საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2018 წლის სხდომები

2018 წლის 6 სექტემბრის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2018-09-06

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 24 საკითხი განიხილა. დღის წესრიგი

მთავრობის გადაწყვეტილებით, საჯარო სკოლების დაფინანსება 2018 წლისთვის თვეში საშუალოდ 0.9 მლნ ლარით გაიზრდება. აღნიშნული საკითხი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა წარადგინა.

მთავრობის დადგენილებით, გაიზრდება ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერი, რაც დაკავშირებულია ქართულენოვანი საჯარო სკოლების/სექტორების დაწყებითი საფეხურის საათობრივ ბადესთან, რომელიც 2018-2019 სასწავლო წლიდან იცვლება. ზრდა გათვალისწინებულია მიმდინარე წლის ბიუჯეტში.

გარდა ამისა, მთავრობის გადაწყვეტილებით, ინკლუზიური განათლების პედაგოგთა ხელფასი 400-500 ლარით განისაზღვრება. ცვლილებების თანახმად, სპეციალური მასწავლებლის ხელფასის დაანგარიშება საჯარო სკოლის მასწავლებლის მსგავსად, სხვადასხვა კრიტერიუმით განისაზღვრება (განათლება და კვალიფიკაცია, სამუშაო სტაჟი, სამუშაო დატვირთვა და ა. შ.). მთავრობის დადგენილებით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის, ასევე იცვლება სკოლების დაფინანსება. კერძოდ, თუ სსსმ მოსწავლის ხელშეწყობისთვის ყოველთვიურად საჯარო სკოლა დამატებით 350 ლარით ფინანსდებოდა, ცვლილებების მიხეედვით, დაფინანსება 500 ლარი გახდება.

მთავრობამ დღესვე დაამტკიცა განკარგულება, რომლის თანახმად 69 სკოლა, რომელთაგან 50 რეგიონებში მდებარეობს, უკაბელო ინტერნეტით იქნება უზრუნველყოფილი. ამ მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს" საჯარო სკოლებისთვის უკაბელო ინტერნეტის ინფრასტრუქტურის შესყიდვის უფლებამოსილება მიენიჭა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური