საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2017 წლის ვიზიტები და შეხვედრები

პრემიერ-მინისტრმა 14 სექტემბერს ბორდოში ოფიციალურად გახსნა გამოფენა - „საქართველო - მეღვინეობის აკვანი“ ამოსაბეჭდი ვერსია

2017-09-15

1  2

3   4

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 14 სექტემბერს, საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში - Cité des Civilisations Du Vin, ოფიციალურად გახსნა გამოფენა - „საქართველო - მეღვინეობის აკვანი".

მთავრობის მეთაური ბორდოში მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

საქართველო არის პირველი მიწვეული ქვეყანა, რომელმაც ღვინის ცივილიზაციის ცენტრში მევენახეობა-მეღვინეობის გამოფენათა ციკლი გახსნა და ღვინის ცივილიზაციის მუზეუმის საპატიო მასპინძელია.

ქართული გამოფენის ფარგლებში, „იუნესკოს" მიერ „ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდის" მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებასთან დაკავშირებით, ღვინის ცივილიზაციის ცენტრის ცენტრალურ შესასვლელში, სპეციალურად ამ გამოფენისთვის დამზადებული დიდი ზომის ქვევრი განთავსდა, რომელიც მუდმივ ექსპოზიციაში რჩება. პრემიერ-მინისტრმა, ბორდოს მერთან, ალან ჟუპესთან ერთად, ასევე დაათვალიერა ექსპოზიცია, რომელიც საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა მოამზადა და ქართული მეღვინეობის უდიდეს და უწყვეტ 8 000-წლიან ისტორიას ასახავს.

ბორდოს ღვინის ცივილიზაციის ცენტრში წარმოდგენილია უნიკალური არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ნიმუშები საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან, რომლებიც ადასტურებს, რომ საქართველო უძველესი ღვინის ცივილიზაციის ქვეყანაა.

ქართულ საგამოფენო სივრცეში, 3-თვიანი გამოფენის მანძილზე, მუდმივად ტარდება სხვადასხვა ღონისძიება - სამეცნიერო კონფერენციები, პრეზენტაციები, ღვინის პროფესიული დეგუსტაცია, რომელსაც მსოფლიოში აღიარებული ღვინის ექსპერტები უძღვებიან. ასევე, რამდენჯერმე გაიმართა სპეციალურად გამოფენისადმი მიძღვნილი კულტურული და თემატური ღონისძიებები.

გამოფენას, მხოლოდ პირველი კვირის განმავლობაში, 4 000-მდე დამთვალიერებელი სტუმრობდა.

გამოფენის გახსნის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბორდოს მერს შეხვდა. საფრანგეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორდოს მერმა ალან ჟუპემ შეხვედრისას აღნიშნა, რომ დემოკრატიული განვითარების გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს მიესალმება.

პრემიერმა ბორდოს მერს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ საქართველოს მიეცა შესაძლებლობა, ყოფილიყო პირველი ქვეყანა, რომელიც ღვინის ცივილიზაციის ცენტრში ქართული ღვინის განსაკუთრებულ სახეობებს მსოფლიოს წარუდგენს. გიორგი კვირიკაშვილმა ალან ჟუპე საქართველოში მიიწვია.

ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში საქართველოს საგამოფენო სივრცის გახსნასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა სტუმრებს ოფიციალურ მიღებასა და ვახშამზე უმასპინძლა.

მსოფლიო ღვინის დედაქალაქ ბორდოში, რომელიც ყოველწლიურად 6 მილიონზე მეტ ტურისტს მასპინძლობს, ქართული ღვინის გამოფენა - „საქართველო - მეღვინეობის აკვანი" 5 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური