გიორგი გახარია - ყველა სამართლიანი კრიტიკა იქნება შესაბამისად შეფასებული, ყველა უსაფუძვლო კრიტიკას გაეცემა დასაბუთებული, ობიექტური პასუხი ამოსაბეჭდი ვერსია

2020-02-14

სამართლიანი კრიტიკა იქნება შესაბამისად შეფასებული, ყველა უსაფუძვლო კრიტიკას გაეცემა დასაბუთებული, ობიექტური პასუხი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს მიუნხენში განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს ჰყავს ძალიან ბევრი მეგობარი, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ევროპაში და ეს ის ხალხია, რომლებიც გარდა იმისა, რომ აკრიტიკებენ საქართველოს მთავრობას, ამასთან ერთად აღნიშნავენ დემოკრატიზაციის თვალსაზრისით ბოლო წლების განმავლობაში მიღწეულ პროგრესს.

„ჩვენ, ჩვენი მეგობრებისგან კრიტიკას აღვიქვამთ ნორმალურად, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენც გვაქვს უფლება, ჩვენი პოზიცია დავასაბუთოთ. სხვათა შორის დღეს ამას აქაც ვაკეთებთ და ამას გავაკეთებთ. საქართველოს, რაც მთავარია, ჰყავს ძალიან ბევრი მეგობარი, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ევროპაშიც და ეს ის ხალხია, რომლებიც გარდა იმისა, რომ გვაკრიტიკებენ, ამასთან ერთად აღნიშნავენ პროგრესს ბოლო წლების განმავლობაში დემოკრატიზაციის თვალსაზრისით. ამასთან ერთად, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ სამწუხაროდ ხშირად ხდება, რომ პოლიტიკური ძალები ყველა ინსტრუმენტს იყენებენ - თუნდაც ქვეყნის საგარეო მიმართულების და კომპონენტის ჩართვას შიდა პოლიტიკურ პროცესებში, სამწუხაროდ საარჩევნო პროცესებში. ეს არის ის, რაც ახლა ხდება. სამწუხაროდ, ეს არის რაღაც გამწვავებულ ფაზაში, თუმცა, ვიმეორებ, ყველა სამართლიანი კრიტიკა იქნება შესაბამისად შეფასებული, ყველა უსაფუძვლო კრიტიკას გაეცემა დასაბუთებული, ობიექტური პასუხი. ეს იქნება ჩვენი ყოველდღიური შრომა. არავის ეგონოს, რომ ჩვენ სადმე ჩავალთ, ერთხელ პასუხს გავცემთ და ამით დავივიწყებთ, არა ჩვენ ყოველდღე ვიშრომებთ ამისთვის", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური