საქართველოს მთავრობა – 2020 წლის სიახლეები

გიორგი გახარია - 18 მაისიდან გაიხსნება სილამაზის სალონები და ესთეტიკური სამედიცინო ცენტრები, მოიხსნება შეზღუდვა 3 ადამიანზე შეკრების თვალსაზრისით, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მოიხსნება შეზღუდვა 3 ადამიანის გადაადგილებაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებით ამოსაბეჭდი ვერსია

2020-05-14

  ..

დღევანდელი მონაცემებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება შედარებით დასტაბილურდა, ხაზგასმით ვამბობ, შედარებით და კონტროლს ექვემდებარება. ჩვენ გვაქვს ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა, 11 გამოჯანმრთელებული და სამწუხაროდ, დღეს დილით გახდა ცნობილი გვყავს კიდევ ერთი გარდაცვლილი 81 წლის ქალბატონი. ეს სამწუხარო ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს - წარმატებული ბრძოლა ინფექციის და პანდემიის წინააღმდეგ არ ნიშნავს, რომ ჩვენ საბოლოოდ რაღაც დასკვნები უნდა გავაკეთოთ. ეს არის დიდი ხნის პროცესი და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს ვირუსი ჩვენთან როგორც ჩანს დარჩება დიდ ხანს,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
 
მთავრობის მეთაურმა წესების დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 18 მაისიდან გაიხსნება სილამაზის სალონები და ესთეტიკური სამედიცინო ცენტრები, აგრეთვე, მოიხსნება შეზღუდვა 3 ადამიანის შეკრების შესახებ დახურულ და ღია სივრცეებში, თუმცა ეს არ შეეხება ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებას. 
 
„შემდეგი საკითხი, რაზეც მინდა ვისაუბრო გახლავთ იმ წესების დაცვა, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენ თანმიმდევრულად და შედარებით უფრო სწრაფად გავხსნათ ეკონომიკა. უნდა გვესმოდეს, რომ რაც უფრო ზედმიწევნით, ეფექტურად და სწორედ დავიცავთ ამ წესებს, მეტი შესაძლებლობა გვექნება სწრაფად ავამუშაოთ ეკონომიკა რაც ჩვენი მიზანია. მოგეხსენებათ, იმ გადაწყვეტილებებით, რომელიც ჩვენ უკვე მივიღეთ, დღეს სრულად იხსნება ნებისმიერი შესვლა და გამოსვლა ქალაქებში - რუსთავი და გარდაბანი. ასევე, 18 მაისიდან მოიხსნება საკარანტინე ზონა მარნეულში და ჩვენი ამ რეგიონის მცხოვრებლებსაც შეეძლებათ ისარგებლონ გადაადგილების იმ შესაძლებლობით, რომლითაც სარგებლობს ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქე. ეკონომიკის გახსნასთან დაკავშირებით,  ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, შეგვიძლია რამდენიმე ეტაპი დავაჩქაროთ, გარკვეული ნაბიჯები გახსნასთან დაკავშირებული ცოტა ადრე გადავდგათ და ამ შესაძლებლობის ფარგლებში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 18 მაისიდან, ორშაბათიდან გაიხსნას სილამაზის სალონები და ესთეტიური სამედიცინო ცენტრები, რაც ვფიქრობთ მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის. გარდა ამისა, მოიხსნას შეზღუდვა 3 ადამიანზე შეკრების თვალსაზრისით, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მოიხსნება შეზღუდვა 3 ადამიანის გადაადგილებაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებით. ამ შეზღუდვას, მიუხედავად ყველაფრისა, აქვს ძალზედ მნიშვნელოვანი ეპიდემიოლოგიური აზრი, რაზეც ჩვენ ექიმები გვარწმუნებენ და ჩვენ მათი გვჯერა. მოგეხსენებათ, რომ პროფესიონალების რეკომენდაციები ჩვენთვის ამ ნაწილში, განსაკუთრებით ეპიდემიასთან ბრძოლაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია,"- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
 
გიორგი გახარიას განცხადებით, რამდენიმე ქვეყანასთან ტურიზმის მიმართულებით წარმატებული მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომელიც მისაღები შედეგით დასრულდება და პირველი ასეთი ქვეყანა იქნება ისრაელი.
 
„რამდენიმე ქვეყანასთან ტურიზმის მიმართულებით წარმატებული მოლაპარაკებები გვაქვს, რომელიც ჩვენთვის მისაღები შედეგით დასრულდება, პირველი ასეთი ქვეყანა იქნება ისრაელი, რომელთანაც ჩვენ გვექნება უსაფრთხო, მწვანე კორიდორი, რომელიც უზრუნველყოფს შესაძლებლობას, საქართველოში სულ მალე მივიღოთ ტურისტები ამ ქვეყნიდან და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ვუმასპინძლოთ ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას შეეფერება და გავუფრთხილდეთ მათ ჯანმრთელობას, - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს ასევე ჩეხეთთან, პოლონეთთან, ბალტიის ქვეყნებთან, ავსტრიასთან და მეზობელ ქვეყნებთან. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველა ეს მიმართულება უახლოეს პერიოდში ლოგიკურ დასასრულამდე  იქნება მიყვანილი.
„რაც შეეხება ეკონომიკის შემდგომ განვითარებას და ანტიკრიზისულ გეგმას, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ - მოგეხსენებათ, რომ ჩვენი მიდგომა არის ძალიან მარტივი - კრიზისი ჩვენი ქვეყნისთვის უნდა გახდეს შესაძლებლობა. ჩვენ ეს გამოწვევა, გლობალური პანდემია, გლობალური კრიზისი უნდა გავხადოთ შესაძლებლობად. გავხდეთ უფრო ეფექტურები და წარმატებულები გლობალურ კონკურენციაში. ამის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითი გახლავთ ტურიზმი და საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს ტურიზმის გახსნას, ამუშავებას და ქვეყანაში სტუმრების მიღებას. ამისთვის ძალიან აქტიურად მუშაობს ტურიზმის სააგენტო, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო. დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ რამდენიმე ქვეყანასთან ამ მიმართულებით წარმატებული მოლაპარაკებები გვაქვს, რომელიც ჩვენთვის მისაღები შედეგით დასრულდება. პირველი ასეთი ქვეყანა იქნება ისრაელი, რომელთანაც ჩვენ გვექნება უსაფრთხო, მწვანე კორიდორი, რომელიც უზრუნველყოფს შესაძლებლობას, საქართველოში სულ მალე მივიღოთ ტურისტები ამ ქვეყნიდან და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ვუმასპინძლოთ ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას შეეფერება და გავუფრთხილდეთ მათ ჯანმრთელობას. გარდა ამისა, აქტიური მოლაპარაკებები გვაქვს ჩეხეთთან, პოლონეთთან, ბალტიის ქვეყნებთან, ავსტრიასთან, ჩვენს მეზობლებთან და ყველა ეს მიმართულება იქნება უახლოეს პერიოდში ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანილი. მაგრამ ამისთვის უცილებელია, დავიცვათ უსაფრთხოების ის წესები, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
 
პრემიერის თქმით, ქართული პროდუქტი უნდა იყოს ჩვენი აგროსასურსათო ბაზრების დახლებზე და ასეთი პროდუქტის წარმოება უნდა ხდებოდეს იმ რაოდენობით, რაც ქვეყანას სჭირდება.
 
„ის პროგრამა, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ  სოფელზე და ფერმერებზე ზრუნვის, არის არა თუ მნიშვნელოვანი, არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის აგროსასურსათო უსაფრთხოებისთვის, ფასების კონტროლისთვის, სამუშაო ადგილების შექმნისთვის და კიდევ ბევრი მიმართულებისთვის,"- აღნიშნა გიორგი გახარიამ.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ძლიერი სოფელი, ნიშნავს ძლიერ ქვეყანას.
„ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი სოფლის მეურნეობის ინდუსტრიაში პროდუქტიულობის ზრდასთან ერთად, ჩვენ უფრო და უფრო უნდა შეგვეძლოს, არა მხოლოდ მოვუწოდოთ ერთმანეთს, რომ უნდა შევიძინოთ ქართული პროდუქტი, არამედ უნდა შეგვეძლოს ასეთი პროდუქტის შეძენა, რამეთუ ისინი უნდა იყვნენ ჩვეულებრივად, ჩვენი აგროსასურსათო ბაზრების დახლებზე. ასეთი პროდუქტის წარმოება უნდა ხდებოდეს იმ რაოდენობით, რომელიც ქვეყანას სჭირდება", -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
 
აგრეთვე, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ფოთის პორტის ერთ-ერთი ტერმინალის სრული რეკონსტრუქციის ეტაპი უახლოეს პერიოდში დაიწყება, სადაც პირდაპირ ინვესტიციებს ახორციელებს ამერიკული ფონდი, პროექტი უკვე დაიწყო და გადმორიცხულია 30 მილიონი აშშ დოლარი.
 
„რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის შემდგომ სტიმულირებას. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ  სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს არ შეგვეჩერებინა, ან შეჩერების ტემპი ყოფილიყო მინიმალური და ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ დაგვესტიმულირებინა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. ამის მაგალითი გახლავთ ფოთის პორტის ერთ-ერთი ტერმინალის სრული რეკონსტრუქციის ეტაპი, რომელიც უახლოეს პერიოდში დაიწყება, რომელშიც პირდაპირ ინვესტიციებს ახორციელებს ამერიკული ფონდი. ეს პროექტი უკვე დაიწყო და გადმორიცხულია 30 მილიონი დოლარი. პროექტის სრული ღირებულება გახლავთ 93 მილიონი დოლარი. სამუშაოები დაიწყება უახლოეს დღეებში, ეს კიდევ ერთი დადასტურებაა, როგორც სახელმწიფოს ზრუნვის უცხოურ ინვესტიციებზე, ასევე, ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის და თანამშრომლობის გაღრმავების, არა მხოლოდ უსაფრთხოების, ან დემოკრატიზაციის მიმართულებით, არამედ ეკონომიკური მიმართულებით და ამას ჩვენთვის ეკონომიკური შინაარსის გარდა აქვს სხვა დატვირთვაც. ყველაფერთან ერთად ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ინვესტიციები ჩვენს საპორტო ინფრასტრუქტურაში და ფოთის პორტი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კარიბჭე კიდევ უფრო უნდა განვითარდეს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველოში, შავი ზღვისპირეთში საზღვაო ინფრასტრუქტურა და საპორტო ინფრასტრუქტურა იყოს თანამედროვე, განვითარებული და ხელი შევუწყოთ ყველაფერს, მათ შორის ახალი პორტების მშენებლობასაც", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური