საქართველოს მთავრობა – 2020 წლის სიახლეები

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე, ატარონ პირბადეები, დაიცვან სოციალური დისტანცია და მაქსიმალურად შეიკავონ თავი არასაჭირო თავყრილობებში მონაწილეობისგან ამოსაბეჭდი ვერსია

2020-09-14

  ..

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანთან, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტსა და ჩხაკაურასთან, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისთან საკონტროლო პუნქტები მოეწყო, სადაც ყველა შემსვლელი და გამომსვლელი ტესტირებას და თერმოსკრინინგს დაექვემდებარება; სასწავლო პროცესი კი ამ სოფლებში 1-ელ ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში წარიმართება, - აღნიშნული გადაწყვეტილებები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მიიღო.

საბჭომ განიხილა ქვეყანაში არსებული ვითარება და ბოლო დღეების განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების დინამიკა. აღინიშნა, რომ გასული 24 საათის განმავლობაში ვირუსით ინფიცირების 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, თუმცა მდგომარეობა კონტროლდება და მთავრობა პროცესს სრულად მართავს, შესაბამისად, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის ან სრული კარანტინის გამოცხადება არ იგეგმება. შეზღუდვები წესდება ლოკალურად, კონკრეტულად იმ ზონებში, სადაც ვირუსის გავრცელება უფრო მეტად ხდება. აღინიშნა, რომ ის ქვეყნები, რომლებმაც განსაკუთრებული ზომები არ მიიღეს და თავის დროზე ქვეყანაში სრული კარანტინი არ გამოაცხადეს, გაცილებით დიდი ჰუმანური, სოციალური და ეკონომიკური დანაკარგების წინაშე დადგნენ.

საბჭოს სხდომაზე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნასთან ერთად, მოსალოდნელი იყო ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა, შესაბამისად სახელმწიფო, ჯანდაცვისა და ჰოსპიტალური სექტორი შემთხვევების სწრაფი, ეფექტური გამოვლენისა და მკურნალობისთვის მოემზადა.

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მოქალაქეებს დღეს კიდევ ერთხელ მოუწოდა,  გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე, ატარონ პირბადეები, დაიცვან სოციალური დისტანცია და მაქსიმალურად შეიკავონ თავი არასაჭირო თავყრილობებში მონაწილეობისგან.

ამასთან, შესაბამისი უწყებების მხრიდან მკაცრად კონტროლდება მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული რეგულაციების აღსრულება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოსახლეობას მიმართავს, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი წესრიგის დაცვაში შესაბამის უწყებებს, ვინაიდან თითოეულ მოქალაქეს ეკისრება გარკვეული პასუხისმგებლობა, რათა მათი მხრიდან ელემენტარული წესების დაუცველობამ ვირუსის კიდევ უფრო მეტად გავრცელება არ გამოიწვიოს.

ამასთან, 15 სექტემბრიდან ძალაში შედის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, სავალდებულო კარანტინის ვადა 12-დან 8 დღემდე მცირდება. კარანტინში მყოფ პირს მე-8 დღეს ჩაუტარდება ტესტი, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კი მე-9 დღეს დატოვებს კარანტინს და მე-12 დღეს სავალდებულოდ გამოცხადდება შესაბამის დაწესებულებაში PCR ტესტის განმეორებით ჩასატარებლად. გარდა ამისა, 15 სექტემბრიდან, საქართველოში შემომსვლელ იმ ქვეყნების მოქალაქეებსა და რეზიდენტებს, რომლებთანაც მოქმედებს ნაცვალგების პრინციპი და ამ დრომდე ქვეყანაში თავისუფლად შემოდიოდნენ, მოეთხოვებათ ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის პასუხის წარმოდგენა.

საბჭომ ასევე განიხილა კორონავირუსით ინფიცირებული უსიმპტომო პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის პროცესი, რომლებიც მკურნალობას საკარანტინო სივრცეში განაგრძობენ. ამ ეტაპზე ასეთია 155 პაციენტი, რომელთა ჯანმრთელობის მეთვალყურეობას შესაბამისი სამედიცინო პერსონალი 24-საათიან რეჟიმში ახორციელებს. როგორც ცნობილია, არასრულწლოვნები, 65 წელს გადაცილებული და სხვა თანმხლები ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები სასტუმროებში სამკურნალოდ არ გადავლენ.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2392 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 1369 პირი გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაცვლილია 19 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 6633 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 836 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური