საქართველოს მთავრობა – 2020 წლის სიახლეები

საქართველოს და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების განცხადებები მედიისთვის ამოსაბეჭდი ვერსია

2020-03-03

..

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია:

მოგესალმებით,

მივესალმები სომხეთის პრემიერ-მინისტრს.

ბატონო პრემიერ-მინისტრო, ჩემთვის დიდი პატივია, მქონდეს საშუალება, გიმასპინძლოთ თბილისში, საქართველოში.

ჩვენი ქვეყნების მეგობრული ურთიერთობა ათასწლოვან ისტორიას ითვლის და ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვიშრომოთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა გახდეს კიდევ უფრო ეფექტური.

დიდ მადლობას გიხდით, ერევანში ჩვენი მასპინძლობისთვის. ჩვენ ამ ვიზიტის შედეგებზე დღეს უკვე ვისაუბრეთ და დარწმუნებული ვარ, თქვენი დღევანდელი ვიზიტიც იქნება კიდევ უფრო ეფექტური, რომ ჩვენი ქვეყნების მოქალაქეები იყვნენ მეტად განვითარებული როგორც ეკონომიკური, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით და ჩვენი თანამშრომლობის ყველა სფეროში.

ჩვენ დღეს ჩვენი ქვეყნების მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე, შევეხეთ თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროს - უსაფრთხოებას, ეკონომიკას, კულტურას, განათლებას და დავსახეთ გეგმები, რომლებიც ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ხარისხობრივად ახალ დონეზე გადაყვანას.

საქართველოს მხარემ ხაზი გაუსვა საკითხს, რომ ჩვენს რეგიონში დემოკრატიზაციის პროცესი კრიტიკულად მნიშვნელოვანია, როგორც ეკონომიკის, ისე განათლების და კულტურის სფეროებში განვითარებისთვის. აღვნიშნეთ, რომ საქართველოს მოქალაქეების გადაწყვეტილებაა ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ამ მიმართულებით ქვეყანა ურყევ გზას ადგას. შესაბამისად, შევთანხმდით, რომ ჩვენს ორ ქვეყანას შორის, საგარეო ორიენტაციის მიუხედავად, შეუძლებელია, იყოს რაიმე გაუგებრობა ან გაურკვევლობა და ჩვენ მეგობრულ, კეთილმეზობლურ ჭრილში ვაგრძელებთ თანამშრომლობას. თუმცა, ხაზი გავუსვით, რომ ჩვენს ქვეყნებში დემოკრატიზაციის ხარისხი ხელს უწყობს თანამშრომლობას ყველა სფეროში - ეკონომიკაში, ტრანზიტში, კულტურაში, განათლებაში და ა.შ.

ჩვენ მივესალმეთ სომხეთის აქტიურ თანამშრომლობას აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ვთვლით, რომ ეს ის მიმართულებაა, სადაც ჩვენმა ქვეყნებმა ეფექტურად უნდა ითანამშრომლონ.

ბატონო პრემიერ-მინისტრო, კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით იმ ვიზიტისთვის, რომელიც ქართულმა მხარემ განახორციელა ერევანში.

კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება თბილისში.

დარწმუნებული ვარ, ამ ორ დღეს ჩვენ გამოვიყენებთ ეფექტურად, ჩვენი მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად.

 

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი:

მოგესალმებით ბატონო პრემიერო, ქალბატონებო და ბატონებო.

მსურს, პირადად ჩემი და სომხური დელეგაციის ყველა წევრის სახელით მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას საქართველოში მოწვევისა და თბილი მიღებისთვის. ბედნიერი  ვარ ამ საშუალებით. მე მრავალჯერ აღმინიშნავს, რომ საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია. დარწმუნებული ვარ, რომ ამისთვის  ყველა წინაპირობა არსებობს. ეჭვგარეშეა, რომ მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა, რომელიც ეფუძნება საერთო ღირებულებებს და ისტორიულ მემკვიდრეობას, მყარ საფუძველს უქმნის ჩვენს თანამშრომლობას.

კმაყოფილებით ვაფიქსირებ, რომ დღეს ახალი ფაქტორები გაჩნდა, რომლებიც ჩვენს მეგობრობას განუყოფელს ხდის და კიდევ უფრო აძლიერებს თანამშრომლობის ჩვენს მისწრაფებას. ეს, უპირველეს ყოვლისა, დემოკრატიულ ფასეულობებზე დაფუძნებული მომავლის აშენების ჩვენი ხალხის საერთო ხედვაა, რომელიც წარუშლელია ჩვენში და რწმენის ძალა აქვს. მართლაც, დემოკრატიის გამარჯვებამ და კანონის უზენაესობის დამკვიდრებამ ახალი ჰორიზონტები გაშალა ჩვენი ორი ქვეყნის ურთიერთობების გასაფართოებლად. დღეს, ჩემსა და ბატონ გახარიას შორის გამართული მოლაპარაკებები გასული წლის ოქტომბერში ერევანში დაწყებული მოლაპარაკებების გაგრძელებაა. სიხარულით გავუსვით ხაზი, რომ ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, გასული წლის ივნისში, ერევანში ჩატარდა მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა. ვისაუბრეთ ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და სხვადასხვა სფეროების პერსპექტივებზე. ხაზი გაესვა ორი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის განვითარების მნიშვნელობას. საუბარი შეეხო არა მხოლოდ სახმელეთო მარშრუტებს, არამედ ელექტროენერგეტიკულ და სატელეკომუნიკაციო კავშირებს. მთელი რიგი საკითხები განვიხილეთ, რომლებიც მაღალ ტექნოლოგიებს, განათლებასა და მეცნიერებას ეხება. ხაზი გაესვა ახალგაზრდებს შორის ურთიერთობების გამყარებას, ასევე, ორი ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების, ორგანიზაციების კავშირის გაძლიერებას.

შევეხეთ რეგიონულ უსაფრთხოებასა და მშვიდობას. ეჭვგარეშეა, რომ სომხეთ-საქართველოს პარტნიორობა ჩვენი რეგიონის სტაბილურობის უზრუნველყოფის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტია.

მინდა ღრმა რწმენა გამოვხატო, რომ რეგიონული საკითხების მოგვარების ერთადერთი გზა მშვიდობიანი მოლაპარაკებებია და მას ალტერნატივა არ აქვს. ასევე, დარწმუნებული ვარ, რომ ყოველ კონფლიქტს აქვს თავისი თავისებურებები და ამ თვალსაზრისით დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ მგრძნობიარე საკითხებზე დაბალანსებული პოზიციის შენარჩუნებას. სომხურ-ქართული ტრადიციული ურთიერთობების გამყარების კონტექსტში ხაზს ვუსვამ საქართველოს მნიშვნელოვან ღვაწლს სომხეთთან მის განვითარებაში. 

მადლიერნი  ვართ საქართველოს ხელისუფლების თანმიმდევრული ნაბიჯებისთვის ეროვნული თვითმყოფადობის, კულტურული და სულიერი მემკვიდრეობის შენარჩუნებისათვის.

კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ბატონ პრემიერ-მინისტრს სომხური დელეგაციის მიღების მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის.

ასევე გავიგე, რომ დღეს საქართველოში დედის დღე აღინიშნება და ვულოცავ საქართველოს ყველა დედას.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური