საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

გიორგი გახარია გუბერნატორებს - აუცილებელია, ვიმოქმედოთ სწრაფად, ეფექტიანად და კეთილსინდისიერად, წინააღმდეგ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა სრულად პერსონალიზებული იქნება ამოსაბეჭდი ვერსია

2019-09-13

---

რეგიონებში, ჩვენი მოქალაქეებისთვის მთავრობის განსახიერება არის ის ჩინოვნიკი, რომელიც მათ პრობლემებს ან აგვარებს, ან - ვერა და ამ მიმართულებით გუბერნატორების პასუხისმგებლობა სრულად პერსონალიზებული იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სახელმწიფო რწმუნებულებთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა პრობლემების მოკლე ვადებში მოგვარების აუცილებლობას და გუბერნატორებს დროში გაწერილი კონკრეტული სამოქმედო გეგმის უახლოეს პერიოდში წარმოდგენა დაავალა.

„აუცილებელია, ვიმოქმედოთ სწრაფად, ეფექტიანად და რაც მთავარია, ეს ყველაფერი უნდა იყოს გამყარებული კეთილსინდისიერი ქმედებით. არავის აქვს იმის რესურსი, რომ კიდევ დიდხანს გველოდოს. ამიტომ, განსაკუთრებით თქვენს შემთხვევაში, პასუხისმგებლობა სრულად პერსონალიზებული იქნება. უახლოეს დღეებში უნდა განსაზღვროთ რეგიონებში არსებული სისტემური პრობლემების სტატუსი და წარმოადგინოთ კონკრეტული გაპრობლემებული საქმეები, შემდგომ კი - პირდაპირი, დროში გაწერილი გეგმა და კონკრეტული პასუხისმგებლობები. თქვენი ძირითადი ამოცანაა პრობლემების მოგვარება და არა - პრობლემების შექმნა", - მიმართა პრემიერ-მინისტრმა გუბერნატორებს.

მთავრობის მეთაურისა და რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულების შეხვედრა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური