საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

პასკალ მენიემ მამუკა ბახტაძეს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური მილოცვა გადასცა ამოსაბეჭდი ვერსია

2018-07-30

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საფრანგეთის ელჩს საქართველოში პასკალ მენიეს შეხვდა.

დიპლომატმა საქართველოს მთავრობის მეთაურს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის მიერ გამოგზავნილი ოფიციალური მილოცვა გადასცა.

შეხვედრისას საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ მაღალი დონის პოლიტიკურ ურთიერთობებს და აღინიშნა ეკონომიკური კავშირების მასთან შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობა.

საფრანგეთის ელჩმა დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი რეფორმები, მათ შორის ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისა და ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით.

ხაზი გაესვა ბიზნესებს შორის კავშირების გააქტიურების მნიშვნელობას. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მიესალმება და ყოველთვის მხარს დაუჭერს საქართველოში ფრანგული ინვესტიციების განხორციელებას.

ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას. ფრანგმა დიპლომატმა დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც ხელს უწყობს ხალხთაშორისი კონტაქტების გააქტიურებას და ნდობის აღდგენას.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობაზე და აღნიშნეს, რომ მის გაღრმავებას ხელს შეუწყობს საქართველოში ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის დაფუძნება, რის შესახებაც შეთანხმება ორ ქვეყანას შორის ცოტა ხნის წინ გაფორმდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური