საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

მამუკა ბახტაძე - სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონს აქვს უნიკალური პოტენციალი, იყოს წარმატებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებით ამოსაბეჭდი ვერსია

2019-05-11

  ..

სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონს აქვს უნიკალური, ყველაზე დიდი პოტენციალი, რათა იყოს წარმატებული რეგიონი სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ზუგდიდში, აგროსაინვესტიციო ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ბიზნესფორუმი არის მნიშვნელოვანი წინაპირობა, რათა მეტი გაკეთდეს სოფლის მეურნეობაში. 

„როდესაც ჩვენ ვიწყებდით პროგრამებს სოფლის მეურნეობაში, გვესმოდა ბევრი უსაფუძვლო კრიტიკა, რომ ეს იქნება წყალში გადაყრილი ფული, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობას არ ჰქონდა პერსპექტივა. შედეგმა აჩვენა, რომ ჩვენ ვიყავით მართლები. რამდენიმე წლის წინ სავაჭრო დეფიციტი სოფლის მეურნეობის პროდუქციაში გვქონდა 900 მილიონი. ჩვენ შევძელით, ის შეგვემცირებინა და დღეს დეფიციტი შეადგენს 300 მილიონს. მწამს, ჩვენ შევძლებთ არა მხოლოდ იმპორტის ჩანაცვლებას, არამედ საქართველო გახდება სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ექსპორტიორი ქვეყანა. ამისთვის უნდა გადავდგათ უფრო ქმედითი ნაბიჯები. შარშან ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტმა შეადგინა 1 მილიარდი ლარი. ჩვენ ვიქნებოდით კიდევ უფრო წარმატებული, რომ არა უდიდესი გამოწვევა და პრობლემა აზიური ფაროსანას სახით, რომელმაც დააზიანა ეს კუთხე.  ბევრი ფერმერი აღმოჩნდა დიდი გამოწვევის წინაშე", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

მისივე თქმით, არც საქართველოში და არც საერთაშორისო მასშტაბით, არ არსებობდა აზიურ ფაროსანასთან ეფექტური ბრძოლის გამოცდილება. 

„ჩვენ ამ პერიოდში, თქვენთან ერთად, თქვენგან მიღებული რჩევებით, ვფიქრობ, ჩამოვყალიბდით ეფექტურ მექანიზმზე, ჩვენ 10-ჯერ გავზარდეთ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის შესაძლებლობები. სწორედ წელს იქნება გარდამტეხი წელი და თითოეული ჩვენგანი დარწმუნდება, რომ ამ პრობლემას ერთხელ და საბოლოოდ მოვაგვარებთ. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს აქვს უნიკალური, ყველაზე დიდი პოტენციალი, რათა იყოს წარმატებული რეგიონი სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებით", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა გეგმავს, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ორგანული, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებას. 

„ნაბიჯ-ნაბიჯ გავაუქმებთ გადასახადებს იმ მეწარმეებისთვის, რომლებიც იქნებიან დაკავებული ეკოლოგიურად სუფთა, ორგანული პროდუქციის წარმოებით. ჩვენ უნდა გაგვიცნოს მსოფლიომ, როგორც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მწარმოებელი ქვეყანა, ეს არის გზა რომელიც დაგვაძლევინებს სიღარიბეს. ეს არის გზა, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ სოფლის მეურნეობის სექტორი საქართველოში გადავიყვანოთ განვითარების ახალ დონეზე. ბევრი რჩევა მოვისმინე ზუგდიდში, სამეგრელოს სხვა რაიონებში ჩვენი ფერმერებისგან და სწორედ ამ რჩევებზე დაყდნობით განვაცხადეთ ახალი ინიციატივის შესახებ, ეს არის პროექტი „დანერგე მომავალი". თანადაფინანსების ზედა ზღვარი 100 ათასი ლარიდან 250 ათას ლარამდე ავწიეთ, რომ თითოეულ თქვენგანს ჰქონდეს შესაძლებლობა, უფრო განავითაროს ბიზნესი. გავითვალისწინეთ რჩევები და კენკროვანი პროგრამა შეეხება ყველა რაიონს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ბოლო წლებში შევძელით და აღვადგინეთ ჩაის წარმოების საკმაოდ მნიშვნელოვანი პოტენციალი. მიღებულია გადაწყვეტილება და კიდევ უფრო მეტად გავზრდით მხარდაჭერას ამ მიმართულებით", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა. 

მამუკა ბახტაძის განცხადებით, სამეგრელოს აქვს უნიკალური ყურძნის ჯიშები, თუმცა არ არსებობდა პროგრამა, რომელიც ამ პოტენციალის სრულად წარმოჩენას დაეხმარებოდა. 

„მიღებულია გადაწყვეტილება და მევენახეობის მიმართულებითაც გავზრდით მხარდაჭერას. გავაკეთებთ ყველაფერს, რათა სრულად შევძლოთ ამ რეგიონის სოფლის მეურნეობის პროდუქციის ათვისება. ეს არის სწორი გზა, რათა ქართველი ფერმერი იყოს წარმატებული, საქართველო იყოს წარმატებული და ჩვენ გადავდგათ პრინციპული ნაბიჯები სიღარიბის დასაძლევად. სიღარიბის დაძლევის გარეშე საქართველო ვერ იქნება წარმატებული და სწორედ ამ სექტორს აქვს უზარმაზარი პასუხისმგებლობა ამ მიმართულებით", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა რეგიონული განვითარების პრიორიტეტულობას და აღნიშნა, რომ ძლიერი რეგიონები ძლიერ და წელგამართულ საქართველოს ნიშნავს.  

„არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის წარმოების შედეგად ჩვენ მივიღეთ ეროვნული ეკონომიკის სტრუქტურა, სადაც, ფაქტობრივად, ჩვენი ეკონომიკის 2/3 კონცენტრირებულია რამდენიმე ქალაქში. მე მარტივი კითხვა მაქვს ჩვენს ოპონენტებთან, თუ არა რეგიონების განვითარებით, თუ არა ისეთი დარგების განვითარებით, რაშიც ჩვენი ყველა მოქალაქის ჩართვას შევძლებთ, როგორ წარმოუდგენია ვინმეს საქართველოში წარმატების მიღწევა. ეს შეუძლებელია. ჩვენ ამიტომ ვსაუბრობთ, რომ რეგიონების განვითარება, მათ შორის სოფლის მეურნეობაზე განსაკუთრებული აქცენტის გაკეთება არის ერთადერთი გზა, რათა საქართველო იყოს წარმატებული. ძლიერი სამეგრელო და ძლიერი რეგიონები ნიშნავს ძლიერ და წელგამართულ საქართველოს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიამ და სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონის გუბერნატორმა, ალექსანდრე მოწერელიამ. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის აგროსაინვესტიციო ბიზნესფორუმი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით იმართება და მასში რეგიონის ბიზნესსექტორის 250-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს. 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური