საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

მამუკა ბახტაძე - საქართველოს ძალიან დიდი სამეცნიერო ტრადიციები აქვს და ნამდვილად შეუძლია, იამაყოს თავისი სახელოვანი, მსოფლიოში განთქმული მეცნიერებით ამოსაბეჭდი ვერსია

2018-10-02

ჩვენი სტრატეგიული მიზანია, განათლებისა და მეცნიერების სექტორი დომინანტი იყოს ჩვენს ეკონომიკაში და ჰქონდეს მინიმუმ ორნიშნა ციფრი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ რიგით 26-ე კომეტ-კოლაბორაციის საერთაშორისო ვორკშოპის გახსნისას განაცხადა, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მასპინძლობს.

პრემიერმა საქართველოს ძალიან დიდ სამეცნიერო ტრადიციებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ქვეყანას ნამდვილად შეუძლია, იამაყოს თავისი სახელოვანი და მსოფლიოში განთქმული მეცნიერებით.

„სასიხარულოა, რომ ქართველი მეცნიერები და ინჟინრები აქტიურად არიან ჩართული საერთაშორისო კოლაბორაციებში, სადაც მიმდინარეობს ფუნდამენტური კვლევები და თავმოყრილია  თანამედროვე საინჟინრო ტექნოლოგიები, რათა გადაიჭრას როგორც ფუნდამენტური, ისე გამოყენებითი მეცნიერების ძირითადი პრობლემები. ჩვენს მთავრობას პრიორიტეტად აქვს გამოცხადებული მეცნიერებისა და თანამედროვე საინჟინრო ტექნოლოგიების განვითარება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ შევქმნათ მაღალი დონის საგანმანათლებლო სისტემა და  უზრუნველვყოთ შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის არსებობა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა კმაყოფილება გამოთქვა, რომ სამუშაო შეხვედრაში ბევრი სტუმარი მონაწილეობს, მათ შორის იაპონიიდან და აღნიშნა, რომ იაპონიის ეკონომიკის წარმატების ერთ-ერი ფორმულა სწორედ მეცნიერების სექტორში განხორციელებული ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციებია.

„მოგეხსენებათ, 2 წლის წინ მთავრობამ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დააფინანსა ბირთვული და ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის თანამედროვე ლაბორატორიის პროექტი.  ეს  პროექტი  წარმატებული აღმოჩნდა და დღეს გამოყენებული იქნება კომეტ-ექსპერიმენტის სისტემის შექმნისთვის. ჩვენთვის ძალიან  საამაყოა, რომ ასეთი მაღალი დონის ვორკშოპი იმართება თბილისში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და მინდა, იყოთ დარწმუნებული, რომ საქართველოს მთავრობა ყოველთვის გვერდით დაუდგება ასეთ მნიშვნელოვან ინიციატივებს", - აღნიშნა პრემიერმა.

COMET საერთაშორისო კოლაბორაცია იაპონიის გარეთ, გასვლით სამუშაო შეხვედრებს წელიწადში ერთხელ ატარებს.  წლევანდელ სამუშაო შეხვედრას, რომელიც საერთაშორისო სამეცნიერო თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 2-5 ოქტომბერს მასპინძლობს. 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური