საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

მამუკა ბახტაძე - ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ისტორიით, ვამაყობთ ჩვენი დიდი წარსულით, რომელიც დგას სწორედ განათლებაზე და კულტურაზე ამოსაბეჭდი ვერსია

2019-04-24

---

ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ისტორიით, ვამაყობთ ჩვენი დიდი წარსულით, რომელიც დგას სწორედ განათლებაზე და კულტურაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, განათლება არის უმოკლესი გზა თავისუფლებისკენ და საქართველოს წინაშე არსებული ყველა გამოწვევის დასაძლევად.

პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა განათლების რეფორმის შესახებ და აღნიშნა, რომ ხუთ დონიან რეფორმაში მეცნიერებას განსაკუთრებული როლი აქვს.

„ამ ეროვნული იდეის მიხედვით, ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, რომ საქართველო შემდეგი ათწლეულების განმავლობაში მოახდენს თავისი მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტის ინვესტირებას სწორედ განათლებაში, რომელიც ფაქტობრივად არის ბიუჯეტის მეოთხედი. ეს არის ჩვენი გზავნილი ჩვენი მეგობრებისთვის, ეს არის ჩვენი განწყობა და სულისკვეთება. ამ ხუთ დონიან რეფორმაში მეცნიერებას აქვს განსაკუთრებული როლი, ვინაიდან, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის პოტენციალი, რომელიც არის საქართველოში, ჩვენს ღვაწლმოსილ და ახალგაზრდა მეცნიერებში, ჩვენ ფაქტობრივად ამის 2-3 პროცენტს ვერ ვიყენებთ. ამასთან ერთად, ჩვენი ქვეყნის სტრატეგია გახლავთ ის, რომ საქართველო უნდა გახდეს რეგიონული ცენტრი და ლიდერი. ბუნებრივია, ეს ჩვენ წარმოგვიდგენია მხოლოდ განათლებასთან ერთად და იმასთან ერთად, რომ საქართველომ დაიბრუნოს განათლების კერის სტატუსი რეგიონში. აქედან გამომდინარე, ჩემთვის განსაკუთრებით ემოციურია დღევანდელი დღე, რომ ჩვენ გვერგო პატივი და სწორედ საქართველოში გაიხსნება მეხუთე ჰაბი", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის გახსნა არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომ საქართველო ევროპულ ოჯახს დაუბრუნდეს.

„ყოველთვის ვამბობდი და დღესაც მსურს გავიმეორო - ქართველი ერის არჩევანი, რომ საქართველო აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს თავის ევროპულ ოჯახს, ეს არ გახლავთ მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი - ეს არის ცივილიზაციაზე და ფასეულობებზე დაფუძნებული არჩევანი და დღევანდელი დღე არის ამის საუკეთესო მაგალითი. დიახ, ჩვენ სწორედ განათლებით და კულტურით წარმოგვიდგენია ყველაზე მჭიდრო ინტეგრაცია ჩვენს საერთო ოჯახთან - ევროპასთან. კიდევ ერთხელ მსურს მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ამ პროექტში. მე დარწმუნებული ვარ, ცენტრის გახსნა დაგვეხმარება კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ თანამშრომლობის ხარისხი ქართველ და ევროპელ მეცნიერებს შორის და ამავე დროს, დარწმუნებული ვარ, დღევანდელი დღე იქნება დასაბამი ძალიან მნიშვნელოვანი მეცნიერ-ტექნიკური პროგრესისა", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული საგანმანათლებლო-კვლევითი ცენტრი   წარმოადგენს „აკადემია ევროპეას" რეგიონული ცენტრების ქსელის ნაწილს და ხელს შეუწყობს მეცნიერების მენეჯმენტში ევროპული  მიღწევების გამოყენებას ეროვნული და რეგიონული პოლიტიკის წარმოებისათვის, საერთაშორისო სააგენტოებთან კოორდინირებული მუშაობისთვის, ინტერდისციპლინური და საერთაშორისო უმაღლესი ხარისხის სამეცნიერო კვლევების, ცოდნისა და განათლების  წახალისებისათვის.

თბილისის ცენტრი მეცნიერებათა ევროპული აკადემიის რეგიონული ცენტრების ქსელის მეხუთე წევრია.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ერთეული - ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრი, დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული  ევროპული აკადემიისა (Academia Europea) და თსუ-ს ერთობლივი ინიციატივით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიზნობრივი მხარდაჭერით გაიხსნა.

თსუ-ში ევროპის აკადემიის რეგიონული ცენტრის გახსნის გადაწყვეტილება „აკადემია ევროპეას" მმართველი საბჭოს წევრებმა ბარსელონაში გასულ წელს ყოველწლიურ შეკრებაზე მიიღეს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური