საქართველოს მთავრობა – 2020 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განცხადებები გააკეთა ამოსაბეჭდი ვერსია

2020-09-03

  ..

არ აქვს არანაირი მნიშვნელობა, სად ვართ, ბათუმში, თბილისში, თელავში, თუ სხვაგან, უნდა დავიცვათ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, გუშინ დაფიქსირდა ინფიცირების 38 ახალი შემთხვევა, დღეს კი 20 ახალი შემთხვევაა, რაც უაღრესად საყურადღებოა.

გასული ღამის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 7 186 ტესტი ჩატარდა, რომელთა პასუხი დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი.

„გლობალური პანდემია არის გამოწვევა, რომელთან ერთადაც ჩვენ მოგვიწევს ცხოვრება, როგორც ჩანს, შემდგომი წელიწადი, წელიწად-ნახევარი. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ძირითადი ამოცანაა, სწორად ვმართოთ რისკები. ვერავინ, მათ შორის საქართველოც, როგორც ცალკე აღებული ქვეყანა, გლობალურ პანდემიას ვერ დაამარცხებს, რამეთუ ეს არის გლობალური გამოწვევა და რისკი. შესაბამისად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავიცვათ, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და რა თქმა უნდა, დავიცვათ ჩვენი ეკონომიკა", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერ-მინისტრმა ეპიდემიასთან ბრძოლის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებზე გაამახვილა ყურადღება.

„დღეს, საქართველო აღიარებულია ერთ-ერთ წარმატებულ ქვეყნად ეპიდემიის მართვის, ისევე, როგორც ეკონომიკური რისკების შემსუბუქების მიმართულებით. მოგეხსენებათ, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ორმა საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციამ საქართველოს შეუნარჩუნა საინვესტიციო რეიტინგი, რაც რა თქმა უნდა, არის მიღწევა და ჩვენ, მოქალაქეებთან ერთად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს მიღწევა დავიცვათ. ამისთვის გვჭირდება, რომ უაღრესად ყურადღებით მოვეკიდოთ ეპიდემიოლოგების მოთხოვნებს. არ აქვს არანაირი მნიშვნელობა, სად ვართ, ბათუმში, თბილისში, თელავში, თუ სხვაგან. უნდა დავიცვათ სოციალური დისტანცია, ვატაროთ პირბადეები, არა ისე, ფორმალურად, არამედ, როგორც ამას ეპიდემიოლოგები და ექიმები უწევენ რეკომენდაციას და სერიოზულად მოვეკიდოთ ჩვენი თანამოქალაქეების, ბავშვების და მოხუცების ჯანმრთელობას", - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ გადადგა ძალიან ფრთხილი ნაბიჯები ეკონომიკის გახსნის, საერთაშორისო ფრენებისა და შიდა ტურიზმის აღდგენის მიმართულებით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ცვლილება და ინფიცირების რაოდენობის ზრდა მოსალოდნელი იყო.

„უნდა გვახსოვდეს, რომ მთავრობის გადაწყვეტილების შედეგად, სასწავლო პროცესი იწყება კლასებში და ჩვენი ბავშვები 15 სექტემბრიდან უკვე სრულად ივლიან სკოლაში. ეს, კიდევ დამატებითი წნეხი იქნება მობილობის ზრდაზე, რაც კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას მოითხოვს თითოეული ჩვენგანისგან. ამიტომ, შესაბამის სამინისტროებს, ჯანდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს გევალებათ, დღეიდან, კიდევ უფრო გაამკაცროთ საკანონმდებლო დონეზე დღეს დაწესებული მოთხოვნების კონტროლი. პირველ რიგში, ეს არის პირბადე დახურულ სივრცეებში და რა თქმა უნდა - სოციალური დისტანცია. ეს ყველაფერი გჭირდება იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებთან ერთად, შევინარჩუნოთ ის მიღწევა, რომელიც გვაქვს, როგორც ეპიდემიის მართვის სწორი ნაბიჯების გადადგმის შედეგად, ასევე ეკონომიკური დარტყმისა და ეკონომიკური კრიზისის შერბილების მიმართულებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ხვალინდელი დღისთვის, სამუშაო ადგილების შენარჩუნებისა და საერთოდ, ქვეყნის წარმატებისთვის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, სასტუმრო ბიზნესში ჩართულ კომპანიებს, სესხის თანადაფინანსების - საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირების პროგრამა 6-დან 12-თვემდე გაუგრძელდებათ.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს არის სახელმწიფოს მხრიდან ტურიზმის სექტორის მხარდაჭერის ერთადერთი შესაძლებლობა.

„პირველი ანტიკრიზისული ნაბიჯი, რომელიც გადავდგით, ეს იყო ტურისტული სექტორის და პირველ რიგში, სასტუმრო ბიზნესის დახმარება. სულ რაღაც 3 თვეში აღმოჩნდა, რომ ეს არ იყო საკმარისი, ამიტომ, ჩვენ ამ კომპანიებს, რომლებიც ჩართულები არიან სასტუმრო ბიზნესში, სესხის თანადაფინანსების პროგრამა გავუგრძელეთ 3-დან 6 თვემდე გავუგრძელეთ. რადგან უკვე ჩანს, რომ ესეც არ იქნება საკმარისი, დღეს ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, სესხის თანადაფინანსების, საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირების პროგრამა გავაგრძელოთ 6-დან 12 თვემდე, ჯამში ერთი წლით. ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, სექტორს დავუდგეთ გვერდით, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური მაჩვენებლები ფრთხილი, თუმცა ოპტიმიზმის შესაძლებლობას გვაძლევენ, ტურიზმის სექტორი ჯერ კიდევ წნეხის ქვეშ არის. ამიტომ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ სექტორს მივეხმაროთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, იმ კომპანიებისთვის, რომლებმაც გასული 6 თვის განმავლობაში ვერ მოახერხეს, გამხდარიყვნენ პროგრამის ბენეფიციარები, შესაძლებლობების ფანჯარა გაიხსნება და მათ ერთი თვით - 10 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე ექნებათ შესაძლებლობა, ჩაერთონ 6 თვით საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირების პროგრამაში.

„დამატებით 6 თვის კომპონენტში ჩართვის შესაძლებლობა ექნება ყველა კომპანიას, იმ შემთხვევაშიც, თუ მას ჯერ არ მიუღია ამ პროგრამაში მონაწილეობა. ეს მცირე სასტუმროებს აძლევს შესაძლებლობას, გახდნენ ამ პროგრამის ბენეფიციარები. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დავეხმაროთ სექტორს და შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გარდა ამისა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი ინიციატივის - „იმუშავე საქართველოდან" ფარგლებში, უკვე მიღებულია 200-ზე მეტი განაცხადი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის აშშ-დან, სინგაპურიდან და ა.შ.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პროგრამის შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა.

„იმუშავე საქართველოდან - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ამ ინიციატივას ბევრი ჩვენგანი რატომღაც სკეპტიკურად უყურებდა. არსი მდგომარეობს იმაში, რომ იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო არის ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა კორონავირუსის მართვის თვალსაზრისით, ჩვენ 95 ქვეყნის მოქალაქეებს შევთავაზეთ, მინიმუმ 180 დღით, საქართველოდან დისტანციურად გააგრძელონ შრომა. ვავალებ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოს ამ პროგრამაზე და კიდევ უფრო გააძლიეროს სარგებელი, რომელიც, მან, შესაძლოა, ქართულ ეკონომიკას და პირველ რიგში საქართველოს, როგორც მწვანე და კორონავირუსისგან სუფთა ქვეყანას მოუტანოს," - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, „შეღავათიანი აგროკრედიტის" პროგრამაში ჩნდება ახალი კომპონენტი, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს და შემსყიდველ კომპანიებს მისცემს შესაძლებლობას, არც ერთი კილოგრამი ვაშლი ჩაუბარებელი არ დარჩეს.

პრემიერის შეფასებით, ეს ნაბიჯი მიმართულია ფერმერების მხარდასაჭერად.

„წელს ატმის შესანიშნავი მოსავალი გვქონდა, რომლის ექსპორტმა რეკორდულ ციფრებს მიაღწია. წელს საქართველოდან 23 000 ტონაზე მეტი ატამი იყო ექსპორტირებული, რაც 10 000-ით აღემატება შარშანდელ მონაცემებს. როგორც ჩანს წელს ასევე, ვაშლის უხვი მოსავალი გვექნება, დაახლოებით სამჯერ უფრო მეტი - 120 000 ტონამდე. მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო, „დანერგე მომავალის" და სხვადასხვა პროგრამის საშუალებით ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში განახლდეს და გაჩნდეს ევროპული სტანდარტის მრავალწლოვანი ბაღები, მაინც ჯერ კიდევ დიდია არასტანდარტული მოსავლის რაოდენობა. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთი კილოგრამი მოსავალი მაინც უნდა დარჩეს დაუბინავებელი. ამიტომ, „შეღავათიანი აგროკრედიტის" პროგრამაში ჩნდება ახალი კომპონენტი, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს და შემსყიდველ კომპანიებს მისცემს შესაძლებლობას, არც ერთი კილოგრამი ვაშლი შეუსყიდავი არ დარჩეს, რაც გულისხმობს სუბსიდირებას. ეს პროგრამა რომ არ ყოფილიყო, კილოგრამი ვაშლის ფასი დაახლოებით 10 თეთრი იქნებოდა, რამეთუ საერთაშორისო ბაზრებზე ვაშლის ფასი დაეცა. ამ პროგრამის საშუალებით კი, ნებისმიერი გლეხი და ფერმერი, არასტანდარტულ ვაშლში მიიღებს მინიმუმ 22 თეთრს, რაც კრიზისის პირობებში სერიოზული მხარდაჭერაა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური