საქართველოს მთავრობა – 2020 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი სამშობლოში სახელმწიფოს დახმარებით დაბრუნებულ მოქალაქეებს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2020-06-12

. ...

პირველ რიგში, გულწრფელად მიხარია, რომ გხედავთ ჯანმრთელებს და გხედავთ სამშობლოში, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამშობლოში ჩამოყვანილ მოქალაქეებს, რომლებსაც დღეს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან ერთად შეხვდა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრი საქართველოს მოქალაქეა, რომელიც შრომობს საზღვარგარეთ.

„არაფერს ვამბობ იმ ხალხზე, ვინ სწავლობს. სწავლა უნდა მივიღოთ მსოფლიოს ნებისმიერ, ჩვენთვის საინტერესო კუთხეში და რაც უფრო მეტი ქართველი ახალგაზრდა მიიღებს განათლებას საზღვარგარეთ, ქვეყნისთვის არის მხოლოდ და მხოლოდ კარგი. ეს გამოწვევა ყველასთვის იყო მართლა ძალიან მოულოდნელი, ზოგ შემთხვევაში შოკისმომგვრელიც, ხშირ შემთხვევაში, ეს ყველაფერი იმართებოდა მანუალურად, არანაირი გამოცდილება, არანაირი მაგალითის ძალა და ამას, რა თქმა უნდა, ყველაფერთან ერთად, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მოჰყვებოდა. მით უმეტეს, როდესაც პატარა ქვეყანა ხარ, როდესაც რესურსები შეზღუდული გაქვს, როდესაც თითოეულ ლარს ითვლი. რა თქმა უნდა, აქ გადაწყვეტილების მიღება საკმაოდ რთული იყო და ბატონი დავით ზალკალიანი მუდმივად აყენებდა ამ საკითხს, რომ ჩვენ, მაქსიმალურად სწრაფად უნდა მოვახერხოთ ჩვენი მოქალაქეების გამოყვანა. ამაში არ არის გმირობის ტოლფასი საქციელი. ეს არის ყველა ნორმალური სახელმწიფოს ვალდებულება, დამოკიდებულება თავისი მოქალაქეებისადმი. ჩვენ რაც შევძელით, ის გავაკეთეთ. ვცდილობდით, მაქსიმალურად მივსულიყავით თითოეულ, კონკრეტულ შემთხვევამდე, რასაც, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, აკეთებდა საგარეო საქმეთა სამინისტრო. მთლიანად დიპლომატიურ კორპუსს მინდა მადლობა ვუთხრა. ნანახი მაქვს ჩანაწერები, რა ხდებოდა ზოგიერთი ქვეყნის საელჩოსთან. უკიდურესად ემოციური, მძიმე იყო ეს ყველაფერი. თუმცა, არ უნდა გვქონდეს იმის შეგრძნება, რომ ეს ყველაფერი დასრულდა. ჯერ კიდევ ბევრი ქართველია საზღვარგარეთ, რომელსაც უჭირს. რა თქმა უნდა, ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელ-ნელა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ხალხი, ვისაც სურვილი აქვს, დავაბრუნოთ სამშობლოში. თუმცა, ყველაზე დიდი ამოცანაა, რომ ამ ხალხს სამშობლოში ღირსეული შრომის და არსებობის პირობები შევუქმნათ. არაფერს ვამბობ ახალგაზრდებზე, ახალგაზრდებმა უნდა იარონ, ისწავლონ, ნახონ, ჩამოიტანონ გამოცდილება. თუმცა, სხვები ყველა, უკეთესი იქნება ალბათ, რომ ჩვენს ქვეყანას ვემსახურებოდეთ აქ. ამიტომ, ეს ჩვენი ყველას საერთო ამოცანაა. ეს ეპიდემიაც უნდა გადავლახოთ, აქაც უნდა გავიმარჯვოთ და ყველაზე დიდ გამარჯვებას უნდა მივაღწიოთ, რა თქმა უნდა, ეკონომიკურ ფრონტზე. აქ ერთობლივად უნდა ვიშრომოთ. რეალურად, ეს ყოველდღიურ რეჟიმში იყო", -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, 12 000-ზე მეტი ადამიანის შეღავათიანი პირობებით, ორგანიზებულად საზღვარგარეთიდან სამშობლოში დაბრუნება არ არის მარტივი საქმე, თუმცა, ეს იყო მთავრობის ვალდებულება. 

„როცა საყვედურია სათქმელი, საყვედურის თქმაც შეგვიძლია და როცა მადლობაა სათქმელი, მადლობაც შეგვიძლია.  როცა ავიაკომპანიას საყვედური ეკუთვნოდა, საყვედური ვუთხარით,  ამ შემთხვევაში ეკუთვნის მადლობა და რა თქმა უნდა, მადლობა უნდა გადავუხადოთ იმისთვის, რომ მართლა ეფექტური თანამშრომლობა გამოგვივიდა. 12 000-ზე მეტი ადამიანის შეღავათიანი პირობებით, ორგანიზებულად საზღვარგარეთიდან სამშობლოში დაბრუნება არ არის მარტივი საქმე, განსაკუთრებით მაშინ, როცა მიმდინარე კრიზისში ხარ, მიმდინარე პანდემიასთან ბრძოლის ეტაპზე ხარ. საკმაოდ რთული იყო ეს ყველაფერი, თუმცა ეს იყო ჩვენი ვალდებულება, რასაც ვაკეთებდით. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ახალგაზრდები, რომლებიც ამერიკიდან ჩამოვიყვანეთ. ფაქტობრივად,  დაგეგმილი იყო ერთობლივი, სპეციალური ღონისძიება, ამერიკის მთავრობასთან ერთად, ჩვენს მეზობლებსაც მივეხმარეთ. ახლა ერთი სული გვაქვს და დარწმუნებული ვართ,  ამ ახალგაზრდებსაც, რომლებიც იქ განათლებას იღებდნენ, ერთი სული აქვთ, როდის დამთავრება ეს ყველაფერი და ასევე, დაგაბრუნებთ უკან, იმიტომ, რომ უნდა მიიღოთ კარგი განათლება და დაბრუნდეთ ქვეყანაში", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა ასევე  აღნიშნა, რომ  ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მოზრდილმა თაობამ ქვეყანას მოახმაროს ის გამოცდილება, რაც მიიღეს საზღვარგარეთ, ახალგაზრდებმა კი მიიღონ კარგი განათლება უცხოეთში და შემდგომ დაუბრუნდნენ სამშობლოს.

„ამ ქვეყანას სჭირდება ყველაზე უფრო განათლებული ახალი თაობა. ამ ქვეყნის ყველა სფეროს სჭირდება ახალი ელიტები ყველგან - კულტურაში, ეკონომიკაში, განათლებაში, სპორტში, ყველგან და ეს ხართ თქვენ. ამიტომ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოზრდილი თაობა აქ შევინარჩუნოთ და ის გამოცდილება, რაც მიიღეს იქ, მოვახმაროთ ამ ქვეყანას და ახალგაზრდები გაგიშვათ ისევ უკან, მიიღოთ კარგი განათლება და დაგვიბრუნდეთ რაც შეიძლება სწრაფად. ეს არის ჩვენი ძირითადი ამოცანა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა, პანდემიაზე საუბრის დროს, ხაზი გაუსვა, რომ შეუძლებელია ცალკე აღებულმა ქვეყანამ დაამარცხოს ის, რადგან ეს გლობალური გამოწვევაა.

„არ უნდა გვეგონოს, რომ ჩვენ რაღაცა დავასრულეთ, ბრძოლა დასრულებულია, ან გამარჯვებას მივაღწიეთ. ეს ყველაფერი მარტივია - რაც უფრო მოვადუნებთ ყურადღებას, მით უფრო სწრაფად გავრცელდება ვირუსი. შეუძლებელია ცალკე აღებულმა ქვეყანამ დაამარცხოს პანდემია, უბრალოდ შეუძლებელია, რადგან ეს არის გლობალური გამოწვევა. ყველა ვხედავთ, რა ხდება რეგიონში, რომ საქართველო არის სიმშვიდის მწვანე კუნძული, მაგრამ ამის შენარჩუნება კიდევ უფრო მეტ შრომას მოითხოვს, ამიტომ, უდიდესი პასუხისმგებლობა გვმართებს თითოეულ ჩვენგანს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, იმიტომ, რომ როგორც კი მოვდუნდებით, ვირუსი გავრცელდება ისე სწრაფად, რომ ვერც მოვასწრებთ გააზრებას და შევხედავთ ერთმანეთს და ვიტყვით - როგორ დაგვემართა. ამიტომ, უნდა გვქონდეს მაღალი ხარისხის პასუხისმგებლობა. ეს არ არის მხოლოდ მთავრობის ბრძოლა, ეს ყველას ბრძოლაა. ისევე როგორც, თუ რამეს მივაღწიეთ, მივაღწიეთ ერთობლივად და ასევე ერთობლივად უნდა შევინარჩუნოთ ეს ყველაფერი. ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებით მათ, ვინც დაბრუნდნენ ქვეყანაში, უნდა მივცეთ საშუალება, რომ ღირსეულად არჩინონ თავიანთი ოჯახები აქ, საქართველოში შრომით. ამისთვის გვჭირდება პირველ რიგში კონტროლი, უნდა ვაკონტროლოთ ეპიდემია და გვქონდეს მარტივი ფორმულა - სწრაფად უნდა გამოვავლინოთ, სწრაფად უნდა ვუმკურნალოთ და სწრაფად უნდა დავაბრუნოთ ადამიანი ნორმალურ ცხოვრებაში. ამისთვის გვმართებს ყურადღება თითოეულ ჩვენგანს, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ვართ, სად ვართ და რით ვართ დაკავებულები", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიამ მადლობა გადაუხადა  ახალგაზრდებს კარგი სწავლისთვის და ზრდასრულებს იმისთვის, რასაც ამ ქვეყნისთვის აკეთებენ. მან  ხაზი გაუსვა,  თითოეული ემიგრანტის დახმარების მნიშვნელობას საქართველოსთვის.

„ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს თითოეული ემიგრანტის დახმარება საქართველოსთვის. ძალიან კარგად მესმის ეს,  ციფრებშია გაზომილი და ეკონომიკაზე რა ზემოქმედება აქვს, ამის ახსნა მე არ მჭირდება. ძალიან კარგად მესმის, რას ნიშნავს ის ცოდნა და კომპეტენცია, რომელიც იქ არის მიღებული და ამის საქართველოში ჩამოტანა. ამისთვის, რა თქმა უნდა, თითოეულ თქვენგანს მადლობა ეკუთვნის. მინდა, პირველ რიგში, გისურვოთ ჯანმრთელობა და გისურვოთ, რომ დავრჩეთ აქ, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ აქ ვიშრომოთ და მივაღწიოთ იმას, რისი გაკეთებაც უკვე ვისწავლეთ და რა გამოცდილებაც მივიღეთ იქ. ეს არის ყველაზე მთავარი და რა თქმა უნდა, ჯანმრთელობა და ყურადღება. უნდა ვიცოდეთ, რომ ამაზე მნიშვნელოვანი დღეს არაფერი არ არის. თუ გვინდა, რომ განვითარდეს ეკონომიკა, უნდა ვაკონტროლოთ და ვმართოთ  პანდემიის, ვირუსის გავრცელების რისკები. ეს არის თოთოეული ჩვენთაგანის, თითოეული საქართველოს მოქალაქის და ყველა იმ ადამიანის პასუხისმგებლობა, ვინც დღეს საქართველოში ცხოვრობს", -  აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერმა ეკონომიკურ შეზღუდვებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ  პასუხისმგებლობა და მზაობა უნდა იყოს უფრო მეტი, რათა ქვეყანას კიდევ ერთხელ, თავიდან არ მოუწიოს მათი დაწესება.

„წავიდა ტენდენცია, თითქოს რაღაც დავამარცხეთ არაფერი არ დაგვიმარცხებია, რეალურად, როგორც კი ქვეყანაში ეკონომიკური შეზღუდვები მოვხსენით და მობილობა გაიზარდა, ინფიცირებულების რაოდენობა გაგვეზრდება ეს ფაქტია. ჩვენი პასუხისმგებლობა და მზაობა უნდა იყოს უფრო მეტი - უფრო ფრთხილად უნდა ვიყოთ, უფრო მომზადებულები, გავითვალისწინოთ ყველა რეკომენდაცია, რომელსაც ეპიდემიოლოგები გვირჩევენ - პირბადე, სოციალური დისტანცია და ა.შ. ეს არის ის პასუხისმგებლობა, რომელიც დღეს აუცილებელია იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ თავიდან არ მოგვიწიოს ეკონომიკური შეზღუდვების დაწესება. ცოტა მეტი ძალა უნდა დავატანოთ თავს, ცოტა მეტი ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა უნდა გამოვიჩინოთ იმისთვის, რომ რასაც მივაღწიეთ, შევინარჩუნოთ და ჩვენს მოქალაქეებს მივცეთ შესაძლებლობა, იშრომონ და ოჯახში შემოსავალი შეიტანონ. იქ, სადაც შესაძლებელია დისტანციურად შრომა, უნდა ვიყოთ დისტანციურად. სადაც არ არის საჭირო დიდი სოციალური შეკრებები, არ უნდა ვიყოთ ასეთ შეკრებებზე. არ არის საჭირო დიდი დაბადების დღეების გადახდა. უნდა გავუფრთხილდეთ და მეტი პასუხისმგებლობა უნდა გვქონდეს ერთმანეთის მიმართ. ახლა უფრო მეტი აუცილებლობაა, რომ ერთმანეთზე ვიზრუნოთ. პასუხისმგებლობა უნდა იყოს უფრო მეტი. როდესაც გადაადგილება, ტრანსპორტი და კიდევ ბევრი რამ იყო შეზღუდული, რა თქმა უნდა, შევზღუდეთ ვირუსის გავრცელებაც, მაგრამ ახლა, როდესაც მოვხსენით ყველაფერი, იმიტომ, რომ ადამიანებმა ოჯახები არჩინონ და ყველანი ვმოძრაობთ, ჩვენ უკვე ჩვენ თავს უნდა დავუწესოთ თვითშეზღუდვა. ეს უნდა იყოს თითოეული მოქალაქის აბსოლუტურად გააზრებული და ნებაყოფლობითი ნაბიჯი. ეს თვითშეზღუდვა არის ერთადერთი შესაძლებლობა, რომ ვიზრუნოთ ერთმანეთზე", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მან ხაზი გაუსვა, რომ ბევრი ადამიანი დარჩა კიდევ საზღვარგარეთ, ბევრთან სახელმწიფოს დახმარების ხელი შეიძლება ვერ მივიდა. პრემიერის განცხადებით, ხელისუფლება ყველასთან მივა, თუმცა ამას დრო სჭირდება, ვინაიდან საქართველო  ჯერ კიდევ საკმაოდ სუსტი ეკონომიკის ქვეყანაა  და მისი შესაძლებლობები შეზღუდულია.

მთავრობის მეთაურის თქმით, დამსაქმებელმა კომპანიებმა უნდა იგრძნონ სოციალური პასუხისმგებლობა და ხალხს შეუქმნან ისეთი შრომის პირობები, რომ ვირუსის გავრცელების რისკი სამუშაო ადგილებზე არ იყოს.

„სამართლიანობა და ეფექტურობა -  ეს იყო ის გასაღები, რითაც ჩვენ შევძელით ამ  ვირუსთან დღემდე,  ჯერჯერობით ნორმალურად გამკლავება. აწი რა იქნება, ეს თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული. ჯერ არაფერი არ დაგვიმარცხებია, არაფერი ლიკვიდირებული არ არის და სამწუხაროდ, ეს ვირუსი ჯერ კიდევ ჩვენთან არის. უნდა მივეჩვიოთ მასთან ცხოვრებას, მოგვიწევს ადაპტაცია. გვეყოლება რაღაც რაოდენობა ინფიცირებული ადამიანები, ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ჯანდაცვის სისტემამ სწრაფად უნდა გამოავლინოს, უნდა აღმოაჩინოს სწრაფი და სწორად სტრუქტურირებული ტესტირებების სისტემების საშუალებით, შემდგომ სწრაფად უნდა უმკურნალოს გამართული ჰოსპიტალური სისტემის საშუალებით და სწრაფად დააბრუნოს ნორმალურ ეკონომიკურ ცხოვრებაში. დამსაქმებლები თავიანთ დასაქმებულებს პასუხისმგებლიანად უნდა დახვდნენ, იგრძნონ თავიანთი სოციალური პასუხისმგებლობა და ამ ხალხს შეუქმნან ისეთი შრომის პირობები, რომ ვირუსის გავრცელების არანაირი შანსი არ იყოს სამუშაო ადგილებზე. არავინ იცის ხვალ რა იქნება, ამიტომ, ჩვენ თუ არ ვიზრუნეთ ერთმანეთზე, არავინ იზრუნებს ჩვენზე და ეს ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს. გამოწვევა არის გლობალური, პანდემია არის გლობალური. ცალკე აღებული სახელმწიფო ამას ვერ მოერევა, მაგრამ ჩვენს გასაკეთებელს სხვა არავინ გააკეთებს. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე, ჯანმრთელობის თვალსაზრისით და უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე იმისთვის, რომ ეკონომიკა გავაძლიეროთ და გავხსნათ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა საზღვარგარეთ, ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 21 012 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში, მთავრობის ხელშეწყობით - საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი სპეციალური რეისებით, სახმელეთო და საზღვაო გზებით, ორგანიზებულად დაბრუნდა 12 409 მოქალაქე.


მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური