საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ვერნერ ლიპახთან ამოსაბეჭდი ვერსია

2018-04-18

საქართველოს მთავრობის სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად მიღებული ეკონომიკური ზრდის პოზიტიური დინამიკა, რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის განხორციელების პროცესში მიღწეული წარმატებები და საქართველოსადმი აზიის განვითარების ბანკის (ADB) მტკიცე მხარდაჭერა იყო პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის ახალი გენერალური დირექტორის, ვერნერ ლიპახის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. მთავრობის მეთაურმა ADB-ის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების, ასევე - საპენსიო და კაპიტალის ბაზრისა და საჯარო-კერძო პარტნიორობის რეფორმების პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ვერნერ ლიპახს სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა. თავის მხრივ, ვერნერ ლიპახმა ხაზი გაუსვა ADB-ის მტკიცე და მზარდ პარტნიორობას საქართველოსთან და დაადასტურა ADB-ის მისწრაფება, მხარი დაუჭიროს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მომავალშიც. მისივე თქმით, საქართველო წარმოადგენს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ უმნიშვნელოვანეს დერეფანს და აზიის განვითარების ბანკის ხელშეწყობით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები ქვეყანაში განსაკუთრებული წარმატებით ხორციელდება.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას ყურადღება გამახვილდა ქვეშეთი - კობის პროექტის მნიშვნელობაზე, რომელიც აგრეთვე ADB-ის მხარდაჭერით განხორციელდება. ქვეშეთი-კობის მონაკვეთი საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ნაწილია და პროექტი 24-კილომეტრიანი გზის, ასევე გვირაბისა და ხიდის მშენებლობას ითვალისწინებს. ითქვა, რომ ახალი გზა ჯვრის უღელტეხილზე, ზამთარში, ზვავსაშიშროებისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საავტომობილო და სატრანზიტო მიმოსვლისას შექმნილი შეფერხებების მნიშვნელოვანი პრევენცია იქნება. აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი განვითარების პარტნიორია, რომლის მხარდაჭერით 2.4 მილიარდ აშშ დოლარამდე ღირებულების პროექტებია განხორციელებული, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი და ბანკის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში იეშიმ ელჰან-კაიალარი და საქართველოში ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის პროექტების ოფიცერი გიორგი კიზირია ესწრებოდნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური