საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება სუამ-ის წევრი სახელმწიფოების მთავრობის მეთაურთა ერთობლივ პრესკონფერენციაზე ამოსაბეჭდი ვერსია

2018-10-05

 

უპირველეს ყოვლისა, დიდ მადლობას მოვახსენებ მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ბატონ ფილიპს მოლდოვაში, ამ ლამაზ ადგილზე სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა მთავრობის მეთაურთა სხდომის მასპინძლობისთვის.

ჩვენ ვამაყობთ, რომ დაარსებიდან 21 წლის განმავლობაში სუამ-ი ჩამოყალიბდა, როგორც სრულფასოვანი რეგიონული თანამშრომლობის საერთაშორისო მექანიზმი, რომელიც ეფუძნება პარტნიორობას, სოლიდარობას და ურთიერთპატივისცემას ოთხივე წევრ ქვეყანას შორის.

მსოფლიოში ამჟამად მიმდინარე ახალი ძვრებისა და დინამიკის გათვალისწინებით, სხდომაზე ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ პოლიტიკური კონსოლიდაციისა და ურთიერთქმედების მნიშვნელობა როგორც სუამ-ის ფარგლებში, ისე მის გარეთ. ჩვენ ასევე დავსახეთ სექტორული თანამშრომლობის გაფართოების კონკრეტული გზები.

ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ მზადყოფნა, გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა ორგანიზაციის შემდგომი განვითარებისა და მისი სრული პოტენციალის გამოყენების უზრუნველსაყოფად.

ვსარგებლობ შემთხვევით, რათა ხაზგასმით აღვნიშნო საქართველოს ურყევი გადაწყვეტილება ორგანიზაციის ეფექტიანი მუშაობის მხარდაჭერის გაგრძელებასთან დაკავშირებით, ასევე წევრ სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობის და საერთაშორისო ასპარეზზე სუამ-ის როლის გაძლიერებასთან დაკავშირებით.

დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ აღვნიშნეთ, რომ, სუამ-ის ტერიტორიაზე გადაუჭრელი კონფლიქტების გათვალისწინებით, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა, რათა უზრუნველვყოთ ფართო საერთაშორისო მხარდაჭერა და შესაბამისი რეაგირება სუამ-ის წევრი ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ მიმდინარე დარღვევებზე. 

ჩვენ ასევე აღვნიშნეთ სუამ-ის ამჟამინდელ პარტნიორებთან - იაპონიასა და აშშ-თან სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელობა და განვაცხადეთ, რომ სუამ-ი კვლავაც მიესალმება ურთიერთქმედებებს სხვა სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომელიც ემყარება საერთო პრინციპებსა და ღირებულებებს. ამ მხრივ, მინდა აღვნიშნო 24 სექტემბერს ნიუ-იორკში საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს შეხვედრაზე გაჟღერებული ინიციატივა სუამი-ის ფორმატში კანადასთან თანამშრომლობის დამყარებასთან დაკავშირებით.

ჩვენ მივესალმეთ სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის მე-11 პლენარულ სხდომას, რომელიც გაიმართა 27-28 სექტემბერს კიშინეუში და რომელშიც ტრადიციულად მონაწილეობდა ბალტიისპირეთის ასამბლეა. დღეს ჩვენ ხაზი გავუსვით ამ პოზიტიური დინამიკის გაგრძელების და სუამის წევრ ქვეყნებს შორის და სხვა ორგანიზაციებთან საპარლამენტო თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების მნიშვნელობას.

დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ შევაფასეთ ჩვენი საქმიანობა და პროდუქტიული თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში: ვაჭრობა, ეკონომიკა, ტრანსპორტი, ტურიზმი, სამართალდამცავი სტრუქტურები და კიბერუსაფრთხოება.   ჩვენ ასევე აღვნიშნეთ, რომ სუამ-ი უზრუნველყოფს ყველა აუცილებელ წინაპირობას მტკიცე ინსტიტუციური ბაზის მეშვეობით, რათა განხორციელდეს მისი სექტორული პოტენციალის შემდგომი გამოყენება და ჩვენი სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოება, ასევე ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავება არა მხოლოდ სუამ-ის წევრ ქვეყნებს შორის, არამედ სხვა დაინტერესებულ ქვეყნებთანაც.

რეგიონთაშორისი კავშირების წახალისების მზარდი საერთაშორისო მნიშვნელობის გათვალისწინებით, ჩვენ აღვნიშნეთ, რომ სუამ-მა უნდა შეასრულოს უფრო აქტიური როლი. ამ მხრივ, არსებითად მნიშვნელოვანია, რომ სრულად იყოს გამოყენებული სუამ-ის თავისუფალი სავაჭრო ზონის პოტენციალი და გაიზარდოს ორგანიზაციის ძალისხმევა, რომელიც მიმართულია სუამ-ის სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის გაზრდისკენ.

ჩვენ ასევე განვიხილეთ „სუამ-ის წევრ ქვეყნებს შორის თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნის შესახებ შეთანხმების პროტოკოლი პროდუქციის მწარმოებელი ქვეყნის იდენტიფიკაციის რეგულაციებთან დაკავშირებით" და ხაზი გავუსვით კომპრომისის მიღწევის მნიშვნელობას, რათა ეს დოკუმენტი ხელმოწერილი იყოს უახლოეს მომავალში.

ჩვენ მივესალმეთ სუამ-ის წევრი ქვეყნების საბაჟო ადმინისტრაციებს შორის ხელმოწერილ პროტოკოლს საბაჟო დანაშაულთან ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ, რომელიც ეხება სუამ-ის წევრი ქვეყნების საზღვრებზე საჰაერო ტრანსპორტით პროდუქციის ტრანსპორტირებას და რომლის მიზანიცაა ჩვენს ქვეყნებს შორის საბაჟო თანამშრომლობის განვითარება.

ჩვენი ღრმა რწმენით, სუამ-ის ფარგლებში სექტორული თანამშრომლობის გაღრმავება კონკრეტულ შედეგებს მოუტანს ჩვენს მოქალაქეებს, მეწარმეებსა და, ზოგადად, საზოგადოებას. ადამიანთა შორის კონტაქტების, მეწარმეობის, შემოქმედებითობის და მდგრადობის შემდგომი განვითარება არის ჩვენი ერების წარმატებული მომავლისკენ მიმავალი გზა.

და ბოლოს, კიდევ ერთხელ ვადასტურებ საქართველოს მზადყოფნას, შეასრულოს აქტიური როლი სუამ-ის, როგორც ღია, სასარგებლო და შედეგზე ორიენტირებული ორგანიზაციის, ასევე მისი მოდერნიზაციის, გამართულად მუშაობისა და ეფექტიანობის მხარდაჭერაში.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური