საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2017 წლის სხდომები

2017 წლის 23 მარტის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-03-23

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 34 საკითხი განიხილა. დღის წესრიგი

სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, კიდევ ორი ახალი საწარმო შეიქმნება.

ქუთაისში არაძვირფასი ლითონების მწარმოებელი საწარმოს ასამოქმედებლად, ინვესტორს სახელმწიფო მიწას გადასცემს, ასევე, მეწარმე ისარგებლებს პროგრამით გათვალისწინებული ყველა მექანიზმით, მათ შორის - სესხის სუბსიდირებითა და საბანკო უზრუნველყოფის ნაწილში თანამონაწილეობით.

განხორციელდება 1 360 000 ლარის ინვესტიცია და პროექტის სხვადასხვა ეტაპზე 60-მდე ადამიანი დასაქმდება.

საფეიქრო ნაწარმის მწარმოებელი საწარმო შეიქმნება თბილისში, განხორციელდება 4 მილიონ ლარამდე ინვესტიცია და პირველ ეტაპზე საწარმოში 30-მდე ადამიანი დასაქმდება.

მთავრობის გადაწყვეტილებით, მმართველობის რეფორმის ფარგლებში, ერთიანი სამთავრობო სივრცის შექმნა იგეგმება, სადაც პრაქტიკულად ყველა სამინისტრო განთავსდება. ამ მიზნით, კრწანისის რაიონში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ტერიტორიების განვითარების გენერალურ გეგმაზე მუშაობა იწყება.

მთავრობამ დღესვე დაამტკიცა დადგენილება, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების სააგენტოს შექმნის შესახებ. სააგენტო ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების პროექტის კოორდინაციასა და საქართველოს მთავრობასა და შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" შორის 2016 წლის 3ოქტომბერს გაფორმებული ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და გადმოცემის (BOT) შესახებ" საინვესტიციო ხელშეკრულების მონიტორინგსუზრუნველყოფს. სააგენტოს ფუნქციები დეტალურად ჩამოყალიბდება დებულებაში, რომელიც ერთი თვის ვადაში დამტკიცდება. ამავე ვადაში დაინიშნება სააგენტოს ხელმძღვანელიც.

მთავრობის გადაწყვეტილებით, რიკოთის უღელტეხილზე, ხევი-უბისა-შორაპანი-არგვეთის მონაკვეთის 42 კმ სიგრძის 4-ზოლიანი გზის მშენებლობის პროექტირება იწყება, რომელიც 90-მდე ხიდსა და 40-მდე გვირაბს მოიცავს. შესაბამისი ხელშეკრულება, პროეტირების შესახებ, მინისტრთა კაბინეტმა დღევანდელ სხდომაზე მოიწონა. მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების ყველაზე მოცულობითი კომპონენტის სივრცითი მოწყობის ფარგლებში განხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 800 მილიონ დოლარს შეადგენს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური