტიტუციური რეფორმები, რაც ნამდვილად საჭიროებს აღნიშვნას, ვინაიდან ეს ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია. ჩვენ ერთმანეთის წარმატება ძალიან გვახარებს, რადგან ერთ სტრატეგიას მივუყვებით და ეს არის ევროინტეგრაციის სტრატეგია. ჩვენ მზად ვართ, განვაგრძოთ ეს ნაყოფიერი თანამშრომლობა, რაც ორივე ქვეყანას დაეხმარება საერთო მიზნის მიღწევაში.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოც და მოლდოვაც მრავალი გამოწვევის წინაშე იდგნენ და დგანან გასული 25 წლის განმავლობაში. ეს გამოწვევებიც ისევე მსგავსი გვაქვს, როგორც ჩვენი მისწრაფებები. სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე ურთიერთმხარდაჭერა მუდმივად აერთიანებდა ჩვენს ორ მოძმე ქვეყანას.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მჭიდრო თანამშრომლობა მრავალმხრივ ფორმატებში, ჩვენს კიდევ ერთ საერთო პრიორიტეტს წარმოადგენს.
ფორუმზე, რომელიც ჩვენ ამ ორი დღის განმავლობაში გავმართეთ, ჩამოვიდა წარმომადგენლობითი ბიზნესდელეგაციაც, რასაც ჩვენ მივესალმებით. 27 კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს „ერთი სარტყელი - ერთი გზა" და ჩვენ მივესალმებით ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურებას, კონკრეტულად - ამ განზომილებისა, რასაც ჰქვია ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები.
დასასრულს, მსურს, გამოვთქვა დიდი იმედი, რომ დღევანდელი ოფიციალური ვიზიტი იქნება კიდევ ერთი საწინდარი საქართველოსა და მოლდოვას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისათვის, რისი მყარი საფუძველიც ნამდვილად არსებობს.
წარმატებებს გისურვებთ, ძვირფასო მეგობარო და კიდევ ერთხელ მოხარული ვარ, რომ ეს ვიზიტი შედგა საქართველოში!

მოლდოვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი პაველ ფილიპი:
ძვირფასო პრემიერ-მინისტრო,
მთავრობისა და მედიის წარმომადგენლებო,
უპირველეს ყოვლისა, მინდა დავიწყო საქართველოს მხარისადმი მადლობის გადახდით იმ თბილი მიღებისთვის, რომელიც ჩვენ აქ ვიხილეთ და ვიგრძენით. ჩემს დელეგაციასთან ერთად, ნამდვილად ძალიან კარგად ვგრძნობ თავს თბილისში.
მქონდა შესაძლებლობა, პირადად დავრწმუნებულიყავი საქართველოს ცნობილ სტუმართმოყვარეობაში, არა მხოლოდ გაგონილით, არამედ საკუთარი გამოცდილებით.
მიგვაჩნია, რომ საქართველო არის მოლდოვის რესპუბლიკის ძალიან ახლო მეგობარი, არა მხოლოდ პარტნიორი, არამედ ერთგული მხარდამჭერი.
ის, რომ დღეს ჩემი პირველი ვიზიტია საქართველოში, არ ნიშნავს, რომ ჩვენი კომუნიკაცია მხოლოდ დღეს დაიწყო. ჩვენ, ძალიან დიდი ხანია, გვაქვს ხარისხიანი კომუნიკაცია პრემიერ-მინისტრების დონეზე. მე და ბატონი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხშირად ვსაუბრობთ ერთმანეთთან საერთო პრობლემებსა და მიზნებზე.
ეს ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და აქვს სიმბოლური დატვირთვა, რადგან ჩვენ ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს აღვნიშნავთ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ძალიან კარგად ვითარდება და მეგობრობა ძალიან დიდი ხანია გრძელდება, 25 წელზე გაცილებით მეტი.
ბატონ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად, ჩვენ განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობების მრავალი ასპექტი - საუბარია პოლიტიკურ დიალოგზე, ეკონომიკის, კულტურის სფეროში თანამშრომლობაზე და ინსტიტუციების დონეზე თანამშრომლობაზე.
ჩვენი ქვეყნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მიზანი, რომელიც დღეს გამოვყავით, არის პრაგმატული აზროვნება, რომელიც განვითარებაში გვეხმარება. არსებობს ძალიან ბევრი საშუალება ამ ურთიერთობის განვითარებისთვის.
დავიწყეთ მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში თანამშრომლობა და მოხარული ვარ, რომ გვქონდა ამ პროცესის წამოწყების საშუალება. ეს კომისია არის ძალიან კარგი, მნიშვნელოვანი პლატფორმა, რათა აღმოიფხვრას ბარიერები ჩვენს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში.
გუშინ მქონდა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიმეღო „აბრეშუმის გზის" ფორუმში, რისთვისაც მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ. დარწმუნებული ვარ, ეს ინიციატივა ახალ შესაძლებლობებს ჩაუყრის საფუძველს. როგორც ბატონმა პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ჩვენ არა მხოლოდ სამთავრობო დელეგაციით ჩამოვედით, არამედ ჩვენთან ერთად ასევე იმყოფებიან ბიზნესის წარმომადგენლები, რაც ძალიან მახარებს. ბოლო ორი დღის განმავლობაში მათ ჰქონდათ კარგი შესაძლებლობა, ადგილობრივი წარმომადგენლებისგან მიეღოთ ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ.
იმისათვის, რომ ამ კუთხით შევძლოთ ხელსაყრელი პირობების შექმნა, ჩვენ ხელი მოვაწერეთ ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ დეკლარაციას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნებისთვის. ეს მნშვნელოვანია ინვესტორებისთვის და საფუძველს უყრის ბარიერების აღმოფხვრას.
ჩვენ ასევე გვაქვს მნიშვნელოვანი სტრუქტურული მსგავსებები ჩვენს ქვეყნებში, რადგან გვაკავშირებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება. ნოემბერში ბრიუსელში ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, დაგვემტკიცებინა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს სერიოზული ურთიერთმხარდაჭერა და თანამშრომლობა. შევთანხმდით, რომ დღეიდან უფრო მჭიდრო კავშირი გვექნება ამ მიმართულებით, რადგან ჩვენ გვაკავშირებს ევროინტეგრაციის საერთო მიზანი. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ერთად ჩვენ უფრო ბევრის მიღწევა შეგვიძლია, გვაქვს უფრო მეტი ძალა და შეგვწევს უნარი, უფრო სწრაფად დავუახლოვდეთ ევროკავშირს.
მსურს, მივულოცო და მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას იმისთვის, რომ სუამ-ის პრეზიდენტობას თავი ძალიან კარგად გაართვა. ჩვენ განვაგრძობთ ამ შესანიშნავ გამოცდილებას და ვიქნებით ორგანიზაციის თავმჯდომარე 2018 წელს. მოხარულნი ვართ, რომ ეს ფუნქცია 2018 წელს ჩვენ გვერგება და გვსურს, მივაღწიოთ რაც შეიძლება ნაყოფიერ შედეგს.
მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ვთქვა, რომ მნიშვნელოვანია მოსაზრებებისა და პერსპექტივების გაცვლა ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიც არის კონფლიქტები ჩვენს ქვეყნებში. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყნებს აკავშირებს არა მხოლოდ დადებითი, არამედ უარყოფითი გამოცდილებაც, რაც ტერიტორიულ კონფლიქტებს უკავშირდება. ამ კუთხით, ჩვენ შევთანხმდით, რომ გვექნება რეგიონული სოლიდარობა ერთმანეთის მიმართ, რაც უმნიშვნელოვანესია საერთო მიზნების მისაღწევად. კომუნიკაცია და მოსაზრებათა გაცვლა არის უმნიშვნელოვანესი, რათა დავეხმაროთ ერთმანეთს ამ პრობლემების აღმოფხვრაში. თითოეული ნაბიჯი, თითოეული წარმატება, რომელიც ამ მიმართულებით გვაქვს, გვსურს, გავუზიაროთ საქართველოს და ამ გზით გაცილებით უკეთეს შედეგს მივაღწევთ.
გარდა ამისა, ჩვენ ვისაუბრეთ ასევე მეცნიერების, კულტურისა და განათლების სფეროში საერთო ინტერესებზე. ვისურვებდით სტუდენტებსა და ლექტორებს შორის გაცილებით უფრო მაღალი მობილობის არსებობას, ასევე გვსურს, ყურადღება გავამახვილოთ კვლევების სფეროში თანამშრომლობაზე. მოლდოვის კულტურისა და კვლევის სამინისტროსა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საკმაოდ მნიშვნელოვანი ურთიერთობა აკავშირებთ და ჩვენ დავგეგმეთ 2017-2020 წლების განმავლობაში ამ სამინისტროებს შორის თანამშრომლობა.
როგორც უკვე ბატონმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ჩვენ დავგეგმეთ მოლდოვის კულტურის დღეები საქართველოში და პირიქით, საქართველოს კულტურის დღეები მოლდოვის რესპუბლიკაში.
მინდა, კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ მასპინძლობისთვის და მიგიწვიოთ მოლდოვის რესპუბლიკაში, რათა განვაგრძოთ ნაყოფიერი თანამშრომლობა.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. ჩვენი საუბარი იყო ძალიან პროდუქტიული და ქართულმა მხარემ ძალიან დიდი სტუმართმოყვარეობა გამოიჩინა.
გმადლობთ!