საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2017 წლის სხდომები

2017 წლის 22 ივნისის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-06-22

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 28 საკითხი განიხილა. დღის წესრიგი

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საცხოვრებელი სახლი საკუთრებაში კიდევ 389 დევნილ ოჯახს გადაეცემა. დევნილები ბინებს თბილისში, ბორჯომში, ფოთში, ზუგდიდსა და ახალციხეში მიიღებენ. ბოლო წლების განმავლობაში მთავრობამ საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში 15 ათასამდე დევნილ ოჯახს გადასცა და ეს პროცესი გრძელდება.
მთავრობამ ასევე დაამტკიცა ვიდეოჯარიმების აღსრულებასა და ლიზინგის რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროექტის „უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა" ფარგლებში შეიმუშავა.

პროექტის თანახმად, ინერგება წამახალისებელი მექანიზმი ვიდეოჯარიმებთან დაკავშირებით; ყველა დაჯარიმებულ მოქალაქეს ეძლევა ე.წ. საშეღავათო პერიოდი და თუ ჯარიმას ამ პერიოდის განმავლობაში გადაიხდის, ჯარიმის ოდენობა 20%-ით შეუმცირდება.

გარდა ამისა, პროექტი ასევე ითვალისწინებს ვიდეოფირზე ან ფოტოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევებზე გამოცემული დაჯარიმების შესახებ დადგენილების აღსრულების ახალ წესს, რომელიც სამართალდამრღვევს აღარ აძლევს შესაძლებლობას, თავი აარიდოს საჯარიმო ქვითრის ჩაბარებას.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური