საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2018 წლის სხდომები

2018 წლის 9 აგვისტოს მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2018-08-09

---

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 26 საკითხი განიხილა.  

დღის წესრიგში

მთავრობამ დაამტკიცა ცვლილებები სახელმწიფო პროგრამაში - „აწარმოე საქართველოში", რომლებიც მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობას ითვალისწინებს. ცვლილების თანახმად, 2018 წელს, სახელმწიფო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება ექნება როგორც მეწარმე სუბიექტს, რომელსაც პროგრამის ფარგლებში დაფინანსება არ მიუღია ან პირველად მონაწილეობს მასში, ასევე - მეწარმე სუბიექტს/მეწარმე სუბიექტთა ჯგუფს, რომელმაც ერთხელ უკვე მიიღო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილით განსაზღვრული ხელშეწყობა. იმისთვის, რომ მეწარმე სუბიექტებს/მეწარმე სუბიექტთა ჯგუფს კვლავ ჰქონდეს პროგრამის ფარგლებში გრანტის მიღების შესაძლებლობა, მათ უნდა წარადგინონ პროექტი, რომელიც შეეხება სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" მიკრო და მცირე მეწარმეობის ფარგლებში, მათთვის უკვე დაფინანსებული საქმიანობის გაფართოება/გადაიარაღებას. განსხვავებულად განისაზღვრება თანამონაწილეობის წილიც. პროგრამის ბენეფიციარის/ბენეფიციართა ჯგუფის მიერ პროგრამაში თანამონაწილეობის წილი განისაზღვრება დაფინანსების თანხის არანაკლებ 50 პროცენტით, მაშინ როდესაც პროგრამის ახალი ბენეფიციარის მიერ პროგრამაში თანამონაწილეობის წილი განისაზღვრება დაფინანსების თანხის არანაკლებ 20 პროცენტით. ასევე, გაზრდილია დაფინანსების მაქსიმალური მოცულობა და ნაცვლად 15 000 ლარისა, შეადგენს 20 000 ლარს.

ასევე, საქართველოს მთავრობამ 2018-2019 სასწავლო წლისთვის ბაკალავრებისთვის სასწავლო გრანტი დაამტკიცა. პროგრამული დაფინანსებისათვის სახელმწიფოს მიერ სტუდენტებისთვის - 12 723 750, ხოლო სახელმწიფო სასწავლო გრანტისთვის 12 600 000 ლარი დაიხარჯება, რაც ჯამში 25 323 750 ლარს შეადგენს. ასევე დამტკიცდა მაგისტრანტებისთვის სასწავლო სამაგისტრო გრანტი, რომლის წლიური მოცულობა 2 250 000 ლარით განისაზღვრა. მთავრობის გადაწყვეტილებით, ასევე დაფინანსდება მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამა, რისთვისაც სახელმწიფო 1 498 500 ლარს გამოყოფს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური