საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი 2008 წლის ომში დაღუპული კაპრალის, ვახტანგ გზირიშვილის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო ამოსაბეჭდი ვერსია

2019-08-08

---

ნებისმიერი ხელისუფლების უზენაესი ამოცანაა, ქვეყანას აარიდოს განსაცდელი, დაიცვას თავისი მშვიდობიანი მოსახლეობა, მათი სიცოცხლე; სამწუხაროდ, უპასუხისმგებლო ხელისუფლებამ ეს არ გააკეთა და ოკუპანტ ძალას მიეცა საშუალება, განეხორციელებინა თავისი საოკუპაციო გეგმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვარკეთილში განაცხადა, სადაც ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის, ვახტანგ გზირიშვილის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, დღევანდელი დღე არის ძალიან დიდი ტკივილი ქართული სახელმწიფოსთვის, რომელიც, ამავდროულად, ყველას კიდევ ერთხელ შეახსენებს კონსოლიდაციის აუცილებლობას.

„დღევანდელი დღე ყველას გვახსენებს, რომ დღეს, ისე როგორც არასდროს, ჩვენ გვჭირდება ერთიანობა, კონსოლიდაცია, ერთმანეთის გვერდში დგომა, თანმიმდევრული პოლიტიკის წარმოება, საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა და სწორედ ეს იქნება გარანტი იმისა, რომ ჩვენ ერთობლივი ძალებით დავძლევთ ოკუპაციას. დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს ყველას, რომ ოკუპაცია არის ის საერთო ტკივილი და საერთო გამოწვევა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს უნდა აერთიანებდეს, მიუხედავად ჩვენი განსხვავებული შეხედულებებისა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძემ გზირიშვილების ოჯახის მიერ სამშობლოსთვის გაღებულ მსხვერპლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ გმირობის ისტორია თითოეულმა ქართველმა უნდა იცოდეს.

„ეს მართლაც გმირების ოჯახია. მამა გმირულად დაეცა ქართულ მიწაზე აფხაზეთში და შვილი გმირულად დაიღუპა 2008 წლის ომის დროს. ქალბატონი მარინა გზირიშვილი ჩემთვის არის სიმბოლო ქართველი დედისა, გაუტეხავი ქართული სულისა, რომელიც მიუხედავად ოჯახის დიდი ტკივილისა, აქტიურ საქმიანობას განაგრძობს. სწორედ ასეთ ქართულ ოჯახებზე დგას ქართული სახელმწიფოებრიობა. მე ქედს ვიხრი ჩვენი დაღუპული გმირების ნათელი ხსოვნის წინაშე", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ვახტანგ გზირიშვილის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდზე ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში პრემიერ-მინისტრი თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან ერთად იმყოფებოდა.


 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური