საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის კომენტარი ამოსაბეჭდი ვერსია

2017-12-13

,,მე დაწვრილებით გავეცანი გიორგი გაჩეჩილაძის გუშინდელ გამოსვლას. ჩემთვის, ნამდვილად, ძალიან სამწუხარო იყო იმის ნახვა, რაც მე ვნახე და მოვისმინე. მან აბსოლუტურად დაუსაბუთებლად პირადი შეურაცხყოფები მიაყენა იმ ადამიანებს და გუნდის წევრებს, რომლის ხელმძღვანელიც მე გახლავართ. ჩვენ ყველანი ერთად ვიბრძოდით, მათ შორის გიაც, მეც და ძალიან ბევრი ადამიანი, რომ ადამიანის ღირსება დაგვეცვა. სამწუხაროდ მისგან ასეთ დაუსაბუთებელ შეურაცხყოფას ნამდვილად არ ველოდი და არ შევეგუები. მე არ შემიძლია მოვისმინო ქება ადამიანისგან და ეს ქება კიდევ უფრო შეურაცხმყოფელი იყო ჩემთვის, როდესაც ის შეურაცხყოფილად იხსენიებს ჩემი გუნდის წევრებს. მე დაწვრილებით გავეცანი იმ საკითხს, როდესაც მან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერზე ისაუბრა. ჯერ ერთი მინდა ვთქვა, რომ როდესაც ის მე დამიკავშირდა, მე რა თქმა უნდა მივეცი დავალება მთავრობის ადმინისტრაციას, რომ არ მომხდარიყო ისე, რომ დაჩაგრულიყო ბიზნესმენი და ყოფილიყო თანაბარი საკონკურენციო პირობები ყველასთვის.

რა თქმა უნდა შემდეგ გავეცანი ამ საქმეს და მინდა გითხრათ, რომ ჯერ ერთი ტარიელ ხეჩიკაშვილი და ის ბიზნეს ჯგუფი, რომელშიც მას წილი გააჩნდა, თუ დღეს გააჩნია, როგორ არის შეგიძლიათ გაარკვიოთ, ის არაფერ შუაში არ იყო ამ ტენდერთან. სრულიად სხვა კომპანიამ გაიმარჯვა. მეორე ის, რომ კანონი იყო ზედმიწევნით დაცული და მე მოვითხოვ, რომ მან მიმართოს კონკურენციის სააგენტოს. სააგენტოსაც შეუძლია მიმართოს, მაგრამ რომ არ იყოს სპეკულაციები, რომ კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელს ნიშნავს მთავრობის ხელმძღვანელი, მიმართოს სასამართლოს.

თუ სასამართლო დაადასტურებს, რომ მთავრობა რამეში შეცდა, მე მზად ვარ ავიღო ნებისმიერი პასუხისმგებლობა, მათ შორის, დავტოვო კიდევაც ჩემი თანამდებობა და თუ დადასტურდება, რომ ყველაფერი იყო კანონის დაცვით ჩატარებული, გამობრძანდეს ბატონი გია გაჩეჩილაძე და მოუხადოს ბოდიში ბატონ ტარიელ ხეჩიკაშვილს და ყველას, მათ შორის მეც. ტარიელი არის ძალიან ღირსეული ადამიანი და მას არასოდეს არ შეურევია თავისი სახელმწიფოებრივი საქმიანობა და ბიზნესსაქმიანობა. მან თავისი მინისტრობის პერიოდში ძალიან ბევრი გააკეთა. გააკეთა ის, რომ დასრულდა ეს გაუთავებელი კონფლიქტები სპორტულ ფედერაციებში, წამოიწყო ძალიან ბევრი საინტერესო პროგრამა ახალგაზრდებისთვის და ჩემთვის არის მიუღებელი რომ ჩემი გუნდის წევრს ლანძღავენ და მე მაქებენ, არ მჭირდება ეგეთი ქება წაიღოს თავისი სიტყვები უკან.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური