საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2018 წლის სხდომები

2018 წლის 21 თებერვლის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2018-02-21

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 20 საკითხი განიხილა. დღის წესრიგი

მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტები „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ", რომელიც ქვეყანაში მცირე მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, დაბეგვრის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის შემოღებას გულისხმობს.
მცირე ბიზნესის სტატუსს მიიღებს ყველა ის მეწარმე, რომლის შემოსავალი არ აღემატება 500 000 ლარს. პირდაპირი გადასახადი მცირე მეწარმეებისთვის 5%-დან 1%-მდე მცირდება; მეწარმეები, რომლებიც მცირე მეწარმის სტატუსის მიღების პარალელურად, დარეგისტრირდებიან დამატებითი ღირებულების გადასახადის გადამხდელად, მათ ექნებათ უფლება, ჩაითვალონ დღგ ან, თუ აქვთ დღგ-ს ზედმეტობა, დაიბრუნონ თანხა ბიუჯეტიდან გამარტივებული პროცედურით 5-დან 7 დღემდე ვადაში. მცირე ბიზნესს ვალდებულება ექნება, კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში გამოიყენოს მხოლოდ საკონტროლო-სალარო აპარატი და სასაქონლო ზედნადები; დღეს არსებული პრაქტიკა გულისხმობს გადასახადების წინასწარ გადახდას ე.წ საავანსო რეჟიმში. აღნიშნული პრაქტიკაც გაუქმდება და მცირე მეწარმეები 1%-იან ბრუნვის გადასახადს თვის ბოლოს გადაიხდიან.
თბილისში სამედიცინო ნაწარმის მწარმოებელი საწარმო შეიქმნება. ამ მიზნით, მთავრობის განკარგულებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება შპს „აპტოსს" პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაეცა. საუბარია ორხევის დასახლებაში, მექანიკური ქარხნის მიმდებარედ 10 000 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, სადაც საწარმო შეიქმნება და 2 340 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდება.
მთავრობის განკარგულებით, „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების" პროგრამის ფარგლებში, 2 კოოპერატივთან იჯარის ხელშეკრულება გაფორმდება. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს - „რკ სტელლას" და „ხიზას", რომლებშიც ჯამში გაერთიანებულია 134 ადგილობრივი მოსახლე, რომელთა საკუთრებაში არსებული საქონლის რაოდენობა 500-ზე მეტია, ახალქალაქისა და ასპინძის მუნიციპალიტეტებში 2000 ჰა-ზე მეტი ფართობის სათიბ-საძოვარი 25-წლიანი იჯარით გადაეცემა.

მინისტრთა კაბინეტმა ასევე დაამტკიცა კანონპროექტი ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ", რომლის თანახმადაც წვრილმანი ხულიგნობისთვის ჯარიმა იზრდება. კანონპროექტის თანახმად, აღნიშნული სამართალდარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1 000 ლარამდე, ნაცვლად 100 ლარისა.
სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის ან სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელება გამოწვევს დაჯარიმებას 1000 ლარიდან 4000 ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ნაცვლად 250 ლარიდან 2000 ლარამდე დაჯარიმებისა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური