საქართველოს მთავრობა – 2020 წლის სიახლეები

გიორგი გახარია - ყველა ის შეღავათი, რომელსაც გავაკეთებთ, ეფექტური იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში,  თუ თითოეული მოქალაქე, პასუხისმგებლობით მოეკიდება მის ყოველდღიურ ცხოვრებას და საქმიანობას ამოსაბეჭდი ვერსია

2020-05-04

  ..

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ეკონომიკის გახსნის 6 ეტაპიანი გეგმა, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ, ამ გეგმის ნაწილი შეგვიძლია ცოტა უფრო ადრეულ ეტაპზე დავიწყოთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ყველა ის შეღავათი, რომელსაც გავაკეთებთ, ეფექტური იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში,  თუ თითოეული მოქალაქე, თითოეული კომპანია პასუხისმგებლობით მოეკიდება მის ყოველდღიურ ცხოვრებას და საქმიანობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღეს სახელმწიფო იბრძვის ორ ფრონტზე და დროთა განმავლობაში ეკონომიკის აღდგენისა და აღორძინების საკითხი გადმოდის პირველ რიგებში და  ამ საკითხის მოგვარება დროში აღარ უნდა გადაიდოს.

„დღეს ჩვენ ვიბრძვით ორ ფრონტზე და კარგად გვესმის, რომ დროთა განმავლობაში ყოველდღიურად, სულ უფრო და უფრო, მეორე ფრონტის - ეკონომიკის აღდგენისა და აღორძინების საკითხი გადმოდის პირველ რიგებში და  ეს საკითხი ხდება სულ უფრო და უფრო აქტუალური, პრობლემური და მისი მოგვარება დროში აღარ უნდა გადაიდოს. მაგრამ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს როგორც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების, ასევე კომპანიების ყოველდღიური საქმიანობის წესებში ცვლილების შესახებ, თუ არ შესრულდა, ჩვენ ეკონომიკის აღდგენაზე საუბარი გაგვიჭირდება.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ეკონომიკის გახსნის 6 ეტაპიანი გეგმა, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ, ამ გეგმის ნაწილი შეგვიძლია ცოტა უფრო ადრეულ ეტაპზე დავიწყოთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ყველა ის შეღავათი, რომელსაც გავაკეთებთ, ეფექტური იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში,  თუ თითოეული მოქალაქე, თითოეული კომპანია პასუხისმგებლობით მოეკიდება მის ყოველდღიურ ცხოვრებას და საქმიანობას. ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვიყოთ ეკონომიკის გახსნასა და აღორძინებაში ეფექტურები და გავუძლოთ იმ გლობალურ კონკურენციას, რომელიც ჩვენს თვალწინ დაიწყო, როგორც ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, ისე ევროპაში და გლობალურად", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ქვეყანაში კორონავირუსის სტატისტიკაზეც ისაუბრა.

„ვუბრუნდებით მუშაობის ჩვეულებრივ რეჟიმს, რაც მნიშვნელოვანია და რის საშუალებასაც ჩვენს გვაძლევს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ის, როგორ მართავს ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას ჯანდაცვის სამინისტრო. მიუხედავად ამისა, თითოეულ ჩვენგანს უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ამ გამოწვევის მართვა. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ყოველ მთავრობის სხდომაზე ჩვენ მოგვიწევს დაწყება ეპიდემიასთან ბრძოლის ეფექტური ღონისძიებებით და შემდგომ  უკვე გადავალთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიც არის ეკონომიკა და ეკონომიკის აღორძინება.

დღეის მდგომარეობით საქართველოში ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა არის 593. ბოლო 24 საათის განმავლობაში დაგვემატა 4 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა არის 223 და სამწუხაროდ, გვყავს გარდაცვლილი 9 მოქალაქე.  ჩვენს მიერ მიღებულ ყველა ნაბიჯში ერთადერთი ქმედითი ინსტრუმენტი გახლავთ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის და იმ მონაცემების სწორი ანალიზი, რომელსაც ყოველდღიურად გვაწვდიან პროფესიონალები", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ხვალიდან, გაიცემა შესაბამის ნებართვები, იმისათვის რომ მუშაობა განაახლოს სამშენებლო სექტორში მომუშავე ყველა კომპანიამ.

„მონაცემთა ანალიზის საფუძველზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 5 მაისიდან, ხვალიდან, ჩვენ გავცემთ შესაბამის ნებართვებს, რომ მუშაობა განაახლოს სამშენებლო სექტორში მომუშავე ყველა კომპანიამ და ყველა კომპანიამ, რომელიც არის სამშენებლო მასალების წარმოებაზე. ასევე, ის კომპანიები, რომლებიც სხვადასხვა სახით დაკავშირებულები არიან სამშენებლო ბიზნესთან, შეძლებენ მუშაობის განახლებას 5 მაისიდან", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროს ბაზაზე შექმნილი ჯგუფები განაგრძობენ ყოველდღიურ შემოწმებას, თუ რამდენად იცავენ კომპანიები ეპიდემიის პირობებში დაწესებულ ვალდებულებებს.

„შემოწმებები, რომელსაც ახორციელებს ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროების ბაზაზე შექმნილი გუნდი, გააგრძელებს ყოველდღიურ შემოწმებებს და მინდა, მოვუწოდო თითოეული კომპანიის მფლობელსა და ხელმძღვანელს, პასუხისმგებლობით მოეკიდონ ყოველდღიურ საქმიანობას და იმ ვალდებულებებს, რომლებიც დაწესებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ," - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

გიორგი გახარიას განცხადებით, ხვალიდან ნებადართული იქნება ავტოსარემონტო კომპანიების მუშაობაც.

„ეს მნიშვნელოვანია როგორც ლოგისტიკური ბიზნესისთვის, ისე გადაზიდვებისთვის და ეს ის ნაბიჯია, რომლის გადადგმის შესაძლებლობაც ჩვენ დღეს გვაქვს,"- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობის ნომერ პირველი პრიორიტეტი  ხდება ეკონომიკური აღორძინება, ეკონომიკის გახსნა და პოსტკრიზისული მართვა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, პარალელურად, ეს შესაძლებლობა მთავრობას ექნება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჯანდაცვის სამინისტრო ეფექტურად მართავს ეპიდემიის მენეჯმენტს.

„ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ამავდროულად, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს უნდა ესმოდეს, რომ ისეთი ახალი მოვლენები, არცთუ ისე სასიამოვნო, როგორიც არის პირბადე, სოციალური დისტანცია, ჩვენი ცხოვრების ნაწილი ხდება. ამას ხაზგასმით ვიმეორებ იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი გზა და საშუალება იმისთვის, რომ ჩვენ ეკონომიკურ კონკურენციას გავუძლოთ და ვიყოთ ეფექტურები ეკონომიკური აღდგენის ნაწილში", -  განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეკონომიკის სამინისტროს მიღებული აქვს დავალება, რომ შეიმუშაოს სტრატეგიული გეგმა, ტურიზმის სექტორის აღდგენის.

„რამდენიმე დღის წინ, ეკონომიკის სამინისტროს მიღებული აქვს დავალება  ტურიზმის სექტორის აღდგენის, როგორც ყველაზე დაზარალებულის და ჩვენი ეკონომიკის  ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძრავის, სტრატეგიული გეგმის შემუშავება. მე როგორც ვიცი, ეს გეგმა დასრულებულია და უახლოეს დღეებში განვიხილავთ ამას", -  აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, ხვალიდან ბათუმში და ქუთაისში გადაადგილებებზე შეზღუდვა  მოიხსნება. გიორგი გახარიას თქმით, შესაძლებელია კვირის ბოლომდე თბილისისა და რუსთავის გახსნის საკითხიც დადებითად გადაწყდეს, რაც ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზეა დამოკიდებული.

„მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე კვირის წინ, ჩვენ მივიღეთ იძულებული ღონისძიება, რომ ჩაგვეკეტა გარკვეული მსხვილი ქალაქები და დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხვალიდან ისეთ ქალაქებში, როგორიცაა ბათუმი და ქუთაისი, შეზღუდვები გადაადგილებებზე მოიხსნება, თბილისზე და რუსთავზე დარჩება გარკვეული შეზღუდვები და ეს პირდაპირ არის დაკავშირებული მომიჯნავე რაიონებში​ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან, თუმცა, თბილისშიც და რუსთავშიც უახლოეს დღეებში ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. შესაძლებელია იმედი გვქონდეს, რომ კვირის ბოლომდე, თბილისისა და რუსთავის გახსნის საკითხიც დადებითად გადაწყდება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიამ ისაუბრა გამოწვევების ფონზე სოფლის მეურნეობის მიმართულებების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ფერმერობის მხარდაჭერა გამოწვევების პარალელურად ახალ ფასეულობას იძენს.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ფერმერთა მხარდასაჭერად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ქმედითი და ეფექტური გეგმა შეიმუშავა.

„სოფლის აღორძინება, ფერმერობის მხარდაჭერა დღეს ახალ ფასეულობას და განზომილებას იძენს იმ გამოწვევების პარალელურად, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვაწყდებით თუნდაც სურსათის უსაფრთხოების თვალსაზრისით და პირველადი პროდუქტებით ქვეყნის მომარაგების კუთხით. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავა აბსოლუტურად ეფექტური და ქმედითი გეგმა ჩვენი ფერმერების მხარდასაჭერად, რომელიც უახლოეს დღეებში იქნება წარდგენილი მოსახლეობისთვის და პირველ რიგში ფერმერებისთვის", - აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა მთავრობის მხრიდან იმ მოქალაქეების მხარდაჭერაზე, ვინც დაკარგა შემოსავალი და აღნიშნა, რომ საბოლოო ჯამში ყველა ის ადამიანი, რომელთაც შემოსავალი დაკარგეს, მიიღებს მხარდაჭერას სახელმწიფოს მხრიდან.

გიორგი გახარიას თქმით, საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შეეხება სახელმწიფო სუბსიდიას საშემოსავლო გადასახადზე სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით, ხოლო მთავრობის დადგენილება მიმართული იქნება იმ სოციალური ღონისძიებების დასამტკიცებლად, რომელიც შემოსავლის გარეშე დარჩენილი ადამიანების მხარდაჭერას შეეხება.

„დღეს ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განხილვის საგანი იქნება ის სოციალურ-ეკონომიკური ღონისძიებები, რომლებიც ჩვენ უკვე დავგეგმეთ და წარვუდგინეთ საზოგადოებას და ჩვენ მივიღებთ, დავაინიცირებთ როგორც საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს, ასევე მთავრობის დადგენილებას. საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შეეხება იმ მასტიმულირებელ ღონისძიებებს, რომლებიც იქნა მიღებული საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირების თვალსაზრისით კომპანიებისთვის, რაც პირდაპირაა მიმართული იმისათვის, რომ ქვეყანაში მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები. ხოლო მთავრობის დადგენილება მიმართული იქნება იმ სოციალური ღონისძიებების დასამტკიცებლად, რომელიც უკვე მივიღეთ და გულისხმობს როგორც 6 თვის განმავლობაში იმ მოქალაქეების მხარდაჭერას, რომელთაც სამსახური დაკარგეს, ისე მათ მხარდაჭერას, რომლებიც იყვნენ თვითდასაქმებულები. ჩვენ მაქსიმალურად გავამარტივებთ ამ მექანიზმებს და მერწმუნეთ ყველა ის ადამიანი, ვინც საბოლოო ჯამში დაკარგა შემოსავალი მიიღებს ასეთ მხარდაჭერას. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, რომ 6 თვის განმავლობაში 600 ლარის ოდენობის მხარდაჭერას მიიღებენ სოციალურად შეჭირვებული ოჯახები, რომელთა ქულებიც არის 65 000- დან 100 000-მდე და ეს შეეხება მრავალშვილიან ოჯახებს, შშმ პირებს, რომლებიც 16 წლამდე არიან და ყველა იმ ადამიანს, რომელსაც პირველ რიგში სახელმწიფოს მხრიდან სჭირდება მხარდაჭერა," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიამ მოუწოდა მთავრობის წევრებს, საზოგადოების ყველა კითხვას უპასუხონ, იმისათვის, რომ დაცული იყოს საჯაროობის მაღალი პრინციპი

ჩვენი წარმატების საფუძველი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, არის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის და გამოწვევის დაძლევა, ეკონომიკის ეფექტური, სწრაფი აღდგენა, მაგრამ ამავე დროს, ჩვენ უნდა დავიცვათ საჯაროობის და ტრანსფარენტობის მაღალი პრინციპი, რომლითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ ჩვენი საქმიანობის ყოველდღიურ რეჟიმში. ბოლო თვეების განმავლობაში, ჩვენ ვცხოვრობთ და ვმუშაობთ, ვმოქმედებთ ყოველდღიურად, საგანგებო მდგომარების პირობებში და რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, ჩვენი კანონი გვაძლევს საშუალებას, გარკვეული დაშვებები საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებების თვალსაზრისით, ასე თუ ისე, ეფექტურობის თვალსაზრისიდან გამომდინარე, დროში გადავდოთ, მაგრამ მე, თითოეულ თქვენგანს მინდა მოვუწოდო, რომ ჩვენ გვაქვს უკვე ის შესაძლებლობა, აღარ ვართ ფორსმაჟორში, ვმართავთ, როგორც ეპიდემიოლოგიურ მდგომაროებას და ვიწყებთ უკვე ეკონომიკის აღდგენის გეგმის განხორციელებას, თითოეულ თქვენგანს მინდა მოვუწოდო, საზოგადოების ყველა კითხვას, რომელიც შეეხება, როგორც საგანგებო მდგომაროების პირობებში მიღებულ გადაწყვეტილებებს, შეიძლება იყოს კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე საუბარი, ამა თუ იმ კომპანიას რატომ მიეცა ნებართვა და რატომ არ მიეცა სხვას, სხვადასხვა სახის შეკითხვები შეიძლება იყოს, რატომ ჩაიკეტა ეს ქალაქი და არ ჩაიკეტა სხვა, რატომ მივიღეთ ზოგ შემთხვევაში ჩვენი მოქალაქეებისთვის ერთი შეხედვით მკაცრი შეზღუდვები. თითოეულ თქვენგანს მინდა მოვუწოდო, აბსოლუტურად ღიად და ტრანსფარენტულად, ყველა ამ შეკითხვას, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის, გავცეთ პასუხი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, თითოეულ მოქალაქეს, მიუხედავად მათი ეთნიკური წარმომავლობისა, ან რომელ რეგიონში ცხოვრობენ ისინი, ყველა მომსახურება საგანგებო მდგომარეობის პირობებში, როგორიც თანაბრად მიეწოდება.

პრემიერ-მინისტრმა ასევე დაავალა სახელმწიფო რწმუნებულებს, რომ ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები გადადგან, რათა ყველა ის ღონისძიება, რომელსაც ატარებს მთავრობა, თანაბრად იყოს გადანაწილებული საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე.

„თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მიუხედავად მათი ეთნიკური წარმომავლობისა, ან რომელ რეგიონში ცხოვრობენ ისინი, თითოეული მომსახურება საგანგებო მდგომარეობის პირობებში, როგორიც იქნება ჯანდაცვის, ეკონომიკის მიეწოდება თანაბრად.

„მოგეხსენებათ, რომ ისეთი საიტი, როგორიცაა Stopcov.ge არის თარგმნილი სამ ენაზე. მინდა მოვუწოდო პირველ რიგში ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს მაქსიმალურად გააორმაგონ შრომა იმისთვის, რომ თითოეულ ამ მოქალაქეს დეტალურად მივუტანოთ ყველა ის ინფორმაცია, ყველა ის შეღავათი, რომელიც წესდება, სახელმწიფოს მიერ სოციალური მხარდაჭერის ნაბიჯები, რომელიც გადადგმულია. გარდა ამისა მინდა, დავავალო გუბერნატორებს, რომ ამ მიმართულებით გადადგან ქმედითი ნაბიჯები, იმისთვის, რომ ყველა ის ღონისძიება, რომელსაც ატარებს მთავრობა, თანაბრად იყოს გადანაწილებული საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური