საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2017 წლის სხდომები

2017 წლის10 აგვისტოს მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-08-10

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 36 საკითხი განიხილა. დღის წესრიგი

მთავრობამ დაამტკიცა განკარგულების პროექტი ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების საქართველოში ჩამობრძანებასთან დაკავშირებული ღონისძიებების. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული ქეთევან დედოფლის ნეშტის ნაწილები ინდოეთიდან საქართველოს 6 თვით დაუბრუნდება.
საქართველოს საპატრიარქოს ჩართულობით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის და საგარეო საქმეთა სამინისტროები უზრუნველყოფენ საქართველოს რეგიონებში ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების ჩაბრძანებას, გამოფენების მოწყობას და საერთაშორისო კონფერენციის ჩატარებას, სადაც განხილული იქნება ქეთევან დედოფალთან დაკავშირებული მემკვიდრეობის კვლევისა და კონსერვაციის საკითხები. ამ მიზნით, ბიუჯეტიდან დაახლოებით 340 000 ლარი გამოიყოფა.

მინისტრთა კაბინეტმა დღესვე დაამტკიცა განკარგულება სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების შესახებ, რომლის თანახმად, ონის, დუშეთის, ხარაგაულის, მარტვილის, ხონისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში წელს მომხდარი სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად, 3 845 000 ლარი გამოიყოფა.