საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

საქართველოსა და მოლდოვას პრემიერ-მინისტრებმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს ამოსაბეჭდი ვერსია

2018-10-05

  3

საქართველო და მოლდოვა ახლო მეგობრები და პარტნიორები არიან, რომლებსაც საერთო ევროპული ინტერესი, ურთიერთპატივისცემა და ჩვენი ქვეყნებისადმი მსგავსი ხედვა აერთიანებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მოლდოველ კოლეგა პაველ ფილიპთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

პრემიერის შეფასებით, სასიხარულოა, რომ უკანასკნელ წლებში ორმხრივი ურთიერთობა ვითარდება და საქართველო და მოლდოვა ნაყოფიერად თანამშრომლობენ ყველა იმ სფეროში, რომლებიც საერთო ეროვნულ ინტერესებშია.

მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვა პრემიერ-მინისტრ ფილიპის დამსახურებას უკანასკნელ პერიოდში ქართულ-მოლდოვური ურთიერთობების განმტკიცებაში და კმაყოფილება გამოთქვა  ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურებასთან დაკავშირებით, რასაც ვიზიტებისა და შეხვედრების აქტიური დინამიკაც ადასტურებს.

"ორივე მხარის სურვილია, ეს დადებითი ტენდენცია მომავალშიც შენარჩუნდეს. მივესალმებით ჩვენი ქვეყნების სამინისტროებსა და უწყებებს შორის აქტიურ ურთიერთობასა და წარმატებულ თანამშრომლობას სამართლის, კანონის აღსრულებისა და ტურიზმის მიმართულებით. დღევანდელ შეხვედრაზე მე კიდევ ერთხელ განვაცხადე, რომ დაინტერესების შემთხვევაში და ასეთი ინტერესი არსებობს, ჩვენ მზად ვართ, გაგიზიაროთ ყველა ის წარმატება და საუკეთესო გამოცდილება, რომელიც დღეს საქართველოს აქვს. ამავე დროს, რა თქმა უნდა, ორივე მხარე დაინტერესებულია ჩვენი ქვეყნების პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებით და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებით. ამ კონტექსტში მინდა ხაზი გავუსვა საქართველო-მოლდოვის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის პირველი შეხვედრას, რომელიც 2017 წელს  გაიმართა და შევთანხმდით, რომ მეორე სხდომა უახლოეს მომავალში მოლდოვაში გაიმართება", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, სასიხარულოა, რომ ურთიერთობები საპარლამენტო დონეზეც ვითარდება. პრემიერი გამოეხმაურა თბილისში საქართველო-უკრაინა-მოლდოვის საპარლამენტო ასამბლეის მიმდინარეობას, რომელიც ტრადიციული გახდება და ქვეყნების საერთაშორისო პოზიციებს კიდევ უფრო განამტკიცებს.

"ჩვენს ქვეყნებს შორის აქტიური ურთიერთობა, განსაკუთრებით საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის კუთხით, წარმოადგენს ჩვენს პრიორიტეტს. ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე იმ საკითხების ერთობლივად წამოწევა, რომლებიც აქტუალური და საერთო და მტკივნეულია ჩვენი ქვეყნებისთვის.  ჩვენს ქვეყნებს საერთო მიზანი აერთიანებთ და ეს გახლავთ ევროპული ინტეგრაცია.  ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობა დიდი ხნის გაცხადებული პოლიტიკური პრიორიტეტია ჩემი ქვეყნისთვის და ჩვენი მოქალაქეების მკაფიო არჩევანია. საქართველოს მთავრობას აქვს ცხადი და მკაფიო მიზანი, მიაღწიოს ევროკავშირთან მაქსიმალურ ინტეგრაციას ყველა არსებული ინსტრუმენტისა და მექანიზმის გამოყენებით, ასევე - ახალი შესაძლებლობების ათვისებით. ჩვენ ვახორციელებთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, რათა გავხდეთ  ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი და მოვახდინოთ მასთან ეკონომიკური ინტეგრაცია.  გვჯერა, რომ ამ პროცესში მიღებული გამოცდილების ურთიერთგაზიარება წაადგება როგორც  საქართველოს, ისე მოლდოვას", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ  საერთო ინტერესების გარდა, საქართველო და მოლდოვა მსგავსი გამოწვევების წინაშე დგანან; ორივე ქვეყანას სჭირდება ძლიერი და ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის თვალსაზრისით.

"შეხვედრაზე განვიხილეთ რუსეთის უკანონო და პროვოკაციული ნაბიჯები, რომლებსაც ის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახორციელებს. ჩვენი ტერიტორიის 20% კვლავ ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. იქ არსებული მძიმე ვითარება შეიძლება შეფასდეს მხოლოდ, როგორც ჰუმანიტარული კატასტროფა. ჩვენ ამავე დროს ვისაუბრეთ იმ სამშვიდობო ინიციატივების შესახებ, რომლებიც საქართველოს მთავრობას აქვს, რომ ჰუმანიტარული კატასტროფა როგორმე დავძლიოთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ჩვენი მოქალაქეებისთვის შევქმნათ ახალი შესაძლებლობები. ბოლო პერიოდის განმავლობაში გვქონდა უმძიმესი შემთხვევები. ერთ-ერთი მათგანი გახლავთ ჩვენი მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის წამება და ტრაგიკული სიკვდილი. ეს ტრაგიკული შემთხვევა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ აუცილებელია ადგილზე საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების ჩამოყალიბება და ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დამცველი მონიტორების წვდომა; ამავე დროს რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულება. ეს გახლავთ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ქვაკუთხედი. საქართველო გააგრძელებს საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზაციას, რომ ეს ყველაფერი შესრულდეს და ამავე დროს იმისთვის,  რომ ადამიანებმა, რომლებიც ასეთ სასტიკ დანაშაულებს სჩადიან, აუცილებლად აგონ პასუხი საერთაშორისო სამართლის წინაშე. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა და სრულად ფოკუსირებული ვართ მშვიდობაზე და საქართველოს განვითარებაზე. ჩვენი ძალისხმევა მხოლოდ მტკიცე საერთაშორისო მხარდაჭერით იქნება ეფექტიანი. ამ თვალსაზრისით გაეროს ბოლო გენერალური ასამბლეა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, სადაც კიდევ ერთხელ გვქონდა საშუალება, საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მიგვემართა, რათა ყველას ჰქონდეს ინფორმაცია იმ რეალური სურათის შესახებ, რაც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე", - აღნიშნა პრემიერმა.

მამუკა ბახტაძემ მოლდოველ კოლეგას მასპინძლობისთვის, სუამ-ის შეხვედრის ორგანიზებისა და ნაყოფიერი დისკუსიებისთვის მადლობა გადაუხადა და გამოთქვა რწმენა, რომ ორმხრივი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

"სუამ-ი არის ის პლატფორმა, სადაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივების დანერგვას, ამავე დროს - ჩვენი ძალისხმევის გაერთიანებას, რომ ის საერთო გამოწვევები, რაც არსებობს ჩვენი ქვეყნებისა და ერების წინაშე გადალახული იყოს ძალიან ახლო მომავალში", - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოსა და მოლდოვას შორის როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ სფეროში არსებული ურთიერთობების განვითარების ძალიან მაღალ დონეზე ისაუბრა მოლდოვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა. პაველ ფილიპმა განაცხადა, რომ ქართველ კოლეგასთან განიხილა როგორც ორმხრივ, ასევე საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობაზე და მადლობა გადაუხადა მას მოლდოვის მხარდამჭერი რეზოლუციის მხარდაჭერისთვის.

"საქართველომ ხმა მისცა მოლდოვას რესპუბლიკის მხარდამჭერ რეზოლუციას, რომ რუსეთის ჯარები ჩვენს ტერიტორიაზე აღარ იყოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია  და მიგვაჩნია, რომ საქართველო არის ჩვენი მეგობარი. ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთმანეთს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ჩვენი საერთო გეზი ევროკავშირისკენ გვეხმარება ურთიერთობების გაღრმავებაში და მათთვის მეტი მნიშვნელობის შეძენაში. ასევე ვისაუბრეთ კონფლიქტებზე. მოლდოვა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და ბატონი პრემიერ-მინისტრისგანაც იგივე მოვისმინე მოლდოვის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით", - განაცხადა პაველ ფილიპმა.

მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა კმაყოფილება გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში კიშინეუში ორი ქვეყნის მთავარობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართება, რომელშიც ბიზნესწრეების წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური