საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2019 წლის ვიზიტები და შეხვედრები

პრემიერ-მინისტრი 4 ნოემბერს ნიდერლანდების სამეფოში იმყოფებოდა ამოსაბეჭდი ვერსია

2019-11-05

  ..

საქართველო რეგიონში სამაგალითო ქვეყანაა და ნიდერლანდების სამეფოსთვის უფრო მეტია, ვიდრე სავაჭრო პარტნიორი, - ამის შესახებ ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ საქართველოს მთავრობის მეთაურ გიორგი გახარიასთან შეხვედრისას განაცხადა. 

საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში არსებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო განვითარების კუთხით არსებულ პოტენციალზე. 

ხაზი გაესვა ტურიზმის ზრდის დადებით დინამიკას და გამოითქვა იმედი, რომ ამ კუთხით არსებული პოზიტიური ტენდენცია გაგრძელდება. 

მხარეებმა ისაუბრეს უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე, ასევე - საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე. 

ყურადღება გამახვილდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ისტორიულ დატვირთვაზე, რამდენადაც ნიდერლანდების სამეფოს, ორმხრივ ფორმატში, საქართველოს მთავრობის მეთაური პირველად ეწვია. 

შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრებმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიდერლანდელ კოლეგასთან შეხვედრა ნაყოფიერად შეაფასა და მას მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. 

„ეს არის ნიდერლანდებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ორმხრივი ვიზიტი და მთავრობის მეთაურის რანგში პირველი ევროპული ვიზიტი ჩემთვის. შეხვედრაზე განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ყველა მიმართულება. ნიდერლანდები ჩვენი ქვეყნის დიდი მხარდამჭერია როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. ამ მხარდაჭერას დიდად ვაფასებთ. შეხვედრისას განვიხილეთ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. ასევე, ვისაუბრეთ ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით ჩემი ქვეყნის წინსვლაზე. ამ მხრივ ნიდერლანდებს მნიშვნელოვან პარტნიორად მივიჩნევთ. მადლობელი ვართ ასევე "ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის" განხორციელების პროცესში ნიდერლანდების ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე განვიხილეთ ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები, რომლის გაღრმავებისთვის ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი. მოხარულნი ვართ, რომ ნიდერლანდებიდან საქართველოში ტურისტების რაოდენობა გაზრდილია," - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. 

ნიდერლანდების სამეფოს პრემიერმა საქართველოს მთავრობის მეთაურს ისტორიული ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს ორ ქვეყანას შორის არსებული მაღალი დონის ურთიერთობების დადასტურებაა. 

მარკ რუტეს შეფასებით, საქართველო სამაგალითო ქვეყნად იქცა რეგიონისთვის და სწორედ ამიტომ არის ის ნიდერლანდებისა და ევროკავშირის მთავარი პარტნიორი. 

"სრულიად დარწმუნებული ვართ თქვენი ქვეყნის მომავალში. დარწმუნებულნი ვართ თქვენი ქვეყნის მყარ მაკროეკონომიკურ სტაბილურობაში, მისი ეკონომიკის ზრდაში და განხორციელებულ რეფორმებში. დარწმუნებულნი ვართ, რომ სტაბილურობა აჩენს შესაძლებლობებს, რათა მომდევნო წლებში კიდევ უფრო განვითარდეს ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები და მოიცვას მათ შორის აგრარული სფეროც. ჩვენს ქვეყნებს საერთო ფასეულობები გააჩნია, მათ შორისაა დემოკრატიასა და სამართლის უზენაესობის კუთხით ნაკისრი ვალდებულებები. უსაფრთხოების სფეროშიც საერთო ინტერესები და გამოწვევები გვაერთიანებს. საბოლოო ჯამში უსაფრთხოება, სტაბილურობა და ჩვენი რეგიონების კეთილდღეობა მეტად ურთიერთდაკავშირებული სფეროებია. ნიდერლანდები ძალიან აფასებს საქართველოსთან წლების განმავლობაში დამყარებულ თანამშრომლობასა და წარმატებულ ურთიერთობებს. იმედი მაქვს, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდება მომავალში, არა მხოლოდ მთავრობების და ბიზნესწრეების, არამედ  ჩვენი მოქალაქეების დონეზე," - განაცხადა მარკ რუტემ. 
ნიდერლანდების სამეფოს პრემიერმა ქართველ კოლეგას მშობლიურ ქალაქ ჰააგაში უმასპინძლა. 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური