საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2017 წლის სხდომები

2017 წლის 8 ნოემბრის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-11-08

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 20 საკითხი განიხილა. დღის წესრიგი

მთავრობის გადაწყვეტილებით, ცვლილებები შევიდა დადგენილების პროექტში „აწარმოე საქართველოში" სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ", რაც პროგრამის შესაძლებლობების გაფართოებას ისახავს მიზნად. ცვლილების თანახმად, პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანადაფინანსება მიმართული იქნება ძირითადი საშუალებების შესაძენად/შესაქმნელად, რაც განაპირობებს საწარმოო სიმძლავრეების მოდერნიზაციას და ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას და პროგრამის უფრო ეფექტიანად განხორციელებას.

მთავრობამ ასევე დაამტკიცა „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ერთიანი სტრატეგია 2017 - 2021", რომელიც ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს, განათლების და მეცნიერების სფეროს მიღწევებისა და გამოწვევების ანალიზს ეფუძნება.
დოკუმენტი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა განათლების პროგრამების შესაბამისობის უზრუნველყოფა შრომის ბაზარის მიმდინარე და მომავალ მოთხოვნებთან, სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობა, ყველა დონეზე განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, დასაქმებაზე მიბმული პროფესიული მომზადება, უმაღლესი განათლების, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების კავშირი ქვეყნის ეკონომიკის მდგრად განვითარებასთან.
სტრატეგიაში ასახულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემის ყველა მიმართულება: ბავშვთა ადრეული/სკოლამდელი აღზრდა და განათლება, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლება, ზრდასრულთა განათლება, მეცნიერება და კვლევები. დოკუმენტში დაცულია მთელი ცხოვრების მანძილზე განათლების (LLL) პრინციპი და განათლების სხვადასხვა დონეების შორის კავშირის უზრუნველყოფა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური