საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის 2019 წლის ბოლო სხდომაზე გასული წელი შეაჯამა ამოსაბეჭდი ვერსია

2019-12-30

. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის 2019 წლის ბოლო სხდომაზე გასული წელი შეაჯამა. მთავრობის მეთაურმა საუბარი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევებით დაიწყო.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, დღემდე საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, რაც ქვეყნის პოტენციალისა და ადამიანური კაპიტალის განვითარების 20%-ით შეზღუდვაა.

გიორგი გახარია ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სამწუხაროდ, მოქალაქეები საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს წინააღმდეგობებს ყოველდღიურად ხვდებიან.

„ეს წელი იყო უაღრესად დინამიური და საკმაოდ დატვირთული, როგორც გამოწვევებით ასევე მიღწევებით. მოგეხსენებათ, რომ სამწუხაროდ დღემდე ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ოკუპაცია. დღემდე საქართველოს ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული და ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი შეზღუდვა, 20%-ით შეზღუდვა ჩვენი ადამიანური კაპიტალის განვითარების და საერთოდ ჩვენი ქვეყნის პოტენციალის, შემდგომი განვითარების. უაღრესად მნიშვნელოვანია თითოეულ ჩვენგანს გვახსოვდეს რა წინააღმდეგობებს ხვდებიან ყოველდღიურად ჩვენი მოქალაქეები საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს. საბედნიეროდ მშვიდობით დასრულდა ქართველი ექიმის უკანონო პატიმრობა თუმცა, თითოეულ ჩვენგანს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი მოქალაქეები საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს ყოველდღიურად ხვდებიან ამ წინააღმდეგობებს და დღეს სამწუხაროდ ახალგორელებისთვის სრულად არის შეზღუდული გადაადგილების თავისუფლება და ეს არის ჰუმანიტარულად უმძიმესი მდგომარეობა", - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიამ მთავრობის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად დაასახელა ქართული ტრადიციებით, ქართული კულტურული იდენტობით ევროპული, ევროატლანტიკური ინსტიტუტების სრულფასოვანი წევრობა.

„წელს ჩვენ გავხდით ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა და ჩვენ ერთმნიშვნელოვნად, სრულად უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა იმისთვის, რომ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, ჩვენს მეგობრებსა და კოლეგებს გავაცნოთ ის მიღწევები დემოკრატიზაციის, რომელიც გვაქვს ქვეყანაში, ის გამოწვევები, რომლებიც გვაქვს და დავანახოთ ყოველდღიური პროგრესი, რომელსაც აღწევს საქართველოს მოქალაქე და ქართული საზოგადოება", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა  შავი ზღვის უსაფრთხოებას, როგორც 2019 წელს ნატოსა და საქართველოს თანამშრომლობაში გაჩენილ ახალ განზომილებას. გიორგი გახარიას შეფასებით, ეს საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, კიდევ ერთი მიმართულებით გაუწიოს ნატოს უაღრესად მნიშვნელოვანი პარტნიორობა.

„ეს იყო უაღრესად მდიდარი წელი ერთობლივი ვარჯიშებით, რომლის რაოდენობაც იყო უპრეცენდენტო. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 2019 წელს ნატოსა და საქართველოს თანამშრომლობაში გაჩნდა ახალი განზომილება შავი ზღვის უსაფრთხოება, რომელიც საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, კიდევ ერთი მიმართულებით გაუწიოს ნატოს უაღრესად მნიშვნელოვანი პარტნიორობა. ეს არის ჩვენი მისია, შავ ზღვაში ვიყოთ უსაფრთხოების გარანტები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად. ასევე ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენს ძირითად სტრატეგიულ პარტნიორთან  არასდროს გვქონია ასეთი ღრმა და ყოვლისმომცველი პარტნიორობა, რომელიც გვაქვს დღეს ჩვენ, რომელიც დაფიქსირდა 2019 წელს და რომელიც მოიცავს სრულად ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან განზომილებებს, რომელიც არის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა ამერიკის შეერთებული შტატებთან, ეკონომიკის მიმართულებით ის პროგრესი რომელიც ჩვენ გვაქვს და რა თქმა უნდა ქვეყნის დემოკრატიზაციის მიმართულებით", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

პრემიერ-მინისტრმა  ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ქვეყნის 20%-ის ოკუპაცია დაასახელა და აღნიშნა, რომ მთავრობის, მოქალაქეების პასუხი ამ უაღრესად მძიმე გამოწვევაზე არის ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი მოსახლეობის 70%-ზე მეტის მხარდაჭერა.

„ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი მიმართულება ჩვენს საგარეო პოლიტიკაში და რამდენი წელიც არ უნდა დასჭირდეს, მას საქართველოს თითოეული მოქალაქე თანმიმდევრულად გააგრძელებს", -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.  

ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრისას გიორგი გახარიამ მთავრობის ძირითად ამოცანად დაასახელა ძლიერი ქართული ბიზნესი და განვითარებული კომპანიები, რომლებიც დამატებით სამუშაო ადგილებს ქმნიან.

„სამუშაო ადგილები არის უაღრესად დიდი გამოწვევა ქვეყნისთვის და რა თქმა უნდა, ყველას კარგად გვესმის, რომ დღეს არ გვილხინს, თუმცა უნდა ვიმუშაოთ მეტი, კონცენტრირებულად და  უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი ძირითადი პარტნიორი სამუშაო ადგილების შექმნაში გახლავთ ქართული ბიზნესი. ჩვენ გავააქტიურეთ ურთიერთობა, თანამშრომლობა ბიზნესთან, მოვხსენით ბევრი მიმდინარე პრობლემა, თუმცა არსებობს კიდევ ბევრი სისტემური გამოწვევები, რომლებსაც ერთობლივად უნდა ვუპასუხოთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერის შეფასებით, საკმაოდ კარგია ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი. როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, 10 თვის მონაცემებით, საქართველოში 2019 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 5%-ს გადააჭარბა და მთავრობა ოპტიმისტურად უყურებს წლის საბოლოო მონაცემებსაც.

„კარგი მონაცემები გვაქვს მესამე კვარტალში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით. გვაქვს 14%-იანი ზრდა, თუმცა კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო  იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის  მიმზიდველობა დავანახოთ მაქსიმალურად ჩვენს პარტნიორებს", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, პოზიტიურია მონაცემები ტურისტების რაოდენობის თვალსაზრისით და მათმა რიცხვმა 9 მილიონს გადააჭარბა. 

„დღეს ასევე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ზამთრის კურორტები -  მესტია, გუდაური, გოდერძი, ბაკურიანი, დღეს მზად არიან, უმასპინძლონ ჩვენს უცხოელ სტუმრებს, ტურისტებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა, ასევე ისაუბრა  ქონების პრივატიზაციის დაჩქარებულ პროცესზე.

„100 ქონებას მუდმივად იქნება ეკონომიკის სამინისტროს ნუსხაში. ეს გვაძლევს საშუალებას, გავააქტიუროთ ის აქტივები, რომელიც ჯერ აქამდე ეკონომიკურ ცხოვრებაში არ მონაწილეობდა. დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში უკვე მოხდა 28 ქონების რეალიზაცია, რაც 45 მილიონ ლარს აღემატება", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა ასევე მიწის სისტემურ რეგისტრაციაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც 2020 წლიდან დაიწყება. გიორგი გახარიას თქმით, ეს უაღრესად მნიშვნელოვანი რეფორმაა და სამი წლის განმავლობაში აღნიშნული პრობლემა მოგვარდება.

„ეს რეფორმა   გვაძლევს საშუალებას, რომ მიწა, როგორც ერთ-ერთი ძირითადი ეკონომიკური აქტივი იყოს ჩართული სრულად ეკონომიკურ ცხოვრებაში და ბრუნვაში", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერ-მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში" წარმატებებს და მისი შემდგომი მოდერნიზების აუცილებლობას.

„ეს პროგრამა 2020 წლისთვის უნდა მივიდეს თითქმის თითოეულ ქართულ ოჯახში, ის გაიშლება რეგიონებში. სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამები, მეწარმეობის დახმარების, ისევე როგორც ეკონომიკის სამინისტროს პროგრამები იქნება ერთი ფანჯრის პრინციპით გაშლილი რეგიონში და თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, რომელსაც აქვს სურვილი აიღოს პასუხისმგებლობა თავის თავზე, გახდეს მეწარმე, იქნება ის ახალგაზრდა, რომლებისთვისაც განსაკუთრებული პროგრამები იქნება, ჩვენ მივესალმებით და ყველა მხრივ დავუჭერთ მხარს იმისთვის, რომ მივცეთ საშუალება, ადამიანებმა იზრუნონ პირველ რიგში, თავიანთ კეთილდღეობაზე და ყველაზე წარმატებულებმა შეძლონ შემდგომში შექმნან დამატებითი სამუშაო ადგილები", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

გიორგი გახარიას შეფასებით, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში მიღწეულ წარმატებებს არ ექნება მდგრადი და გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივა, თუ არ შეიქმნა ძლიერი, თანამედროვე განათლების სიტემა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ განათლების სისტემური რეფორმა გაგრძელდება და საქართველოს მთავრობისთვის 2020 წლის განმავლობაშიც პრიორიტეტული იქნება.

„თუ ჩვენ არ შევქმენით ძლიერი, თანამედროვე განათლების სიტემა, ჩვენი ახალგაზრდები, ჩვენი შვილები ვერ შეძლებენ იყვნენ კონკურენტუნარიანები გლობალური კონკურენციის ფარგლებში, ამიტომ განათლების სისტემური რეფორმა გაგრძელდება და იქნება პრიორიტეტული საქართველოს მთავრობისთვის 2020 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით საშუალო და პროფესიული განათლების თვალსაზრისით",  - განცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა 2020 წლის პრიორიტეტებს შორის დაასახელა ადამიანის უფლებების დაცვა და აღნიშნა, რომ ამ მიზნით ადამიანის უფლებების უწყებათაშორისი საბჭოს და სამდივნოს მუშაობა გააქტიურდება. ასევე, გამოძიების ხარისხის გაზრდის უზრუნველსაყოფად, გაგრძელდება საგამოძიებო სისტემის დაწყებული რეფორმა.

„უაღრესად მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს სამართალდამცავი სისტემის შემდგომი რეფორმირება; სისტემაში დაწყებული რეფორმები ადამიანის უფლებების დაცვის და გამოძიების ხარისხის გაძლიერების მიმართულებით, უკიდურესად მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის დემოკრატიზაციის, ასევე კრიმინალთან ბრძოლის თვალსაზრისით. არანაირი ფასი არ ექნება კრიმინალის დამარცხებას, თუ არ გაგრძელდა ადამიანის უფლებების სტანდარტების დაცვა. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ჩვენ 2020 წელს უნდა გავაგრძელოთ საგამოძიებო სისტემის დაწყებული რეფორმა, რათა მოხდეს გამოძიების ხარისხის გაზრდა შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის საგამოძიებო კომპონენტების გამიჯვნის თვალსაზრისით. ამასთან, 2020 წლისთვის გააქტიურდება ადამიანის უფლებების უწყებათაშორისი საბჭოს და სამდივნოს მუშაობა, რამეთუ ადამიანის უფლებების დაცვა იქნება პრიორიტეტი 2020 წელსაც, ისევე, როგორც გასული წლების განმავლობაში", - განაცხადა პრემიერმა. 

მთავრობის მეთაურმა საუბრისას ყურადღება გაამახვილა სოციალურ საჭიროებებზე და აღნიშნა, რომ 2020 წლის ბიუჯეტი ორიენტირებულია მოქალაქეზე და საზოგადოების იმ ფენებზე, რომლებსაც განსაკუთრებული დახმარება სჭირდებათ.

„ვიდრე ჩვენი ეკონომიკური განვითარება არ მიაღწევს აუცილებელ დონეს, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა, იზრუნოს საზოგადოების განსაკუთრებით დაუცველ ფენებზე; სწორედ ამიტომ, 2020 წლის ბიუჯეტი ერთმნიშვნელოვნად ორიენტირებულია ჩვენს მოქალაქეზე. ბიუჯეტის მიხედვით, ყველა პენსიონერს, ასევე პირველი და მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს პენსია გაეზრდებათ ჯერ 20 ლარით, ასევე 70 წელს გადაცილებულ პენსიონერებს გაეზრდებათ დამატებით 30 ლარით და მთაში მცხოვრებ პენსიონერებს, რომლებმაც უკვე 70 წელს მიაღწიეს, თვიური პენსია დაახლოებით 300 ლარი ექნებათ. სრულ განაკვეთზე მყოფი მასწავლებლებისთვის ხელფასი გაიზრდება დაახლოებით 300 ლარით. 2020 წლის ბიუჯეტი არის მოქალაქეზე ორიენტირებული და განსაკუთრებით ჩვენი საზოგადოების იმ ფენებზე, რომლებსაც განსაკუთრებული დახმარება სჭირდებათ. ესენია - ბავშვები, ღვაწლმოსილი პენსიონერები, ექიმები, მასწავლებლები, სამართალდამცავები და ჯარისკაცები. ამ წლის ბიუჯეტით, შესაბამისი სახელფასო ზრდები ექნებათ როგორც ბაღის მასწავლებლებს, ასევე პედაგოგებს, სასწრაფოს და სოფლის ექიმებს, ჯარისკაცებს, პოლიციელებს და კულტურის მუშაკებს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გასული წლის შეჯამებისას პრემიერ-მინისტრმა ასევე ყურადღება დაუთმო საზოგადოებრივ ცხოვრებაში არსებული პოლარიზაციის მაღალ დონეს და მთავრობისა და ოპოზიციის ერთობლივ პასუხისმგებლობას ქვეყნის წინაშე.

„2019 წელი საკმაოდ დინამიური და გამოწვევებით სავსე წელი იყო, თუმცა გვქონდა სერიოზული მიღწევებიც. მთავრობას და ოპოზიციას, რა თქმა უნდა, სხვადასხვანაირად გვაქვს გადანაწილებული პასუხისმგებლობა, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე და ყველამ ერთად მოვუაროთ ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა გაწეული საქმიანობისთვის ასევე მადლობა გადაუხადა მთავრობის წევრებს, წინამორბედ მამუკა ბახტაძეს და მინისტრთა კაბინეტის ყოფილ წევრებს.

„მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობის ყველა წევრს გაწეული უაღრესად მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის. დიდი მადლობა კაბინეტის ყველა ყოფილ წევრს, ჩემს წინამორბედ მამუკა ბახტაძეს 2019 წელს დაწყებული შრომისთვის. გილოცავთ დამდეგ ახალ წელს, გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს პროფესიულ საქმიანობაში და ქვეყნის განვითარებაში", - განაცხადა პრემიერმა.


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური