საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2017 წლის ვიზიტები და შეხვედრები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს დაესწრო ამოსაბეჭდი ვერსია

2017-01-21

1   2

3   4

18-20 იანვარს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს დაესწრო. წლევანდელ ფორუმში, რომლის დევიზი იყო - "პასუხისმგებლიანი ლიდერობა," მსოფლიოს პოლიტიკური ლიდერები, 50 ქვეყნის 1000-მდე მსხვილი კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობდა. საქართველოს დელეგაციაში იმყოფებოდნენ: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი.

როგორ ზეგავლენას ახდენს თანამედროვე აბრეშუმის გზის ფარგლებში განხორციელებული პოლიტიკური და ინფრასტრუქტურული ინვესტიცია ეკონომიკურ ზრდასა და ევროპისა და აზიის ჰარმონიზაციის პროცესებზე - აღნიშნული საკითხები დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ სესიაზე - "The Silk Road Effect" განიხილეს. სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა ჩინეთის პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ პროექტში - „ერთი სარტყელი - ერთი გზა" საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობას, რაც, მისი თქმით, პროექტში ჩართული ქვეყნების განვითარების უდიდესი შესაძლებლობაა.

"ესაა ალტერნატივების ქსელი - თითოეული მათგანი თანაბრად მნიშვნელოვანია ევრაზიაში ეკონომიკის ზრდისა და ჯანსაღი ეკონომიკის შესაქმნელად. ეს პროექტი ერთდროულად კონკურენციასაც გულისხმობს და თანამშრომლობასაც. თუმცა ეს უფრო პარტნიორობას ეხება. როგორც პრეზიდენტმა ალიევმა თავის გამოსვლაში ახსენა, აბრეშუმის გზა უდიდეს შესაძლებლობებს გვაძლევს, თუმცა არსებობს გარკვეული წინაპირობები, რომელთა დაცვა არსებული პოტენციალის სრულად ასათვისებლად აუცილებელია. პირველ რიგში, იგულისხმება ინფრასტრუქტურა, შემდეგ - პროექტში ჩართულ სახელმწიფოებში არსებული სტაბილური გარემო; იგულისხმება სრულყოფილი პარტნიორობა ტრანსსასაზღვრო პროცედურების განხორციელების დროს; სატარიფო სისტემების უნიფიკაცია და რა თქმა უნდა, თანამშრომლობა პოლიტიკურ დონეზე. ეს მრავალგანზომილებიანი საკითხია," - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველომ პარტნიორ ქვეყნებთან ერთად უკვე მოაწერა ხელი ხელშეკრულებებს თანამშრომლობის შესახებ. მისივე განმარტებით, დასასრულს უახლოვდება ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტი, რაც აბრეშუმის გზის საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის მონაკვეთის უმნიშვნელოვანესი ნაწილი იქნება.

სესიას, რომელიც ახალი აბრეშუმის გზის პროექტის შესაძლებლობებს მიეძღვნა, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და მონღოლეთის პრეზიდენტი ცახიაგინ ელბეგდორჟი დაესწრნენ.

საქართველოს განვიხილავთ, როგორც მასტაბილურებელ ძალას რეგიონში, - ამის შესახებ შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტმა დორის ლოიტჰარდმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა. დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორულ ურთიერთობების ძირითადი საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მზარდ პოტენციალს და აღინიშნა საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას (EFTA) შორის შეთანხმების გაფორმების მნიშვნელობა.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკურ, სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და განათლების სფეროში ორმხრივ თანამშრომლობას და მთიანი რეგიონების განვითარების მიმართულებით შვეიცარიის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას. შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმით დაინტერესდა. საუბარი შეეხო საგანმანათლებლო რეფორმას, რომელიც პროფესიული განათლების განვითარებას ითვალისწინებს.

დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უკრაინის პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს შეხვდა. მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების სტრატეგიული საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო უკრაინას განიხილავს, როგორც რეგიონალურ პარტნიორს და მიისწრაფვის თანამშრომლობის გაღრმავებისკენ პოლიტიკის, ვაჭრობის, ეკონომიკის, კულტურის, ტურიზმისა და სხვა სფეროებში.

გიორგი კვირიკაშვილმა და პეტრო პოროშენკომ ისაუბრეს ევროინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე, რაც საქართველოსა და უკრაინისათვის პრიორიტეტია. მათ იმედი გამოთქვეს, რომ 2017 წელს საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს მიეცემათ ევროკავშირში მოკლევადიანი, უვიზო მიმოსვლის საშუალება. შეხვედრაზე ითქვა, რომ 2017 წელს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავი აღინიშნება. მხარეებმა ამ ფორმატში სხვადასხვა სახის ღონისძიებების ჩატარების გეგმა განიხილეს. საუბრის დროს, ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა.

საქართველო-ხორვატიის ურთიერთობების ძირითადი საკითხები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ხორვატიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი პლენკოვიჩმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე. მხარეებმა ხაზი გაუსვეს პოლიტიკის, კულტურის, უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის არსებულ დინამიკას. ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე და მისი განვითარების აუცილებლობაზე. გიორგი კვირიკაშვილმა ხორვატ კოლეგას საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი გააცნო. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ინვესტორებს სთავაზობს სპეციალურ სახელმწიფო პროგრამებს, რომლებიც ორიენტირებულია მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობაზე ფინანსური და სხვა ინსტრუმენტების საშუალებით.
საუბარი შეეხო ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე და ამ მიმართულებით ხორვატიის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სერბეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ალექსანდრ ვუჩიჩს შეხვდა.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების ძირითადი საკითხები განიხილეს და ხაზი გაუსვეს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გააქტიურების მნიშვნელობას. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკისა და ტურიზმის სექტორში არსებულ პოტენციალსა და ინოვაციების და ტექნოლოგიების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.
პრემიერ-მინისტრებმა ისაუბრეს ევროინტეგრაციის პროცესებზე და ხაზი გაუსვეს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. ალექსანდრ ვუჩიჩის განცხადებით, სერბეთი, როგორც ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყანა, მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას და მზად არის ითანამშრომლოს საქართველოსთან გამოცდილების გაზიარების კუთხით.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ მდგომარეობას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ მძიმე ვითარებას.


საქართველოში ინვესტიციების ზრდის, კერძო სექტორის სტიმულირებისა და ბიზნესგარემოს განვითარების პერსპექტივები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე. მხარეებმა ისაუბრეს EBRD-ის როლზე საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში და იმ ინვესტიციებზე, რომლებსაც ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი საქართველოში ახორციელებს. აღინიშნა, რომ 2016 წელს EBRD-მა განახორციელა ინვესტიციების რეკორდული ოდენობა საქართველოში, დაახლოებით 250 მილიონი ევროს მოცულობით. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული რეფორმების გეგმა და მისი შემადგენელი ნაწილი - ქვეყნის სივრცითი მოწყობა იყო. სუმა ჩაკრაბარტის განცხადებით, EBRD-ი მხარს უჭერს საქართველოში მიმდინარე რეფორმებს და ინვესტიციებისა და ფინანსური დახმარებების მოცულობის ზრდას გეგმავს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრები გამართა. გიორგი კვირიკაშვილი მსოფლიოში უმსხვილესი ენერგოკომპანიის - "ბრითიშ პეტროლიუმის" (BP) აღმასრულებელ დირექტორს, რობერტ დადლის შეხვდა. მხარეებმა საქართველოში მიმდინარე პროექტები და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა „შაჰ-დენიზის" მეორე ფაზის ფარგლებში სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოების პროექტის (SCPX) მნიშვნელობას, რომელიც მილსადენის გამტარიანობის გაზრდას და ევროპის ქვეყნებამდე წელიწადში დამატებითი 16 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ტრანსპორტირების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს, რომ BP-ს საქართველოსთან 20-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს და იგი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი უცხოელი ინვესტორია. გამოითქვა იმედი, რომ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების გათვალისწინებით კიდევ უფრო მეტი ბრიტანული ინვესტიცია შემოვა ქვეყანაში.

საქართველო სამაგალითო წარმატების ქვეყანაა, რომელიც ლიდერია რეგიონში ლიცენზირებული პროგრამების მოხმარების, ინოვაციების განვითარებისა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის კუთხით, - ამის შესახებ მულტინაციონალური კომპიუტერული ტექნოლოგიების კორპორაცია Microsoft-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ტონი თაუნს ვითლიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრაზე განაცხადა. მისივე თქმით, Microsoft-ი განიხილავს საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებას სხვადასხვა მიმართულებით. გიორგი კვირიკაშვილმა Microsoft-ის ვიცე-პრეზიდენტს მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმა გააცნო, რომლის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილი "სტარტაპების" ხელშეწყობა და ბიზნესის განვითარებაში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გამოყენებაა. საქართველოს მთავრობის მეთაურის განცხადებით, ამ მიმართულებით Microsoft-ის თანამშრომლობა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან არის უაღრესად მნიშვნელოვანი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საერთაშორისო კომპანია The Adecco Group-ის  აღმასრულებელ დირექტორს, როლფ დორიგს შეხვდა და მას საქართველოს საინვესტიციო გარემო გააცნო. აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობა და ლიბერალური და ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გადასახადები, რაც ქვეყანას მიმზიდველს ხდის ინვესტორებისთვის. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის რეფორმების დღის წესრიგს. როლფ დორიგის განცხადებით, საერთაშორისო კომპანია მზადაა დაეხმაროს საქართველოს განათლების სექტორის განვითარებაში თავისი გამოცდილების გაზიარებითა და ბიზნესუნარების გაუმჯობესების კუთხით.

უმსხვილესი იაპონური ავტომწარმოებელი კორპორაცია "Denso", რომელიც ევროპაში ახალი საწარმოს გახსნას გეგმავს, საქართველოს შესაძლებლობებს შეისწავლის - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და კორპორაცია "Denso"-ს აღმასრულებელი დირექტორის, მასატო ნაკაგავას შეხვედრაზე აღინიშნა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ბიზნესშესაძლებლობებზე და იმ კონკურენტუნარიან გარემოზე, რომელსაც საქართველო ინვესტორებს სთავაზობს.

კლიმატური ცვლილებები და ენერგოუსაფრთოების საკითხები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ქარის ტურბინების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიის "Vestas Wind Systems"-ის (Vestas) აღმასრულებელმა დირექტორმა ანდერს რუნევადმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე. მხარეებმა საქართველოს ჰიდროენერგეტიკულ პოტენციალსა და განახლებადი ენერგიის შესაძლებლობებზე ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს განახლებადი ენერგიის პროექტებში ახალი ინვესტიციების მიმართვის მნიშვნელობას. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს, რომელიც სანდო სატრანზიტო ქვეყანა და რეგიონის ენერგეტიკული ცენტრია, აქვს განახლებადი ენერგიის თითქმის ყველა წყაროს (ჰიდრო, მზისა და ქარის) შთამბეჭდავი რესურსი. მისივე თქმით, საქართველოში უკვე ამოქმედდა 20.7 მეგავატის სიმძლავრის პირველი ქარის ელექტროსადგური "ქართლი 1".

დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი კომპანია "Ginkgo Bioworks"-ის აღმასრულებელ დირექტორს, ჯეისონ კელის შეხვდა. საუბარი შეეხო ბიოტექნოლოგიების სფეროში საქართველოს პოტენციალს და საქართველოში კომპანია "Ginkgo Bioworks"-ის საქმიანობის გაფართოების პერსპექტივებს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობას შემუშავებული აქვს რეფორმების გეგმა, რომლის შემადგენელი ნაწილია ინოვაციური ეკონომიკის განვითარება, რაც, მისი თქმით, ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური ზრდის წამყვან ძალად უნდა იქცეს. შეხვედრაზე მხარეებმა აკადემიური და კერძო სექტორის თანამშრომლობის მნიშვნელობასა და ინოვაციური პროდუქტების კომერციალიზაციაზე ისაუბრეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უმსხვილესი თურქული კომპანია "Limak"-ის თავმჯდომარეს, ებრუ ოზდემირს შეხვდა. საუბარი შეეხო საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს და ხაზი გაესვა იმ შესაძლებლობებს, რასაც საქართველო ინვესტორებს სთავაზობს. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოში ტურიზმის განვითარების საკითხები იყო. ითქვა, რომ საქართველო ტურისტულად მიმზიდველი ქვეყანაა, რასაც ადასტურებს უცხოელ ვიზიტორთა რიცხვის მნიშვნელოვანი ზრდა. აღნიშნულ კონტექსტში, საუბარი შეეხო დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მნიშვნელობას.


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

ფოტოალბომი