საქართველოს მთავრობა – 2020 წლის სიახლეები

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ზუგდიდში და ფოთში, ბათუმისა და ქობულეთის მსგავსად, სწავლა კლასებსა და აუდიტორიებში 1-ელი ოქტომბრიდან განახლდება, თუმცა, 15 სექტემბრიდან სასწავლო პროცესი დისტანციური ფორმით დაიწყება ამოსაბეჭდი ვერსია

2020-09-11

..

დღეის მდგომარეობით, გლობალურად, ინფიცირებულების რაოდენობა, სამწუხაროდ, იზრდება. სამწუხაროდ, ინფიცირებულების რაოდენობა, თან მნიშვნელოვნად, იზრდება საქართველოშიც, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად, მთავრობის ადმინისტრაციაში კლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მთავრობის მეთაურის შეფასებით, დღეს, საქართველოში, ინფიცირებულების რაოდენობის ზრდის გამო პანიკისთვის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან როგორც ეპიდემიოლოგები, ასევე კლინიკური ჯგუფი და მთავრობა, სიტუაციას აკონტროლებენ და პანდემიის გავრცელების რისკებს სრულად მართავენ.


„ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენ, დღეს, რა ნაბიჯიც არ უნდა გადავდგათ, ნებისმიერ ნაბიჯს ეყოლება, როგორც მძაფრი კრიტიკოსები, ასევე მხარდამჭერები, თუმცა ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და უნდა გავაკეთოთ, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან და გონივრულობის პრინციპიდან გამომდინარე. სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენ გვქონდა კლინიკურ ჯგუფთან შეხვედრა და გარკვეულად გავაანალიზეთ გლობალურად და საქართველოში მიმდინარე პროცესები. დღეს, საქართველოში, ინფიცირებულების რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს, რამეთუ, როგორც ეპიდემიოლოგები, ასევე კლინიკური ჯგუფი და მთავრობა, სრულად აკონტროლებენ სიტუაციას და სრულად მართავენ პანდემიის გავრცელების რისკებს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა განვახორციელოთ დამატებითი ღონისძიებები, ან დამატებითი სიმკაცრე უკვე მიღებული ღონისძიებების აღსრულებაში არ უნდა გამოვავლინოთ. დღეს, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია დისციპლინა იმ წესების აღსრულების საქმეში, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად მივიღეთ", -  აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. 


გიორგი გახარიას თქმით, გლობალურ პანდემიას, ცალკე აღებული ქვეყანა, მათ შორის საქართველო, მარტო ვერ გაუმკლავდება, ამიტომ, ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ეფექტური ადაპტაციის პროცესი -  შემთხვევების სწრაფი გამოვლენა, სწრაფი მკურნალობა და მოქალაქის, სწრაფად დაბრუნება ნორმალურ სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში. 


„ეს პრინციპი არსად არ წასულა და ამ პრინციპზე ვრჩებით. როდესაც ვამბობთ, რომ არ არსებობს პანიკის საფუძველი, ვგულისხმობთ იმას, რომ ბოლო 5-6 თვე ჩვენ გამოვიყენეთ იმისთვის, რომ ეპიდემიის მართვაში ჩართული ყველა სისტემა, მათ შორის მენეჯმენტის, ლოგისტიკის კუთხით, ისევე, როგორც ჰოსპიტალური სისტემის მართვის, ეპიდემიოლოგიური, ან კლინიკური მიმართულებით, დღეს აბსოლუტურად სხვა ფორმაში და სხვა მდგომარეობაშია. მაგალითად, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას, მარტიდან, ეპიდემიოლოგები საქართველოში ახერხებდნენ, დღეში, დაახლოებით 200 PCR ტესტის გაკეთებას, დღეს ქვეყანაში, უპრობლემოდ, საშუალოდ, 8 000 PCR ტესტი კეთდება. უახლოეს პერიოდში, ეს რაოდენობა გაიზრდება 10 000-მდე და თუ საჭირო იქნება, შემდგომი ზრდის პერსპექტივაც არსებობს. ჰოსპიტალურ სისტემაში უკვე ყველა პრევენციის მექანიზმი -  112, პირველადი ჯანდაცვის რგოლი, შემდეგ კარანტინი, გამოვლენა, ჰოსპიტალი - ეს სისტემა საათივით მუშაობს და აქ არანაირი შეფერხება არ იქნება", -  განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერის ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროს მიეცა დავალება, რომ უახლოეს დღეებში სრულ მზადყოფნაში იყოს 3 000 საწოლი, იმისათვის, რომ თუ შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება, შესაძლებელი იყოს სწრაფად და ეფექტურად მათი მკურნალობა. 

გიორგი გახარიას შეფასებით, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია მოქალაქეების პასუხისმგებლობა, ვიდრე ჯარიმა.

„კარგად გვესმის, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში ბევრი დისკომფორტი შეიქმნა. ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად გონივრული მიზანი - ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა,  ეკონომიკის გადარჩენა და სწრაფი აღდგენა. ეკონომიკის გადარჩენაზე უკვე არ ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ სწრაფ აღდგენაზე. ამიტომ, ჩვენი მოქალაქეების პასუხისმგებლობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, ვიდრე ჯარიმა. როდესაც ვამბობთ, რომ მიღებული შეზღუდვების დისციპლინა და აღსრულება არის უაღრესად მნიშვნელოვანი, ეს ნიშნავს ელემენტარულ რაღაცეებს - მაგალითად, პირბადის ტარება აუცილებლად დახურულ სივრცეში, ასევე პირბადის ტარება, როგორც რეკომენდაცია, ღია სივრცეში, მაგალითად პირბადის ტარება, როდესაც ღია სივრცეში ხდება 200-მდე ადამიანის შეკრება სხვადასხვა ღონისძიებების დროს. ეს ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ, ისევე, როგორც დისტანციის დაცვა, პირადი ჰიგიენა და ა.შ.", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ის მიღწევა, რომელიც საქართველოს აქვს ვირუსის ეპიდემიოლოგიური, კლინიკური მართვის ნაწილში, უნდა გადავიდეს ეკონომიკურ განზომილებაში და უნდა მოხდეს ეკონომიკის სწრაფი აღდგენა.

„ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ სამწუხაროდ გლობალური პანდემია და გლობალური ვირუსი, როგორც ჩანს გარკვეული პერიოდის განმავლობაში იქნება ჩვენთან ერთად და ჩვენ უნდა მივეჩვიოთ ამ გამოწვევასთან ერთად ცხოვრებას. ეს ყველაფერი იმისთვის გვჭირდება, რომ არ დავაზიანოთ ეკონომიკა. არ ვაპირებთ და არ ვართ მზად იმისთვის, რომ მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვები დავაწესოთ. ამისთვის გვჭირდება, რომ ვირუსის მენეჯმენტი და მართვა იყოს ეფექტური.  პირბადის ტარება არ არის რთული მოთხოვნა, თუმცა, როგორც ჩანს, გარკვეული შეზღუდვების დაწესებაც მოგვიწევს და ვფიქრობ, ამ შეზღუდვების ნაწილსაც ჩვენი მოქალაქეები აბსოლუტურად გაგებით მოეკიდებიან. კარგად გვესმის, რომ ჩვენს ნებისმიერ ნაბიჯს დღეს, ეყოლება კრიტიკოსი და მაქებარი, მაგრამ ჩვენთვის მთავარია მოქალაქის ჯანმრთელობა, სიცოცხლე და ეკონომიკა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ზუგდიდში და ფოთში, ბათუმისა და ქობულეთის მსგავსად, სასწავლო პროცესი სასწავლო კლასებსა და აუდიტორიებში 1-ელი ოქტომბრიდან განახლდება. თუმცა, აღნიშნულ ქალაქებში სასწავლო პროცესი  15 სექტემბრიდან, დისტანციური ფორმით დაიწყება. 

„ეს საჭიროა იმისთვის, რომ სწორად შევაფასოთ მიმდინარე რისკები და ამისთვის ჩვენ ეპიდემიოლოგებთან ერთად,  ორი კვირა გვჭირდება. ამის შემდგომ ჩვენ უკვე მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს ბავშვებთან მიმართებაში. თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ზუგდიდში და ფოთში, სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან დისტანციურად დაიწყება, ხოლო სასწავლო კლასებსა და აუდიტორიებში - 1-ელი ოქტომბრიდან. სწავლების ჰიბრიდული ფორმა უკვე მზად გვქონდა, ვინაიდან სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა კლასში სხვადასხვა რაოდენობის მოსწავლეები არიან და გადანაწილებული იყო, ნაწილი დისტანციურად, ნაწილი - კლასებში. ეს ეხება ყველას, მათ შორის კერძო სკოლებსაც. ასევე, ეს ეხება სხვადასხვა წრეს, რომელზეც ბავშვები დადიან და რომელიც არ არის ღია ცის ქვეშ. ღია ცის ქვეშ არსებულ წრეებთან დაკავშირებით შესაბამის პროტოკოლს ეპიდემიოლოგები და სპეციალისტები გააკეთებენ", - აღნიშნა პრემიერმა. 

მთავრობის მეთაურის თქმით, თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა, როგორც ჯანმრთელობის პირადი მონიტორინგი, ასევე ხანდაზმულებზე ყურადღების გამახვილება. გიორგი გახარიამ მოქალაქეებს მოუწოდა, ნებისმიერი პირველადი სიმპტომების გამოვლენისთანავე, დაუკავშირდნენ 112-ს და ჯანდაცვის სამინისტრო მათ შესაბამის დახმარებას გაუწევს. 

„ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, მიმართულია იქით, რომ სწრაფად აღვადგინოთ ჩვენი ეკონომიკა. ჩვენ სწრაფად უნდა აღვადგინოთ თითოეული სამუშაო ადგილი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქართულ ოჯახებში რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდეს ის შემოსავალი, რომელიც გვქონდა პანდემიამდე", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა ასევე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას 31 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების თარიღის ცვლილებასთან დაკავშირებით. 

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ არჩევნების თარიღის შეცვლა ან  საარჩევნო პროცესზე რაიმე სახის ცვლილებები დღის წესრიგში კატეგორიულად არ დგას, ისევე, როგორც დღის წესრიგში არ დგას არანაირი შეზღუდვები, რომელსაც პირდაპირი ეკონომიკური ზეგავლენა ექნება. 

გიორგი გახარიამ ასევე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, ხომ არ გამოიწვია ვირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდა მთავრობის მოდუნებამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, ის, რომ დღეს კლინიკური ჯგუფი და კლინიკების ხელმძღვანელები მომენტალურად შეიკრიბნენ, როგორც კი ეს საჭირო გახდა, იმას აჩვენებს რომ არავინ მოდუნებულა. 

„პირიქით, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ სწორად და იმისთვის, რომ ეკონომიკა საბოლოოდ არ გადაგვეკეტა. ჩვენ ჩვენს ხალხთან კავშირი გვაქვს, მათ შეგრძნებებს ვსწავლობთ და ვგრძნობთ. დღესაც ვხვდებით, რომ მსგავსი შეზღუდვების პირობებში მოქალაქის პასუხისმგებლობა უფრო სერიოზული ინსტრუმენტია, ვიდრე ჯარიმა. აქ არ არის ვინმეს მოდუნებაზე საუბარი, არც მთავრობის, არც მოქალაქის. არამედ, საუბარია იმაზე, რომ ჩვენ მოქალაქეებსაც და ეკონომიკასაც მივეცით შესაძლებლობა, რომ საბოლოოდ არ გაგვენადგურებინა არც ეკონომიკა და არც ჩვენი მოქალაქეების ფსიქოლოგიური მდგომარეობა", - განაცხადა გიორგი გახარიამ. 
პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ ბრიფინგზე განცხადებები ასევე გააკეთეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ და ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ. 

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური