საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

მამუკა ბახტაძე: მოხარულები ვართ, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს კარგად ესმით შავი ზღვის რეგიონისა და ჩვენი ქვეყნის როლი მსოფლიოს უსაფრთხოებაში ამოსაბეჭდი ვერსია

2018-10-18

1 2

3

მოხარულები ვართ, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს კარგად ესმით შავი ზღვის რეგიონისა და კონკრეტულად, ჩვენი ქვეყნის როლი მსოფლიოს უსაფრთხოებაში - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ფოთში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, სადაც დღეს აშშ-ის მთავრობის მიერ ხომალდების გადმოცემის ცერემონია გაიმართა. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა,  ქართული მხარისთვის აშშ-ს მიერ ხომალდების გადმოცემა მნიშვნელოვანია, რადგან ხაზს უსვამს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოსა და მთლიანად შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ურყევ მხარდაჭერას. 

"დღეს მნიშვნელოვანი დღეა. საქართველოს სანაპირო დაცვას ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ორი „აილენდის" კლასის ხომალდი -„ოჩამჩირე" და „დიოსკურია" გადასცა. სიმბოლურია, რომ ამ ხომალდების გადმოცემა სანაპირო დაცვის სამსახურის დაარსებიდან 20 წლისთავს დაემთხვა და პირველ რიგში, მინდა ჩვენს მეგობრებს და სანაპირო დაცვის მთელ შემადგენლობას მივულოცო ეს იუბილე. საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა და პარტნიორობა ასეთ მაღალ დონეზე არასოდეს ყოფილა და მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველას დიდი მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ეს ურთიერთობა ავიდა სტრატეგიულ და მაღალ დონეზე. შავი ზღვა დღეს და უახლოეს მომავალში აუცილებლად შეასრულებს მსოფლიოს უსაფრთხოების არქიტექტურაში განსაკუთრებულ როლს.  მოხარულები ვართ, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს კარგად ესმით შავი ზღვის რეგიონისა და კონკრეტულად, ჩვენი ქვეყნის როლი მსოფლიოს უსაფრთხოებაში. კიდევ ერთხელ მსურს მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობრებს, ამერიკელ ხალხს, ამ ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო გადადგამს უფრო მეტ პრინციპულ ნაბიჯს იმისთვის, რომ ჩვენი სანაპირო დაცვის სამსახური იყოს უფრო ეფექტურად წარმოდგენილი და უფრო აქტიური როლი შეასრულოს კონკრეტულად, შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებისა და მშვიდობიანი ცხოვრების განმტკიცების საკითხი", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს "აილენდის" კლასის ორი სადარაჯო ხომალდი გადასცა.

ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთამინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნეს.

ხომალდების გადმოცემის ცერემონიას საქართველოს მთავრობის წევრები, შინაგან საქმეთა სამინისტროს, აშშ-ის საელჩოს და ნატოს სამეკავშირეო ოფისის, ასევე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნის თავდაცვის ატაშეები დაესწრნენ. ღონისძიება ფოთში,სანაპირო დაცვის ბაზაზე გაიმართა.

ხომალდები "დიოსკურია" და "ოჩამჩირე" გამორჩეულია ტექნიკური მახასიათებლებით, აღჭურვილია თანამედროვე სანავიგაციო და კავშირგაბმულობის სისტემებით.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური