საქართველოს მთავრობა – 2020 წლის სიახლეები

გიორგი გახარია - კრიტიკულად მნიშვნელოვანია განსაკუთრებულად ვიზრუნოთ 70 წელს გადაცილებულ ჩვენს მოქალაქეებზე ამოსაბეჭდი ვერსია

2020-03-17

  ..

მთავრობის რეკომენდაცია გახლავთ, რომ 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები, უკლებლივ თითოეული, უნდა მოექცნენ თვითიზოლაციაში. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ჩვენი ვალდებულება, თითოეულის. ამ ამოცანის სწორად გადასაწყვეტად დღეს ეკონომიკის სამინისტროს და საქართველოს ფოსტას დაევალა, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, შექმნან მექანიზმი, რომელსაც შესთავაზებენ სოციალურად დაუცველებს და პენსიონერებს, 70 წელს გადაცილებულ პენსიონერებს, იმ მომსახურების გაწევისთვის, რომელიც მათ ესაჭიროებათ ყოველდღიურად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს, კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი თითოეული მოქალაქის სამოქალაქო თვითშეგნება და პასუხისმგებლობა.

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მთავრობის რესურსი არის შეზღუდული და შეუძლებელია, ამ გლობალურ გამოწვევას მხოლოდ მთავრობამ უპასუხოს. ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი თითოეული მოქალაქის სამოქალაქო თვითშეგნება და პასუხისმგებლობა. ერთმნიშვნელოვნად, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ პირველ რიგში, უნდა ვიზრუნოთ ჩვენს მოხუცებზე. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე,"- განაცხადა გიორგი გახარიამ. 

 

კორონავირუსთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებისთვის მთავრობამ სპეციალური ვებგვერდი - www.stopcov.ge  შექმნა

#StopCoV

 

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური