საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2017 წლის სხდომები

2017 წლის 30 ნოემბრის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-11-30

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 34 საკითხი განიხილადღის წესრიგი

მთავრობამ დაამტკიცა განკარგულების პროექტი, რომლის თანახმად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ 1000-ზე მეტ სტუდენტს 2017-2018 წლებში სწავლას დაუფინანსებს. მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენენ სტუდენტები, რომელთა ოჯახებმაც რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის გადმოწევის, მავთულხლართების გავლებისა და სხვა ბარიერების აღმართვის შედეგად ქონებრივი ზიანი მიიღეს და რომლებიც ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის ან მაგისტრატურის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლობენ. 2013 წელს, სამინისტროს მიერ - 471, 2014 წელს - 586, 2015 წელს - 736, 2016 წელს კი 905 სტუდენტი დაფინანსდა, ხოლო მიმდინარე სასწავლო წელს, სამინისტრო 1000-ზე მეტ სტუდენტს დააფინანსებს.

მინისტრთა კაბინეტმა ასევე დაამტკიცა განკარგულების პროექტი „კურორტ ლებარდეს განვითარებისათვის  რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე", რომლის თანახმად, კურორტ ლებარდესთვის განაშენიანების რეგულირების გეგმის დოკუმენტაცია შემუშავდება.

 „ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა ,,ქართული ჩაის" ფარგლებში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ოფურჩხეთში ჩაის გადამამუშავებელი საწარმო შეიქმნება. ამ მიზნით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთები შპს ,,რენეგეიდ თიის" იჯარის უფლებით გადაეცემა.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ჩაის კიდევ ერთი გადამამუშავებელი საწარმო შეიქმნება ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფელ გეზრულში, რისთვისაც, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების კოოპერატივი „რკ ხავერდოვანი ჩაის" იჯარის უფლებით გადაეცემა.

მთავრობამ ასევე დაამტკიცა განკარგულების პროექტი, რომლის თანახმად, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისში, წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესების მიზნით, დაბა მანგლისის სასმელი წყლის სათავე ნაგებობის და წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის I ეტაპის სამუშაოებს განახორციელებს. პროექტით ასევე გათვალისწინებულია დაბა მანგლისში, კომპანიის აბონენტების გამრიცხველიანება, რაც უზრუნველყოფს სასმელი წყლის რაციონალურ მოხმარებას. პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების სავარაუდო ღირებულება 589 000 ლარს შეადგენს.


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური