საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2017 წლის სხდომები

2017 წლის 27 ოქტომბრის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-10-27

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 22 საკითხი განიხილა. დღის წესრიგი

მთავრობის განკარგულებით, ოთხპუნქტიანი გეგმის სივრცითი მოწყობის ფარგლებში, მსოფლიო ბანკთან ერთად, 15 ადგილობრივი გზის რეაბილიტაციის პროექტი იწყება. ტენდერში გამარჯვებულმა კორეულმა კომპანიამ - „Soosung Engineering Co. Ltd"-მ 6 თვეში უნდა მოამზადოს დეტალური პროექტები კახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, რაჭის და სამეგრელოს რეგიონებში გზების რეაბილიტაციაზე. პროექტირების ღირებულება დაახლოებით 327 მილიონი დოლარი და მილიონნახევარი ლარია.
საუბარია აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას; წიწამური-საგურამო-ცხვარიჭამიის; სადახლო-ახკერპის; არხილოსკალო-სამთაწყაროს; წალენჯიხა-ჯვარი-ჯიხაშკარის; გუფთა-ონის; თბილისი (პანტიანი)-მანგლისის და კიდევ რამდენიმე მონაკვეთის, ჯამში 100 კილომეტრამდე ფართობზე.

მთავრობამ ასევე დაამტკიცა განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ", რომლის თანახმად, საცხოვრებელ ფართებს საკუთრებაში მიიღებს კიდევ 240 დევნილი ოჯახი თბილისში, გორში, რუსთავსა და ბათუმში. 2012 წლიდან დღემდე საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში 15 800 დევნილ ოჯახს გადაეცა.
მინისტრთა კაბინეტმა დღესვე დაამტკიცა ტექნიკური რეგლამენტი "სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ", რომელიც სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნებს განსაზღვრავს. ტექნიკური რეგლამენტით რეგულირდება ძირითადი მოთხოვნები სიმაღლეზე სამუშაოების შესრულებისას და პრევენციული ღონისძიებების ზოგადი პრინციპები, წესდება დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ვალდებულებები, რომლებიც მიმართულია უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნისაკენ. რეგლამენტით განისაზღვრა ინდივიდუალური დაცვის საშუალებებისა და კოლექტიური დაცვის საშუალებების ჩამონათვალი, ასევე, გაიწერა, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს დაცვის თითოეული საშუალება და რა სახის სამუშაოების განხორციელებისას, კონკრეტულად დაცვის რომელი საშუალება უნდა იყოს გამოყენებული.

სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში კიდევ ერთი ახალი საწარმო იქმნება. განაკრგულების პროექტი, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აგროენერჯისათვის" პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ" მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა. წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ავრანლოში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 10000.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე შპს „აგროენერჯი" მესაქონლეობის ფერმას შექმნის, რისთვისაც 224 000 ლარის ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს.
მინისტრთა კაბინეტმა დღესვე დაამტკიცა დადგენილების პროექტი ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების შესახებ", რომელიც ხელს შეუწყობს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესებას.
ასევე, დამტკიცდა ,,აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტი", რომელიც განსაზღვრავს, რა ცოდნას, უნარ-ჩვევებს, ღირებულებებსა და დამოკიდებულებებს უნდა ფლობდეს აღმზრდელ-პედაგოგი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში სააღმზრდელო-პედაგოგიური საქმიანობის დაგეგმვის, წარმართვის და შეფასებისთვის.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური