საქართველოს მთავრობა – 2020 წლის სიახლეები

გიორგი გახარია - ეკონომიკისთვის კრიზისი უნდა გახდეს შესაძლებლობა, ტურიზმის გახსნის ეფექტურმა სტრატეგიამ კი საქართველოს საერთაშორისო პოზიციონირებას უნდა დაუმატოს კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანი - უსაფრთხო ქვეყანა ამოსაბეჭდი ვერსია

2020-05-11

  ..

ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაცია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ერთად, უახლოეს პერიოდში შეიმუშავებს კონკრეტულ წესებს, თუ როგორ შეიძლება ტურიზმის  უსაფრთხოდ გახსნა;  ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს პროცესი მინიმუმ, წლის ბოლომდე იქნება ჩვენთან ერთად, მაგრამ არ უნდა გავაჩეროთ ჩვენი ყოველდღიური ეკონომიკური ცხოვრება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბათუმში, სასტუმროს და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქართული მხარე გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციასთან აქტიურად თანამშრომლობს.

„ჩვენი ქვეყნის განვითარება და მიმდინარე ანგარიშიც ძირითადად ვითარდებოდა ტურიზმის, უცხოური ინვესტიციების და გზავნილების ბაზაზე, სამწუხაროდ, დღეს  ყველა მიმართულებით პრობლემები გვაქვს, ამიტომ, ტურიზმი არის ის მიმართულება, რომელიც ნელ-ნელა უნდა ავამუშაოთ და აქ უნდა ვიყოთ ერთ-ერთი პირველები.  ჩვენ ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ,  ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაცია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ერთად სულ მალე შეიმუშავებს კონკრეტულ წესებს, როგორ შეიძლება გაიხსნას ტურიზმი. რამდენიმე კრიტიკული წერტილია - საზღვარი და კონტროლი საზღვარზე, ტრანსპორტი და შემდეგ სასტუმრო. ეს ყველა მინიმალურად აუცილებელი ეტაპია, სადაც კოვიდის საწინააღმდეგო ზომები და წესები, უსაფრთხოებისთვის  უნდა იყოს დაცული", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, ადამიანებმა ისწავლონ ვირუსთან ადაპტაცია, რადგან არ უნდა გაჩერდეს ეკონომიკა, და ეს ქვეყანას მისცემს საშუალებას, განვითარდეს.

„ჩვენი ძირითადი ამოცანაა, თქვენთან ერთად ამ ვირუსთან გამკლავება. ვიბრძვით ორ ფრონტზე - პირველ რიგში, ადამიანის ჯანმრთელობა. როგორც ჩანს, ჩვენ მოგვიწევს ამ ვირუსთან ერთად ცხოვრება. უნდა გავიაროთ ადაპტაცია, უნდა ვისწავლოთ, როგორ გავუმკლავდეთ ვირუსს. არ უნდა გაჩერდეს ცხოვრება, ეკონომიკა უნდა გაიხსნას, ყველამ უნდა ვისწავლოთ უსაფრთხოების ელემენტარული წესების დაცვა, რომელიც მოგვცემს საშუალებას, ქვეყანა ვითარდებოდეს, პირველ რიგში, ეკონომიკურად, შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები, მივიღოთ სტუმრები, განვავითაროთ ტურიზმი, ახალ პირობებში, მაგრამ, ეს არის ის, რაც ვალდებულები ვართ, გავაკეთოთ ქვეყნის და მოქალაქეებისთვის. რა თქმა უნდა, არ იქნება მარტივი, შევეგუოთ სოციალურ დისტანცირებას, პირბადეს, შევეგუოთ დისტანციურ შრომას, მაგრამ მოგვიწევს. ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, რა პირობებშიც შეგვიძლია, საქართველო იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც დაიწყებს ტურიზმის ეტაპობრივ და ძალიან ფრთხილ გახსნას. ამისთვის ჩვენ უკვე ვსაუბრობთ როგორც ჩვენს მეზობლებთან, ასევე ორმხრივ ფორმატში ევროპელ და არა მხოლოდ ევროპელ პარტნიორებთან, რომ შევქმნათ უსაფრთხო კორიდორები. ჩვენ ასე თუ ისე შედარებით ვირუსს ნორმალურად ვუმკლავდებით, მაგრამ ეს პროცესია, ვერავინ იტყვის, რომ გავუმკლავდით ან გავიმარჯვეთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს სასტუმრო ინდუსტრია კარანტინში  25 ათასზე მეტი ადამიანს მოემსახურა და ისწავლა, როგორ მართოს ვირუსის გავრცელების, გადაცემის რისკი.

პრემიერის შეფასებით, ეს სერიოზული რიცხვია და ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ამას თავისი მნიშვნელობა აქვს.

„რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანია სასტუმრო. სასტუმრო - ბიზნესის თვალსაზრისით იმიტომ, რომ ჩვენ რაღაც მომენტში მივიღეთ გადაწყვეტილება, საკარანტინო ზონებად გამოვიყენოთ ის, ვისაც ამის სურვილი ექნება. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ბევრი კითხვებიც, შეშფოთებებიც და გაურკვევლობაც იყო, დღეს გამოდის, რომ ეს არის კონკრეტული, კონკურენტული უპირატესობა", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

გიორგი გახარიას თქმით, საქართველოში ბევრმა სასტუმრომ ისწავლა, როგორ მართოს ვირუსის გავრცელების და გადაცემის რისკი.

„ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმიტომ, რომ თქვენ, ყველა სასტუმრო ბიზნესიდან ხართ და გესმით, რომ  ბევრი პროცესებია სასტუმროში და ყველგან საჭირო არის შესაბამისი სტანდარტები, რომლებიც თქვენ, გინდათ, თუ არა, იქ, სადაც საკარანტინო ზონები იყო, მოგიწიათ და ისწავლეთ. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას მსგავსი გამოცდილება, ასე სისტემურად, პირველივე დღიდან არ აქვს. შემდგომ,  ბოლო პერიოდში, ზოგიერთებმა დაიწყეს ამის გამოყენება. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაც ამით ძალიან დაინტერესებულია. ჩვენ ახლა ინფორმაციას ვცვლით", -  განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა აჭარის სასტუმრო და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრისას  მთავრობის მიერ ტურიზმის სექტორის დასახმარებლად განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზეც ისაუბრა.

„როგორც კი კრიზისი დაიწყო, რა თქმა უნდა, ფრთხილი ნაბიჯები გადავდგით, არავინ იყო მზად, რომ ზუსტი პროგნოზი გაეკეთებინა, როდემდე გაგრძელდებოდა კრიზისი, დღესაც არავინ არის მზად ამისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ასე თუ ისე იმედის მომცემი მონაცემები და ციფრები გვაქვს. პირველი, რაც გავაკეთეთ ის იყო, რომ ვეცადეთ ცეცხლი ჩაგვექრო და საშუალო ზომის სასტუმროებს, ვისაც პირველ რიგში დახმარება სჭირდებოდა, კრედიტის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებაში მივეხმარეთ, ბევრს გადავუვადეთ საშემოსავლო გადასახადი, მაგრამ ახლა როგორც ჩამოვყალიბდით, ვხედავთ რომ სასაცილოა და საკმარისი არ არის, ყველას კარგად გვესმის, უკვე ისე განვითარდა ეს კრიზისული პროცესები და გადავდგით შემდგომი ნაბიჯები. ინდუსტრია, სრულად, 20 წლის განმავლობაში ქონების გადასახადისგან იქნება გათავისუფლებული; სასტუმროების რაოდენობა, რომელთაც სესხის პროცენტის თანადაფინანსებაში მივეხმარებით გავზარდეთ და ეს აღარ იქნება 50 ნომრამდე, იქნება სასტუმროები, რომლის ბრუნვა არის 20 მლნ-მდე. დანარჩენი სასტუმროები სხვანაირად სტრუქტურირებული ბიზნესებია და იქ ამის არც საშუალებაა და არც აუცილებლობა. რა თქმა უნდა, საშემოსავლო გადასახადიც, მნიშვნელოვანი სისტემური ნაწილი იყო ტურისტული ინდუსტრიის ტურ-ოპერატორები, რომელთაც უკვე გარკვეული ჯავშნები ჰქონდათ გაკეთებული ბლოკებად, პირველ რიგში გადაზიდვებზეა საუბარი, მათაც პროცენტის დაფინანსების ნაწილში მივეხმარებით, გიდები ცალკე საკითხია, დიდი სოციუმია, ასევე მნიშვნელოვანი, მათთვისაც გარკვეული ნაბიჯები გვექნება, გარდა ფინანსური დახმარებისა, ცოტა უფრო მეტად ელემენტარული სტრუქტურირების თვალსაზრისით, რომ მათი საქმიანობა ცოტა უფრო ეფექტური, მოწესრიგებული და შედეგიანი იყოს ყველა ჩვენგანისთვის," - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერის განმარტებით, ქვეყანაში ეკონომიკური აღდგენის პროცესი დაიწყება ტურიზმით, სოფლის მეურნეობით, შემდგომ ამას მოჰყვება მშენებლობა და დეველოპმენტი, ინდუსტრია და განათლება.

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ცალკეული ტურისტული ზონების კოვიდ-19-ისგან სუფთა ზონებად გამოცხადების შესახებ და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში საუბარია პატარა, მობილურ ზონებზე.

„ეს შეიძლება იყოს საირმე, წყალტუბო ან გუდაური. ბაკურიანიც კი დიდია ამისთვის, აჭარას რომ თავი დავანებოთ. აჭარის გამოცხადება ასეთი ფორმით საკმაოდ რთული იქნება, თუმცა გარკვეული ნაწილები შესაძლებელია. აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება იმ სასტუმროებს, სადაც ამის ინფრასტრუქტურა არსებობს. შეიძლება ვიფიქროთ ბათუმზე, როგორც ცალკე აღებულზე და გარკვეული წესები დავაწესოთ, რომ კოვიდისგან თავისუფალ ზონებად გამოვაცხადოთ ცალკეული ლოკაციები. ყველას კარგად გვესმის, რომ ამ ქვეყანაში ეკონომიკური განახლების, გახსნის ან ეკონომიკური აღდგენის პროცესი დაიწყება ტურიზმით, სოფლის მეურნეობა, შემდგომ ამას მოჰყვება მშენებლობა და დეველოპმენტი, რა თქმა უნდა ინდუსტრია, შემდგომ იქნება განათლება, მედიცინა და ასე მივყვებით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მსგავსი რანჟირება განსაზღვრულია იმ სექტორებით, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს თანმიმდევრობა დაყრდნობილია ორი კომპონენტის საშუალო შეწონილზე - ვინ დაზარალდა ყველაზე უფრო და ვის რა მნიშვნელობა ჰქონდა ქვეყნის ეკონომიკაში. ზოგიერთებს ეწყინათ, რატომ ვიწყებთ მაგალითად ტურიზმით და არ ვიწყებთ ინდუსტრიით ან სოფლის მეურნეობით. იმიტომ, რომ თუ საშუალო შეწონილს ავიღებთ, ტურიზმის წვლილი ეკონომიკაში და ამავე დროს პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან ტურიზმზე მიყენებული ზიანი არის ყველაზე მნიშვნელოვანი. შემდგომ ეს არის სოფლის მეურნეობა და ეკონომიკის სხვა დარგები", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი თქმით, დღეს საქართველოს აქვს ყველა მოცემულობა იმისთვის, რომ ეს კრიზისი გამოიყენოს, როგორც შესაძლებლობა, პირველ რიგში, ეკონომიკაში.

„კრიზისი იმდენად ტექნიკურ ცვლილებებს გამოიწვევს გადაცემათა ჯაჭვში, მოთხოვნა-მიწოდების სტრუქტურირებაში, ეს ნამდვილად,  ჩვენი ქვეყნისთვის არის შესაძლებლობა. ჩვენ შეიძლება ჩვენი ეკონომიკის ყველაზე ძლიერი მხარეები ისეთ კონკურენტულ უპირატესობად გავხადოთ, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ გარღვევა მოვახდინოთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ რაღაც ილუზიებში და ოცნებებში ვიყოთ", -  განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საერთაშორისო დონორებისგან და პირველ რიგში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან საქართველოს სრული მხარდაჭერა აქვს.

„საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან გააფორმა ახალ პროგრამაზე ხელშეკრულება. ეს  ნიშნავს, რომ სრული, აბსოლუტური ტურბულენტობის პერიოდში, საერთაშორისო სავალუტო ფონდი ჩვენი ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას ენდო და თქვა, რომ საქართველოს ეკონომიკას შეუძლია ასეთი დარტყმა გადაიტანოს ამ კრიტერიუმებით და პირობებით. ყველა ჩვენი ნაბიჯი, რომელიც გადადგმული იყო, როგორც ეკონომიკის და ბიზნესის დახმარება, სამუშაო ადგილების შენარჩუნების თვალსაზრისით, სოციალური დახმარება თითოეულ მოქალაქეს, ფინანსური დახმარება,  ეს ყველაფერი განხილულია დეტალურად, თითოეული ლარის დონეზე. საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც საერთაშორისო დონორებთან დაასრულა მოლაპარაკება და ქვეყნის მთავრობისთვის, ბიუჯეტისთვის მოიპოვა მილიარდ ექვსას მილიონამდე დოლარი მხარდაჭერისთვის. ასეთი გაურკვევლობის და ტურბულენტობის პერიოდში, მსგავს მხარდაჭერაზე თანხმობა არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი, ყველას  დამსახურება, ქვეყნის მაკროეკონომიკის  სტაბილურობის და ფუნდამენტის სიჯანსაღე. ჩვენ მთავრობის სახელით ველაპარაკებოდით ყველა დონორს, მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდს, და კერძო სექტორისთვის მოვიპოვეთ დამატებით 1,5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსება. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს რესურსი ჩვენი ეკონომიკის კერძო ნაწილისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ნებისმიერი დარგისთვის. ძირითადად ეს იქნებიან ორგანიზაციები, რომლებსაც საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან გარკვეული ვალდებულებები აქვთ, თუმცა ეს შეიძლება იყოს საშუალო დონის მეწარმეები, ადგილობრივი წარმოება, რომლებიც გარკვეული პროგრამებით, დონორების მიერ დაფინანსებულით უკვე სარგებლობდნენ", -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც უსაფრთხო ტურისტული ლოკაციის პოზიციონირების გაძლიერების აუცილებლობას.

„ყველაზე მნიშვნელოვანი, რაზეც დღეს უნდა შევთანხმდეთ, არის ის, რომ ამ ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, ეკონომიკის დარგების - სოფლის მეურნეობის, ვაჭრობის, მშენებლობის, მაგრამ პირველ რიგში ტურიზმის ეფექტური გახსნა უნდა გახდეს წინაპირობა, რომ საქართველო, როგორც ტურისტული ბრენდი მსოფლიო ბაზარზე პოზიციონირებდეს არა მხოლოდ როგორც ზღვის, მთის, ღვინის, მდიდარი ისტორიის, კულტურის, სამზარეულოს მქონე სახელმწიფო, არამედ - უსაფრთხო ქვეყანა ვირუსის თვალსაზრისით. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა და აქვს ყველა იმ მარკეტინგულ პროგრამას, რომელიც საქართველოს წარმოაჩენდა, როგორც ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ტურისტულ ლოკაციას, უნდა დაემატოს უსაფრთხოების განზომილება,", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა ასევე ხაზი გაუსვა ეკონომიკის გახსნის პროცესში უკიდურესი სიფრთხილის გამოჩენის აუცილებლობას.

„გახსნის პროცესში უნდა ვიყოთ უკიდურესად ფრთხილები, არ უნდა ვიჩქაროთ, იმიტომ რომ ჩვენი გახსნის სტრატეგიის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი არის უკან გადახვევის შესაძლებლობა. ყოველთვის უნდა შეგვეძლოს, როგორც კი დავინახავთ, რომ რაღაც პრობლემები იქმნება, გადავახვიოთ უკან. ეს კრიზისი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის უნდა იყოს შესაძლებლობა და ამ კრიზისიდან ქართული ეკონომიკა უნდა გამოვიდეს კიდევ უფრო გაძლიერებული. ჩვენ აქ შეიძლება ზრდის და გარღვევის ისეთი მიმართულებები და წერტილები, ან სექტორები აღმოვაჩინოთ, რომელზეც ადრე საერთოდ არ გვიფიქრია და ვერც წარმოვიდგენდით. აგრეთვე,  ტურიზმის გახსნის სტრატეგიამ და ეფექტურობამ სულ მალე, დაახლოებით, სადღაც აგვისტოსთვის საქართველოს საერთაშორისო პოზიციონირებას უნდა დაუმატოს კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანი, რომ ეს არის უსაფრთხო ქვეყანა, რომელიც პანდემიას უმკლავდება ეფექტურად, რაც პირველ რიგში თქვენი ინტერესია, რადგან უფრო მეტი ტურისტი ჩამოვა, გეყოლებათ მეტი სტუმარი და გექნებათ მეტი შემოსავალი. ეკონომიკისთვის კრიზისი უნდა გახდეს შესაძლებლობა, ეს უნდა ჩავიბეჭდოთ ყველამ თავში, თითოეულმა მოქალაქემ, ეს კრიზისი ჩვენი ქვეყნისთვის უნდა გახდეს შესაძლებლობა და ტურიზმის გამკლავება ამ კრიზისთან უნდა იყოს კიდევ ერთი დამატებითი პლიუსი საქართველოს პოზიციონირებაში საერთაშორისო ბაზარზე, როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყანა," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური