საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

პრემიერმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესსა  და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს ამოსაბეჭდი ვერსია

2018-10-02

---

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია ჩვენთვის უმაღლესი დონის პრიორიტეტია და ამ პროცესში ევროპელი მეგობრების მხარდაჭერას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალ ხელმძღვანელ კარლ ჰარცელთან შეხვედრისას განაცხადა.

აღინიშნა, რომ საქართველო განხორციელებული რეფორმებით და მიღწეული პროგრესით აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი ქვეყანაა. ხაზი გაესვა აღმოსავლეთ პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებისა და მომავალ წელს, ინიციატივის 10 წლის იუბილეს სათანადოდ აღნიშვნის მნიშვნელობას.

ყურადღება გამახვილდა ვიზალიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობაზე, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკაზე, ასევე მაღალი დონის ფორმატზე, რომლის პირველი შეხვედრა ნოემბერში ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ევროკომისიის პრეზიდენტის თავმჯდომარეობით გაიმართება. საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ მაღალი დონის ურთიერთობებს, პრემიერ-მინისტრის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას ევროკომისიის პრეზიდენტ იუნკერსა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ფედერიკა მოგერინისთან გამართულ შეხვედრებს და მაღალი დონის ვიზიტების დინამიკას.

მამუკა ბახტაძემ კარლ ჰარცელს ინფორმაცია მიაწოდა მიმდინარე კომპლექსურ რეფორმებზე, მათ შორის განათლების სექტორში დაგეგმილ ძირეულ ცვლილებებზე. პრემიერმა კმაყოფილება გამოთქვა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ Erasmus-ის პროგრამის დაფინანსება საქართველოსთვის იზრდება და განაცხადა, რომ ეს სრულ თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის ხედვასთან, ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით. აღინიშნა, რომ განათლების დონის ამაღლებას ასევე ხელს შეუწყობს ევროპული სკოლა, რომელიც თბილისში ცოტა ხნის წინ გაიხსნა.

ხაზი გაესვა ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების წარმატებით განხორციელების პროცესს, ასევე საქართველოსა და ევროკავშირს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას.

პრემიერმა და ელჩმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე და ევროკავშირის როლზე აღნიშნული ვითარების დაძლევის საქმეში, ასევე - საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე, რომელიც კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენას ისახავს მიზნად. 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური