საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

საქართველოში  ელექტრონული რეზიდენტობის პრაქტიკა დამკვიდრდება ამოსაბეჭდი ვერსია

2018-10-03

საქართველოში  ელექტრონული რეზიდენტობის პრაქტიკა დამკვიდრდება.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამ პრაქტიკის შემოღებით 34 ქვეყნის მოქალაქეს ექნება საშუალება საქართველოში ჩამოუსვლელად მოახდინონ საკუთარი კომპანიების ელექტრონული რეგისტრაცია, გახსნან საბანკო ანგარიში და სრულად ისარგებლონ საქართველოში არსებული შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმებით.

„ეს არის რევოლუციური მნიშვნელობის ცვლილება. შემოგვაქვს ელექტრონული რეზიდენტობის პრაქტიკა. ამ პრაქტიკის შემოღებით 34 ქვეყნის მოქალაქეს ექნება საშუალება საქართველოში ჩამოუსვლელად მოახდინონ საკუთარი კომპანიების ელექტრონული რეგისტრაცია, გახსნან საბანკო ანგარიში და სრულად ისარგებლონ საქართველოში არსებული შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმებით. ეს გახლავთ ყველა ეკონომიკურად განვითარებული სახელმწიფო. ყველა უწყებას მიეცემა დავალება და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი გადაეგზავნება პარლამენტს. ჩვენი მიზანია, რომ მომავალი წლის პირველი იანვრიდან საქართველოში ეს სერვისი არსებობდეს. დღეს შეხვედრა გვექნება ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან, სადაც დეტალურად ვიმსჯელებთ ამ ისტორიულ ინიციატივაზე", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური