საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

Gebrüder Weiss-ი საქართველოში 2 მილიონი ევროს ინვესტირებას გეგმავს ამოსაბეჭდი ვერსია

2018-04-19

მსხვილი ავსტრიული სატრანსპორტო და ლოგისტიკური კომპანია Gebrüder Weiss-ი საქართველოში ტერმინალის გაფართოებაში დამატებით 2 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს, - ამის შესახებ კომპანიის მმართველი საბჭოს წევრმა ვოლფრამ ზენგერ-ვაისმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელი შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, კომპანია საქართველოში განხორციელებული ინვესტიციით კმაყოფილია და მიესალმება განვითარების იმ დინამიკას, რომელიც ქვეყანაში არსებობს.

„ჩვენ დაახლოებით 5 წლის წინ შემოვედით საქართველოში და დღეს ძალიან კმაყოფილნი ვართ ჩვენი ინვესტიციებით. ჩვენ არაერთი ბიზნესი მოვიზიდეთ. ასევე შემოგვყავს მსხვილი იაპონური კომპანია. ეს პოზიტიური ტენდენცია გაგრძელდება. ჩვენ ვაპირებთ, დამატებით 2 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიცია განვახორციელოთ ჩვენი ლოგისტიკური ტერმინალის გაფართოებაში. ეს არის პირველი ნაბიჯი განვითარების შემდგომ ფაზაზე. პრემიერ-მინისტრმა გამაცნო ქვეყნის წარმატებები და აღნიშნა, რომ დაინტერესებულია ლოგისტიკის სექტორის განვითარებით. საქართველოში ლოგისტიკური ტერმინალის გახსნის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ ორიოდე წლის წინ მივიღეთ, სწორი აღმოჩნდა. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა აქ ყოფნა", - განაცხადა ვოლფრამ ზენგერ-ვაისმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.

სამხრეთ კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი უდიდესი პრემიუმკლასის ლოგისტიკური ტერმინალის მშენებლობაში თბილისში Gebrüder Weiss-მა 10 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიცია განახორციელა. კომპანიის საქმიანობის ძირითადი სფეროებია სახმელეთო ტრანსპორტირება, საჰაერო და საზღვაო ტვირთების გადაზიდვა, ლოგისტიკა და სხვა. Gebrüder Weiss-ს, რომლის გლობალური ქსელი მსოფლიოს 28 ქვეყანაში 150 ფილიალს აერთიანებს, 7 000-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრას Gebrüder Weiss-ის გენერალური დირექტორი ალექსანდრე ხარლამოვი, კომპანიის რეგიონული დირექტორი ტომას მოზერი და საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური